ნეიმარის პრეზენტაცია - 57 მლნ ევრო, 56 ათასი მაყურებელი, 334 ჟურნალისტი [VIDEO]

AutoSharing Option
3 ივნისს "ნოუ კამპზე" "ბარსელონას" ვარსკვლავური ახალწვეულის, ნეიმარის პრეზენტაცია გაიმართა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ბარსელონაში ჩავიდა და უმალ სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაემგზავრა. ამის შემდეგ კი 21 წლის ბრაზილიელი კატალონიური პუბლიკის წინაშე წარსდგა.

"ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ზლატან იბრაჰიმოვიჩის პრეზენტაციას დაესწრო - 2009 წელს "ნოუ კამპზე" 50 000-მდე ადამიანი მივიდა.

პრესაში ვარაუდობდნენ, რომ ნეიმარის წარდგენა ამ რეკორდს დაამხობდა და პირველადი მონაცემებით, ვარაუდი გამართლდა - 3 ივნისს "ნოუ კამპზე" 60 000-მდე გულშემატკივარი იყო, თუმცა ზოგიერთი წყაროს ცნობით, სტადიონზე 40 000-მდე ქომაგი იმყოფებოდა.

იხილეთ
ვიდეო
Sportall.Ge

პრეზენტაციამდე ბრაზილიელის ტრანსფერზე საკუთარი მოსაზრება ძალიან ბევრმა ადამიანმა დააფიქსირა. მათ შორის იყო ანდრეს ინიესტაც:

"საუკეთესო ფეხბურთელები ერთმანეთს ყოველთვის კარგად უგებენ. ლეო ნეიმარზე უკეთესი იქნება, ნეიმარი - ლეოზე. ნეიმარი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერია, ის "ბარსელონას" გააძლიერებს და ვფიქრობ, ჩვენი კლუბისთვის იდეალური შენაძენია".

სტადიონზე შეკრებილი ქომაგები დღის გმირს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. საბოლოოდ, როგორც იქნა, ისიც გამოჩნდა და პუბლიკამ "ბარსელონას" ჰიმნის ფონზე ბრაზილიელის გვარის სკანდირება დაიწყო. ამას ტრადიციული რიტუალები: ბურთის აკენწვლა, ფოტოკორესპონდენტების წინაშე პოზირება და მცირე ინტერვიუ მოჰყვა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ნეიმარმა პირველი სიტყვები კატალონიურად წარმოთქვა, რამაც გულშემატკივრები აღაფრთოვანა. აი, რა თქვა ბრაზილიელმა:

"საღამო მშვიდობისა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელი გავხდი".


ამის მერე მან უკვე პორტუგალიურად განაგრძო:

"ეს ძალიან ემოციური დღეა. აღფრთოვანებული ვარ იმის გამო, რომ ასეთ დიად კლუბში ჩავირიცხე. დღეს მე ოცნება ავისრულე. მსურს, რომ "ბარსელონას" და მესის დავეხმარო იმაში, რომ ისინი მსოფლიოში კვლავ საუკეთესონი იყვნენ. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც მესისთან ერთად ვითამაშებ".

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ნეიმარი ისევ ბრაზილიაში დაბრუნდა, სადაც ნაკრებთან ერთად ამხანაგური მატჩისთვის (9 ივნისს, საფრანგეთთან) და კონფედერაციის თასისთვის მოემზადება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული