ბერნდ შუსტერი: "რეალმა" "ბაიერნს" უნდა მიჰბაძოს!

AutoSharing Option
ბერნდ შუსტერის აზრით, მადრიდის "რეალმა" მიუნხენის "ბაიერნს" უნდა მიჰბაძოს - ეს განცხადება "მალაგაში" დანიშნულმა 53 წლის გერმანელმა სპეციალისტმა გაზეთ "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. გარდა ამისა, ბერნდმა გერმანიაში მუშაობის შესაძლო პერსპექტივაზე, მიუნხენის "ბაიერნზე" და მის ახალ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლაზეც ისაუბრა.

შუსტერის თქმით, მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელებს შეუძლიათ იამაყონ იმით, რომ გვარდიოლა დაითანხმეს - ბერნდმა პეპი საუკეთესო ეპითეტებით შეამკო:

"პეპი ყველაფერს ხედავს და გუნდთან ყოველთვის ძალიან ახლოსაა. ლუის ვან გაალის დარად, გვარდიოლა შეგირდებისგან ყველა ვარჯიშზე 100 პროცენტით დახარჯვას ითხოვს. მას აქვს როგორც ვარსკვლავებთან,
ისე უბრალო მოთამაშეებთან ჯანსაღი ურთიერთობის უნარი. ყველაზე მეტად კი მასში ის მომწონს, რომ გვარდიოლა არასდროს არაა დამოკიდებული იღბალზე," -
აცხადებს შუსტერი ხსენებულ ინტერვიუში.

ბერნდის აზრით, "ბაიერნისთვის" პრობლემას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გუნდმა წინა სეზონში ჰეთ-თრიკი შეასრულა და რომ შესაბამისად, რეკორდმაისტერი ახალ სეზონში მძიმე წნეხის ქვეშ იქნება მოქცეული: "გვარდიოლამ სრულყოფილი გუნდი ჩაიბარა და მჯერა, რომ იუპ ჰაინკესის საქმეს ღირსეულად გააგრძელებს. თანაც, დარწმუნებული ვარ, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელები მას ჰეთ-თრიკის გამეორებას არ მოსთხოვენ."

შუსტერი მიიჩნევს, რომ "ბაიერნი" მადრიდის "რეალისთვის" მისაბაძ მაგალითად უნდა იქცეს: "რეალმა სწორედ "ბაიერნს" უნდა მიჰბაძოს. მადრიდელებს ჩემპიონთა ლიგის მეათედ მოგება ისეთი გზით სურთ, რომელიც წარუმატებლობისთვისაა განწირული, ხოლო "ბაიერნის" ხელმძღვანელებს, ჰიონესს, რუმენიგეს და ზამერს გაცილებით უკეთესი და უფრო რეალური კონცეფცია აქვთ."

შუსტერი მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატსაც შეეხო და თქვა, რომ გერმანიის ნაკრები ვალდებულია, ამ უდიდეს საფეხბურთო ზეიმზე მიზნად მხოლოდ და მხოლოდ პირველობა დაისახოს. "მესმის, რომ წნეხი არავის უყვარს, მაგრამ გერმანიის ნაკრები დიახაც უნდა მოექცეს წნეხის ქვეშ. ბუნდესგუნდი შესანიშნავად თამაშობს და ვალდებულია, ტიტული მოიგოს," - მიიჩნევს შუსტერი.

ბერნდმა "მალაგასთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამბობს, რომ ანდალუსიური კლუბის შემდეგ ბუნდესლიგაში მუშაობაზე სერიოზულად იფიქრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოფიციალურად: ბერნდ შუსტერი "მალაგას" მთავარი მწვრთნელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული