გარეთ ბეილი: ჯერ არ ვართ საფრანგეთში

AutoSharing Option
"ბეტისთან" საშინაო მატჩის ერთ-ერთი გმირი (ორიდან) გარეთ ბეილი გახლდათ, რომელმაც მე-2 წუთზე თავურით დააწინაურა გუნდი სევილიელებთან დაპირისპირებაში, მეორე ტაიმის დასაწყისში მისი პასით გაიტანა ქარიმ ბენზემამ, ხოლო "ბეტისის" რბევა ისევ უელსელმა დაასრულა, როცა შორეული ულამაზესი დარტყმით ანგარიში 5:0 გახადა.


26 წლის ბეილი რაფამ იქ ათამაშა, სადაც ყველაზე მეტად უყვარს, ცენტრფორვარდის უკან. უელსელი Realmadrid TV-ის სტუმარი იყო და ცდილობდა, კითხვებზე ესპანურად ეპასუხნა:

- როგორ გრძნობდა გუნდი თავს ლა ლიგის სადებიუტო საშინაო მატჩის წინ?
- ჩვენ
არ ვიყავით კმაყოფილები "სპორტინგთან" მიღწეული შედეგით. ამიტომ "ბეტისთან" სულ სხვა თამაშის ჩვენება გვინდოდა. ჩვენი მიზანი "ბეტისის" დამარცხება და გულშემატკივრების გახარება იყო.

- ეს თქვენი მესამე სეზონია "რეალში", როგორ გრძნობთ თავს?
- დიდებულად. ვიმედოვნებ, რომ კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ და ტიტულებს მოვიგებთ.

- რა გხიბლავთ ყველაზე მეტად ქალაქ მადრიდში?
- მადრიდი ძალიან მომწონს, მომწონს აქაური რესტორნები, ლორი დიდებული გაქვთ. აქ ამინდი საოცარია, ისევე, როგორც ხალხი. ყველაზე მეტად პლასა სიბელესი მომწონს.

- რას გეუბნებიან ქუჩაში "რეალის" ფანები?
- ფანები ყოველთვის თბილად მექცევიან. ჩემთვის დიდი პატივია "რეალში" თამაში, ეს ახდენილი ოცნებაა. ამ გუნდისა და ამ ფანებისთვის ბოლომდე დავიხარჯები.

- "რეალს" ახალი მწვრთნელი ჰყავს. რა შეგიძლიათ გვითხრათ რაფა ბენიტესის შესახებ?
- რაფა მართლაც კარგი მწვრთნელია, ჩვენ ბოლომდე ვიხარჯებით ვარჯიშებსა და თამაშებზე, ბევრს ვმუშაობთ.

- რა პირადი მიზანი გაქვთ საამსეზონოდ?
- ჩემი სურვილია, კარგად ვითამაშო და გუნდს დავეხმარო. გუნდი შეკრულია და ჩვენ ყოველ თამაშში გამარჯვება და ყოველი ტიტულის მოგება გვსურს.

- აქამდე "რეალში" ყოფნიდან ყველაზე მეტად რომელი ეპიზოდი გახსენდებათ?
- ჩემთვის უდიდესი მომენტი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. ასევე კარგად მახსოვს მოგებული კოპა დელ რეი. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არაერთ ტიტულს მოვიგებთ.

- რა გახსოვთ დესიმას მოგებიდან?
- ჩემს სპორტულ ცხოვრებაში ლისაბონურ მატჩს უდიდესი ადგილი უკავია.

- თქვენ ფინალების ფეხბურთელს გეძახიან, რადგან ხშირად გაგაქვთ გოლები. გიმართლებთ?
- ფინალში გატანა მიყვარს, ამ შეგრძნებას არაფერი სჯობს.

- რას იტყვით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრაზე?
- ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის ურთულესი ტურნირია. კლუბების დონე ძალიან მაღალია. ამიტომ ყოველ თამაშში ომი მოგვიწევს.

- უელსის ეროვნულ ნაკრებს ევრო 2016-ზე გასვლა დაუსახავს მიზნად. როგორ აფასებთ თქვენს შანსებს?
- დიდი სურვილი გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის, მაგრამ ჯერ თავს საფრანგეთში მოხვედრილებად არ მივიჩნევთ, ძალზე რთული ბრძოლები გველის.

- მადლობა ინტერვიუსთვის...
- მადლობა თქვენ და იმედია, ჩემი ესპანურის გაგება შეძელით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული