"რეალმა" 2:1 იმარჯვა არცთუ დამაჯერებელი თამაშით და ლა ლიგას 4-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, მაგრამ კარლო ანჩელოტის ეს სამი ქულა ძალიან ძვირად დაუჯდა: "ლოს მერენგესმა" ორი მოწინავე ფეხბურთელი დაკარგა, მასპინძელთათვის მე-9 და 27-ე წუთები სავალალო გამოდგა. ჯერ სერხიო რამოსმა დაიზიანა კუნთი და მოედანი დატოვა, შემდეგ ჯეიმს (ხამეს) როდრიგესმა, რომელმაც მანამდე შესანიშნავი გოლი გაიტანა, მცირე მოტეხილობის გამო მოედანი დატოვა.
უცნაურია, მაგრამ როცა "რეალი" ყველაზე ცუდად თამაშობდა, სწორედ მაშინ გაიტანა ხამესის და ხესეს წყალობით და როცა თამაში დაალაგა, მაშინ გაუშვა (ასპასი).
ამ შეხვედრის პირველი ტაიმი ფათერაკებით აღსავსე გამოდგა, ქარიმ ბენზემა საჰაერო ორთაბრძოლაში მუხლით წავიდა ბეტუზე და პორტუგალიელ გოლკიპერს ხერხემლის დაფიქსირება დასჭირდა, ბეტუ კლინიკაში გააქანეს.
ამიერიდან, "რეალი" "ბარსელონას" 4 ქულით უსწრებს, თუმცა სეზონის ბოლომდე კიდევ 17 ტურია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
მარსელო - 300
ეს მატჩი საიუბილეო, მე-300 იყო მადრიდის "რეალის" მაისურით ბრაზილიელი მარსელოსთვის. ეს მცველი 18 წლის ასაკიდან თამაშობს "სამეფო კლუბში" და აგერ, უკვე მე-9 სეზონია, "რეალის" ერთგულია. მარსელოს 300 მატჩიდან 217 ლა ლიგაზე მოდის, 51 ევროთასებზე, 23 კოპა დელ რეიზე, 6 ესპანეთის სუპერთასზე, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და ერთიც ევროპის სუპერთასზე. მიუხედავად იმისა, რომ მცველია, მარსელომ 300 მატჩში 20 გოლი გაიტანა. 300-დან 215 მატჩი "რეალის" მოგებით დასრულდა, რაც პროცენტულად 72-ს შეადგენს.
დღეისათვის მარსელო კლუბის ისტორიაში (ლა ლიგაში) მე-4 ადგილზეა ლეგიონერებს შორის თამაშების რაოდენობით. მას მხოლოდ რობერტო კარლოსი (370 თამაში), ალფრედო დი სტეფანო (282) და სანტამარია (226) უსწრებენ.
"რაც ევროპაში ვარ, ყოველთვის მხოლოდ "რეალის" მაისურით თამაში მინდოდა. ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეც მისი წევრი ვარ", - განაცხადა მარსელომ მატჩის შემდეგ.
მატჩის შემდგომ
კარლო ანჩელოტი ("რეალის" თავკაცი): "სულაც არ ვფიქრობ, რომ ლა ლიგის ჩემპიონის ბედი უკვე გადაწყვეტილია, თუმცა ჩვენ დღეს მივაღწიეთ იმას, რაც გვინდოდა. ძალიან მძიმე მატჩი იყო, ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა, ბევრი იბრძოლა და ხასიათი გამოავლინა. მე ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი დავრჩი. მეორე ტაიმში გოლის გატანის უამრავი შანსი გვქონდა. "სევილია" საჰაერო დუელებში გვჯობდა, რაც ნორმალურია, მეტოქის გუნდში ბევრი მაღალი ფეხბურთელია. საბოლოო ჯამში, გამარჯვება ჩვენ დავიმსახურეთ. დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელებიც დავკარგეთ, მაგრამ ამაზე არ ვიწუწუნებ, სხვა ბიჭების იმედიც მაქვს. ნაჩოსა და ვარანის წყვილმა დაცვის ცენტრში ძალიან კარგად ითამაშა, მე მათი დიდი იმედი მაქვს. ჩვენ გავაპროტესტებთ მარსელოს ყვითელ ბარათს, რადგან ის მეტოქეს საერთოდ არ შეხებია".
ედეგორის დებიუტი
ნორვეგიელმა თინეიჯერმა მარტინ ედეგორმა პირველად მოირგო "რეალის" ფორმა, მან "რეალ მადრიდ კასტილიას" ამხანაგურ მატჩში ითამაშა "ბეიჯინ გუოანთან". ეს შეხვედრა 3:3 დასრულდა, მარტინმა კი ორი საგოლე პასი გააკეთა. სხვათა შორის, ედეგორი მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა. ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"