ესპანეთი. ლა ლიგა. III ტურის შეჯამება და სიმბოლური: ვიდრე გარეთი მოვა

AutoSharing Option
ლა ლიგის III ტური ოდნავ დაჩრდილა ბოლო სატრანსფერო ამბებმა, განსაკუთრებით, გარეთ ბეილის ტრანსფერით მსოფლიოს ახალი რეკორდის დამყარებამ და კარს მომდგარმა სანაკრებო ბატალიებმა, თუმცა ტურნირზეც ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა:

ლეო მესის პირველი ჰეთ თრიკი სეზონში, კრიშტიანო რონალდოს პირველი გოლი სეზონში, "ატლეტიკოს" სერიოზული "მესიჯი" და "ვილიარეალის" მორიგი სიურპრიზი...

ლიდერები და აუტსაიდერი
დღეისათვის ლა ლიგის 20 გუნდიდან მხოლოდ 5-ს ჰყავს უცხოელი მწვრთნელი და მათგან 3 ქულის დაუკარგავად თანალიდერობს ცხრილში: არგენტინელი ხერარდო მარტინოს "ბარსელონას" (ბურთების შეფარდება 11:2), მისი თანამემამულე დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" (10:2) და
იტალიელი კარლო ანჩელოტის "რეალს" (6:2) 9-9 ქულა აქვს. მათ დავაში ჩაერია სეგუნდადან აღზევებული "ვილიარეალი" (8:3), რომელსაც ლიდერთაგან ერთადერთს ჰყავს ესპანელი თავკაცი (მარსელინო). როგორც ხედავთ, ლიდერ კვინტეტს ბილბაოს "ატლეტიკი" გამოაკლდა, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" დამარცხდა - 1:3.

ცხრილის ფსკერზე კი "ოსასუნაა" - ნავარულ კლუბს კატასტროფული სტარტი აქვს - 0 ქულა, ერთადერთი გოლი 3 თამაშში. ხოსე ლუის მენდილიბარს უკვე ცუდად აქვს საქმე, "ვილიარეალთან" მატჩში მე-3 გოლის შემდეგ პუბლიკამ პროტესტის ნიშნად სტადიონი დატოვა.

მესი "მესტალიაზე"
ტურის ცენტრალური მატჩი "მესტალიაზე" გაიმართა, სადაც "ვალენსიამ" და "ბარსამ" საოცარი პირველი ტაიმი უჩვენეს მაყურებელს - ლეო მესის ჰეთ თრიკით ჩემპიონი დაწინაურდა და როცა ბევრს ეგონა, "ღამურებს" განადგურება არ ასცდებოდა, ტაიმის ბოლომდე პორტუგალიელმა ელდერ პოშტიგამ დუბლის შესრულება მოასწრო - 2:3. თუმცა ამაზე მეტს მიროსლავ ჯუკიჩის გუნდმა ვეღარ მიაღწია და ჩემპიონატში 3 ქულის ამარა დარჩა.

შესანიშნავი სეზონი აქვს ვიქტორ ვალდესს. მართალია, ამჯერად მას კარი მშრალად აღარ შეუნახია, მაგრამ "ბარსას" გამარჯვებაში მესისთან ერთად ლომის წილი დაიდო.
ჩემპიონი ამ შეხვედრაში ტრავმების გარეშე ვერ გადარჩა: სერხიო ბუსკეტსმა ფეხში ტკივილი იგრძნო. მას დამატებითი ტესტირება დასჭირდება, რომ ექიმებმა გაიგონ, რამდენად სერიოზულია ტრავმა. ხავიერ მასკერანომ კი შეჯახებისას მცირე ტვინის შერყევა მიიღო, თუმცა საგანგაშო არაფერია.

* ლიონელ მესიმ სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო - დუბლი და ჰეთ თრიკი ორ მატჩში (ერთი ტრავმის გამო გამოტოვა). არგენტინელი 5 გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერობს და უახლოეს მდევარს 2 გოლით უსწრებს.
* მესიმ "ბარსელონას" მაისურით 23-ე ჰეთ თრიკი შეასრულა.
* სულ ლეოს პროფესიულ კარიერაში 26 ჰეთ თრიკია (3 სანაკრებოა).
* მესიმ გაუსწრო ქუინის და ახლა 220 გოლით "ბარსელონას" ისტორიაში მე-5 ადგილზეა ბომბარდირებში. ერთი გოლიც და ის მე-4 ადგილზე მყოფ სესარს გაუსწრებს.
* "ბარსელონას" 13 ფეხბურთელია გამოძახებული სხვადასხვა ნაკრებში ამ დღეებში.

ტურის და ჩემპიონატის ციფრები
* ჰეთ თრიკი შეასრულა ლიონელ მესიმ (ბარსელონა) "ვალენსიას" კარში.
* დუბლი შეასრულეს: ისკომ (რეალი) "ბილბაოს" კარში; ელდერ პოშტიგამ (ვალენსია) "ბარსელონას" კარში და კევინ გამეირომ (სევილია) "მალაგას" კარში.
* ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია: დავიდ კოსტასი (სელტა) - 18 წლის.
* ჩემპიონატში გაიმართა 30 მატჩი, რომლებშიც გავიდა 89 გოლი. საშუალო შედეგიანობა არის 2,97 მატჩი თამაშში.
* ამ სეზონში უკვე 2 ავტოგოლი ვიხილეთ.
* 30-დან მხოლოდ 2 მატჩი დასრულდა უგოლოდ.
* ყველაზე უხვგოლიან მატჩში 7 გოლი გავიდა.
* ყველაზე მეტი გოლი "ბარსას" ანგარიშზეა - 11.
* ყველაზე მეტმა ფეხბურთელმა "ატლეტიკოში" გამოიჩინა თავი - 7-მა ფეხბურთელმა 10 გოლი გაიტანა. შემდეგ მოდის "ბარსა" - 6 ფეხბურთელი - 11 გოლი.
* მესის ჰეთ თრიკი "ვალენსიას" კარში იყო პირველი ჰეთ თრიკი ჩემპიონატში.
* ჩემპიონატში დუბლების რიცხვი უკვე 9 არის.
* ჯერჯერობით ლა ლიგის 2013/14 წლების სეზონში 252-მა ესპანელმა ითამაშა.
* შემდეგ მოდიან: არგენტინელები (25), ბრაზილიელები (16), პორტუგალიელები (14) და ფრანგები (13).
* ესპანეთში ყველაზე ხშირად ისევ 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემას იყენებენ.
* ოდნავ განსხვავებული ტაქტიკით თამაშობს "ვილიარეალი" (4-4-2), "ატლეტიკო" (4-4-2), "მალაგა" (4-1-4-1), "სელტა" (4-3-3) და "ბარსელონა" (4-3-3).
* ყველაზე სწრაფი გოლი კორომინასმა (ელჩე) გაიტანა II ტურში, "რეალ სოსიედადის" კარში - წუთი და 18 წამი.
* ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი მიიღო "სევილიამ" - 10.
* ყველაზე მეტი წარმომადგენელი ლა ლიგაში ჰყავს ანდალუსიას - 5. შემდეგ მოდის მადრიდი და ვალენსია - 4-4.
* საშუალოდ მატჩს 26 447 მაყურებელი ესწრება.

სიმბოლური ნაკრები, "ლელოს" ვერსიით

Sportall.Ge

ბომბარდირები: 5 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 3 - ისკო (რეალი), როდრი რიოსი (ალმერია), დიეგო კოშტა (ატლეტიკო), ელდერ პოშტიგა (ვალენსია).

ასისტენტები: 4 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა).

მომდევნო ტური
14 სექტემბერი:
ატლეტიკო-ალმერია, ლევანტე-სოსიედადი, ბარსელონა-სევილია, ვილიარეალი-რეალი.

15 სექტემბერი:
გრანადა-ესპანიოლი, ხეტაფე-ოსასუნა, მალაგა-რაიო ვალეკანო, ბეტისი-ვალენსია.

16 სექტემბერი:
ელჩე-ვალიადოლიდი, ატლეტიკი-სელტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. III ტური: მესის სამი, რონალდოს პირველი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული