13:04 19-08-2015
ესპანეთის სუპერთასი. II მატჩი: ტიტული 31 წლის შემდეგ
AutoSharing Option
"ბილბაოსთვის" ამ გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შესაძლოა, ესპანეთის სუპერთასი "ბარსელონასთვის" ბევრს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ბასკებისთვის ეს იყო პირველი ტიტული 1984 წლის შემდეგ. ასე რომ, ვალვერდეს შეგირდები უკვე ახალი სეზონის გმირები არიან.
პირველ მატჩში 0:4 წაგების მიუხედავად, ბევრი იყო ისეთი, ვისაც განმეორებით მატჩში "ბარსელონას" "რემონატადასი" ეჯერა. ლუის ენრიკემ ამ მომენტისთვის უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა (ალბა და ნეიმარი ტრავმირებულები არიან), მაგრამ მაინც ვერაფერი მოუხერხა "ბილბაოს" აწყობილ თამაშს.
თუ პირველი ტაიმის ბოლო წუთებს არ ჩავთვლით, მატჩის პირველი ნახევარი ვალვერდეს სცენარით წარიმართა. ბასკები შესანიშნავად იცავდნენ თავს და "ბარსელონას" არაფრის შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ. მესის გოლამდე მხოლოდ პიკეს დარტყმის გახსენება შეიძლება, როცა ძელს მოხვდა ბურთი. ტაიმის ბოლო ნაწილი კი "ბარსამ" მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა და მესის გოლი ამ შტურმის ლოგიკური დასასრული იყო. რაკიტიჩმა სუარესს მიაწოდა, რომელიც საჯარიმოში ლაპორტს გაუსწორდა და შედეგიანი პასი მისცა მესის.
შესვენების შემდეგ გუნდებმა იმავე სტილში გააგრძელეს - თითქოს დასასვენებლად არც გასულანო.
"ბარსა" უმატებდა და შეიძლებოდა მისი საბოლოო წარმატების დაჯერება, მაგრამ საქმეში მთავარი არბიტრი ველასკო კარბალიო ჩაერია. პიკე აქტიურად გამოხატავდა პროტესტს გვერდითი მსაჯის მოქმედებაზე. იმდენად აქტიურად, რომ ველასკომ ის უყოყმანოდ გააძევა მოედნიდან. ამის შემდეგ მოედანზე მდგომარეობა დაიძაბა და მსაჯს ყვითელი ბარათების ჩამორიგება მოუწია.
იმ წუთებში "ბარსელონას" რომ გაეტანა, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად წასულიყო და "კამპ ნოუს" მართლაც ეხილა "რემონტადა", მაგრამ კარგად თამაშობდა ირაისოსი, ბოლომდე არ გამოუვიდა თამაში სუარესს, კიდევ რაღაც დააკლეს მასპინძლებმა... და 74-ე წუთზე, პირველ მატჩში ჰეთ-თრიკის ავტორმა ადურისმა ყველა საკითხი მოხსნა დღის წესრიგიდან. კლაუდიო ბრავომ ფანტასტიკური ბურთი მოიგერია პირველი მატჩის გმირისგან, მაგრამ პიკეს გარეშე დარჩენილმა დაცვამ იმავე ადურისს დამატების საშუალება მისცა.
ესპანეთის სუპერთასი მოიპოვა იმან, ვისაც ეს უფრო მეტად სურდა. "ბარსელონასთვის" კი ეს მატჩები სასარგებლო უნდა იყოს - რომ გუნდმა ღრუბლებში არ იფრინოს ოთხი მოპოვებული ტიტულის შემდეგ. 23 აგვისტოს გამოჩნდება - იყო თუ არა ეს გაკვეთილი კატალონიელებისთვის. ოთხ დღეში, "ბარსა" პრიმერას პირველ ტურში ისევ "ბილბაოს" შეხვდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული