ესპანეთი. ლა ლიგა. IV ტურის შეჯამება და სიმბოლური: ბასკების და ბეილის წარმატებული დებიუტი

AutoSharing Option
ლა ლიგის მეოთხე ტურის შეჯამება ორშაბათს გამართული მატჩებით დავიწყოთ. უფრო სწორედ, ერთი მატჩით, რადგან "ელჩე"-"ვალიადოლიდის" დაპირისპირებაზე სათქმელი ბევრი არაფერია...

წარმატებული სტარტი ახალ "სან მამესზე"
16 სექტემბერი ბილბაოს "ატლეტიკისთვის" ისტორიული დღე იყო. ბასკების სიამაყე ახალ სტადიონზე პირველ შეხვედრას ატარებდა. "სან მამეს ბარია" ბოლომდე გაივსო (ერთი ტრიბუნა ჯერ კიდევ არ აშენებულა) და რა თქმა უნდა, მასპინძელთა ქომაგები საკუთარი გუნდისგან მხოლოდ გამარჯვებას ითხოვდნენ. საბოლოოდ, "ბილბაოს" გულშემატკივრებმა სასურველი კი მიიღეს, მაგრამ რომ არა შარლესის მიერ გაფუჭებული 11-მეტრიანი, კაცმა არ იცის, მოახერხებდა თუ არა "ატლეტიკი"
სამი ქულის აღებას.

სეგუნდა დივიზიონის შარშანდელი სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა ანგარიში მატჩის დებიუტში გახსნა და ახალ სტადიონზე პირველი გოლიც გაიტანა, თუმცა მასპინძლებმა მალე გაათანაბრეს - მიკელ სან ხოსემ ჯარიმის შემდეგ იხეირა. შეხვედრის ერთ-ერთი გადამწყვეტი ეპიზოდი კი 27-ე წუთზე მოხდა - შარლესმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა და მატჩის გმირიდან უმალ ანტიგმირად გადაიქცა.
მეორე ნახევარში უპირატესობას "ატლეტიკი" ფლობდა, რაც ორ გოლშიც აისახა - თავი ჯერ ანდონი ირაოლამ გამოიჩინა, რამდენიმე წუთში კი ბენიატმა "ბილბაოს" მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო.

მართალია, "სელტამ" სხვაობის შემცირება შეძლო, მაგრამ ლუის ენრიკეს შეგირდებმა ქულის გადარჩენა ვერ მოახერხეს და სეზონში პირველი მარცხი განიცადეს.

მსაჯობით უკმაყოფილო სევილიელები
"სევილიას" ფეხბურთელები სესარ მუნის ფერნანდესის გარჯით უკმაყოფილონი დარჩნენ და მათ ამის საბაბი ნამდვილად ჰქონდათ. "ბარსელონა"-"სევილიას" მატჩის არბიტრმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რომელთაგანაც ყველაზე უცნაური ხუან კალას მიერ წესების სრული დაცვით გატანილი გოლის გაუქმება გახლდათ. ესპანელი ჟურნალისტები დღემდე მსჯელობენ იმაზე, თუ რა გახდა გოლის არჩათვლის მიზეზი, მაგრამ უშედეგოდ - მუნის ფერნანდესი დედამიწის ზურგზე ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც იმ ეპიზოდში წესების დარღვევა დაინახა.

ამ ეპიზოდის გარდა, კიდევ რამდენიმე საკამათო მომენტიც იყო. მაგალითად, სტუმრებს მიაჩნიათ, რომ გადამწყვეტი გოლის ეპიზოდში, ლიონელ მესიმ ალბერტო მორენოს ხელით დაქაჩა და თამაშის წესები დაარღვია. კალას გოლის ეპიზოდისგან განსხვავებით, ამ სიტუაციაში ერთმნიშვნელოვნად რაიმეს თქმა რთულია...

რომ ითამაშოს მერე რას იზამს
იმავე შეხვედრაში, ალექსის სანჩესის გოლის შემდეგ, "ბარსელონას" სათადარიგოთა სკამზე მყოფ ფეხბურთელებს და "სევილიას" სათადარიგო მოთამაშეებს შორის შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც, "ბარსას" სარეზერვო მეკარემ, ხოსე პინტომ ყვითელი ბარათი მიიღო.

საინტერესოა, რომ პინტოს "ბარსელონაში" სულ 3 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აქვს მიღებული და აქედან, მინდორზე ყოფნის დროს მხოლოდ ერთი გაფრთხილება დაიმსახურა, დანარჩენი ორი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი კი სკამზე მჯდომმა მიიღო.

ბეილის გოლიანი დებიუტი
გარეთ ბეილმა პირველივე შეხვედრაში გაიტანა, მაგრამ მისმა გუნდმა ვერ მოიგო. უელსელის გარდა, დებიუტი ჰქონდა ასიერ ილიარამენდისაც - ორივე ახალწვეულმა მინდორზე თითო საათი გაატარა.

"რეალს" ძალიან გაუჭირდა და რომ არა დიეგო ლოპესის შესანიშნავი გარჯა "ელ მადრიგალიდან" ქულასაც ვერ წაიღებდა. ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა მასპინძელთა ერთ-ერთმა ლიდერმა კანიმ - 31 წლის ნახევარმცველმა ორივე გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო და გარდა ამისა, "სამეფო კლუბის" კარს არაერთხელ დაემუქრა.
შეხვედრის შემდეგ ლოპესი კარლო ანჩელოტიმაც გამოარჩია, რომელმაც ისიც განაცხადა, რომ მეკარეთა როტაციას მიმართავს და ჩემპიონთა ლიგაში კლუბის კარს იკერ კასილიასი დაიცავს.

ელ ჰამდაუი
ტურის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ მუნირ ელ ჰამდაუი გახდა. "მალაგას" ახალწვეულმა, რომელსაც აქამდე ანდალუსიელთა რიგებში სულ ერთი მატჩი, ისიც რამდენიმე წუთით ჰქონდა ნათამაშები, ჰეთთრიქი შეასრულა და გარდა ამისა აქტივში საგოლე გადაცემაც მიითვალა. მაროკოელის შესანიშნავი გარჯის წყალობით მისმა გუნდმა 5:0 მოიგო და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ელ ჰამდაუიმ ერთ შეხვედრაში სამი გოლი ბოლოს 2010 წელს გაიტანა, როდესაც "აიაქსის" რიგებში მოთამაშე ფორვარდმა "ვაალვაიკი" დაიბრიყვა. წინა სეზონი 29 წლის ფეხბურთელმა ფლორენციის "ფიორენტინაში" გაატარა და მთელი ჩემპიონატის განმავლობაში თავი ზუსტად სამჯერ გამოიჩინა.

ელჩე-ვალიადოლიდი 0:0
ელჩე (4-2-3-1): მანუ ერერა - დ. სუარესი, ბოტია, ლომბანი, ედუ ალბაკარი - რუბენ პერესი, ხავი მარკესი (81. კ. სანჩესი) - კარლეს ხილი, კორომინასი, ფიდელი (65. მანუ დელ მორალი) - ბოაკიე (69. აარონ ნიგესი)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დიეგო მარინიო - რუკავინა, მარკ ვალიენტე (55. რამა), ხესუს რუედა, პენია - სასტრე, ალვარო რუბიო - ო. რამოსი (71. ფ. როსი), ოსკარ გონსალესი, ბერგდიხი - ხავი გერა (81. მანუჩო)
გაფრთხილება: კორომინასი, ბოტია, აარონ ნიგესი, რუბენ პერესი - ალვარო რუბიო
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 18-9; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10-8 (5-4); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 23 570

ბილბაო-სელტა 3:2
გოლები: 0:1 შარლესი (14), 1:1 სან ხოსე (18), 2:1 ირაოლა (61), 3:1 ბენიატი (68), 3:2 სანტი მინა (79)
ბილბაო (4-2-3-1): იაგო - ირაოლა, სან ხოსე, გურპეგი, ლაპორტი - ერიკ მორანი, ბენიატი (82. დე მარკოსი) - სუსაეტა, ანდერ ერერა (70. მიკელ რიკო), მუნიაინი (74. იბაი გომესი) - ადურისი
სელტა (4-4-1-1): იოელი - უგო მალიო, ფონტასი, დავიდ კოსტასი, ტონი - ა. ფერნანდესი (72. სანტი მინა), ბორხა ოუბინა, ალექს ლოპესი (72. მადინდა), ნოლიტო (77. ორელიანა) - რაფაელ ალკანტარა - შარლესი
გამოუყენებელი პენალტი: შარლესი (27. სელტა)
გაფრთხილება: იაგო, სან ხოსე - ნოლიტო, რაფაელ ალკანტარა, უგო მალიო
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 7-18; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 16-8 (6-3); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 53 000

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 6 - მესი (ბარსელონა); 4 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო), როდრი (ალმერია); 3 - ისკო (რეალი), ჯოვანო დოს სანტოსი (ვილიარეალი), რაულ გარსია (ატლეტიკო), ელდერ პოშტიგა (ვალენსია), ელ ჰამდაუი (მალაგა), შარლესი (სელტა)

მომდევნო ტური
21 სექტემბერი:
ოსასუნა-ელჩე, სოსიედადი-მალაგა, ალმერია-ლევანტე, რაიო ვალეკანო-ბარსელონა, ვალიადოლიდო-ატლეტიკო
22 სექტემბერი:
ბეტისი-გრანადა, სელტა-ვილიარეალი, რეალი-ხეტაფე, ვალენსია-სევილია
23 სექტემბერი:
ესპანიოლი-ბილბაო

Sportall.Ge

მეკარე: დიეგო ლოპესი (რეალი)
მცველები: ირაოლა (ბილბაო), მასკერანო (ბარსელონა), ანტუნეში (მალაგა)
ნახევარმცველები: კანი (ვილიარეალი), ლანსაროტი (ესპანიოლი), ტიაგო (ატლეტიკო), ელიზეუ (მალაგა)
გამთამაშებელი: სალვა სევილია (ბეტისი)
თავდამსხმელები: ელ ჰამდაუი (მალაგა), მესი (ბარსელონა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. IV ტური: გრანდების გასაჭირი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული