მადრიდის "რეალი": 2014 წლის სამეფო პოკერი

AutoSharing Option
მართალია, 2014 წლის ოფიციალური ნაწილი მადრიდის "რეალისთვის" ტრიუმფით დასრულდა, თუმცა კალენდარულ წელს "სამეფო კლუბი" კიდევ ერთ თამაშს გამართავს - 30 დეკემბერს დუბაიში, "სევენს სტედიუმზე" იტალიურ "მილანს" დაუპირისპირდება.

საემიროებში "რეალი" და "მილანი" ამხანაგურად პირველად შეხვდებიან ერთმანეთს - აქამდე ყველა დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გაიმართა. გუნდებს შორის ძალთა თანაფარდობაა - მათ 6-6 მატჩი მოიგეს, 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

ეს შეხვედრა წლის დასაწყისში დაიგეგმა. ერთმანეთს არაბულ მიწაზე ევროპის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ხვდება. ჩემპიონთა თასის 10-გზის მფლობელი "რეალი" 7-გზის მფლობელ "მილანს" ხვდება.
ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კარლო ანჩელოტი და ფილიპო ინძაგი, რომელიც მისაბაძ მწვრთნელად სწორედ კარლეტოს მიიჩნევს.

კუნძულის სიამაყე
მაშინ, როცა გუნდის სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ მაროკოდან გზად მშობლიურ მადეირაზე შეიარა, "სამეფო კლუბი" მთელი შემადგენლობით მადრიდში დაბრუნდა, ხოლო საკლუბო მსოფლიოს თასმა, რომელიც გუნდმა მარაკეშში 20 დეკემბერს "სან ლორენსოსთან" ბრძოლაში მოიპოვა, საპატიო ადგილი დაიკავა "სანტიაგო ბერნაბეუს" მუზეუმში.

რონალდო ფუნშალში საკუთარი ძეგლის გახსნას დაესწრო, მაგრამ მხოლოდ ესეც არ იყო - მან კუნძულის უმაღლესი ჯილდო, "კორდაუ აუტონომიკო" მიიღო იქაური მთავრობისგან. "ჩემთვის დიდი პატივია მადეირაზე ჩამოსვლა, სადაც გავიზარდე და სადაც ჩემი მშობლების ფესვებია. დიდი პრივილეგიაა ჩემთვის, ვიყო მადეირელი ხალხის რჩეული", - განაცხადა კრიშტიანომ, რომლის ძეგლმაც (2,4 მეტრის სიმაღლის) ინტერნეტში ძალიან ბევრი საშაყირო შარჟი დაიმსახურა.

ტრიუმფული 2014
2014 წელი მართლაც დიდებული გამოდგა "რეალისთვის". გუნდმა ოთხი დიდი ტიტული მოიგო: დესიმა, ანუ ჩემპიონთა თასი მეათედ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის თასი, კოპა დელ რეი და ევროპის სუპერთასი. ყველაფერი კი აპრილში დაიწყო, როცა კარლო ანჩელოტის გუნდმა ბრწყინვალე გამოსვლა თასზე ფინალის მოგებით დააგვირგვინა და ოთხიდან პირველი ტიტულიც მოიპოვა.

ერთი თვის შემდეგ ლისაბონში "რეალმა" სანუკვარი დესიმა "ატლეტიკოსთან" ბრძოლაში მოიპოვა. აგვისტოში იკერ კასილიასი მორიგ ტიტულს უკვე კარდიფში ზეიმობდა, სადაც "რეალმა" კიდევ ერთი ესპანური გუნდი (სევილია) დაამარცხა და ევროპის სუპერთასი მოიგო. ყველაფერი კი ლოგიკურად მაროკოში დასრულდა, სადაც ფინალში არგენტინული "სან ლორენსო" იქნა ძლეული - 2:0.

ერთ კალენდარულ წელიწადში 4 ტიტული "რეალს" აქამდე არ მოუგია, სამ-სამი კი სამჯერ: 1957 წელს (ევროპის ჩემპიონთა თასი, ლა ლიგა, ლათინების თასი); 1989 წელს (ლა ლიგა, კოპა, ესპანეთის სუპერთასი) და 2002 წელს (ევროპის ჩემპიონთა თასი, ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი).

გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროოსი ზედიზედ მეორე წელია, მსოფლიოს საკლუბო თასს ეუფლება. შარშან ეს მან "ბაიერნის" რიგებში შეძლო, ახლა კი ტრიუმფი "რეალთან" ერთად მოიწყო. ის პირველი ფეხბურთელია, ვინც ზედიზედ შეძლო ამ პრიზის მოგება. კროოსს მართლაც ფანტასტიკური წელიწადი გამოუვიდა - ზაფხულში ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ნაკრებებს შორის, ზამთარში კი - კლუბებს შორის, თუმცა ამ მიღწევას ის უკვე უყოფს თანამემამულე სამი ხედირას.

"რეალის" ფერგიუსონი?
კარლო ანჩელოტის წყალობით, ფლორენტინო პერესმა თავისი პრეზიდენტობის საუკეთესო წელიწადი დაასრულა. ამიტომაც არ იშურებს ის ქათინაურებს იტალიელი თავკაცისადმი. მეტიც, პერესმა სიტყვასიტყვით განაცხადა: "ჩვენი სურვილია, რომ კარლო ანჩელოტი "რეალის" ფერგიუსონი გახდეს".

სხვათა შორის, ოთხი ტიტული მხოლოდ პრესტიჟი არ არის - "სამეფო კლუბმა" ამ ოთხი ტურნირის მოგებით, მხოლოდ საპრიზო ფონდით 65 მილიონი ევრო მოიგო. "რეალის" შემოსავალმა კი წლის ბოლოსთვის დაახლოებითი გათვლებით, 600 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა. ნებისმიერ გუნდს, რომელიც "ბლანკოსთან" ამხანაგური მატჩის გამართვას მოინდომებს, სულ მცირე, 2 მილიონ ევროს გაიღებს.

2014 წელს "რეალმა" 85 ქულა დააგროვა, 6-6 ქულით მეტი, ვიდრე "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ", რომელთაც ერთი მატჩით მეტი გამართეს.

მარსელოს ტრავმა
მოკლედ, "სამეფო კლუბში" ყველაფერი კარგადაა, მაგრამ იდეალურამდე მაინც ცოტა დააკლდა, რადგან ტრავმირებულ ლუკა მოდრიჩს ბრაზილიელი მარსელოც შეემატა. მარაკეშში მიღებული ტრავმა მცველს სამი კვირით იძულებით დაასვენებს.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ კუნთი დაზიანებულია, თუმცა, საბედნიეროდ, მას ოპერაცია არ დასჭირდება, უბრალოდ - დრო ტრავმის მოსაშუშებლად. არადა, 26 წლის მარსელო კარიერის პიკზე იყო. "რეალს" მარცხენა მცველის პრობლემა არა აქვს, ფაბიო კოენტრაო მწყობრშია და მას შეუძლია ბრაზილიელის დროებით შეცვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული