ლა ლიგა. III ტურის წინ: ბარსელონოლოგი "ბარსელონას" წინააღმდეგ

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ეროვნულმა გუნდებმა სექტემბრის ბატალიები მოილიეს, ლა ლიგის გუნდები საბოლოოდ დაკომპლექტდნენ და ტურნირს რესტარტით აგრძელებენ. მესამე ტური დღეს იწყება და ორშაბათს სრულდება - ტურის მთავარი მოვლენა ბარსელონელების მადრიდში სტუმრობა და მადრიდელების ბარსელონაში ჩასვლაა, ოღონდ კლასიკო არაფერ შუაშია.

ცენტრი "კალდერონზე"
შაბათს "ვისენტე კალდერონზე" ტურის მთავარი მატჩია - დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" ჩემპიონ "ბარსელონას" მასპინძლობს. "ბარსას" ვარსკვლავებმა არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებთა შემადგენლობაში გაიბრწყინეს, ლიონელ მესიმ არგენტინა მექსიკასთან მარცხისგან იხსნა, როცა მეტოქის მეკარე მოისეს მუნიოსს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა.

ნეიმარი და რაფინია აშშ-სთან ამხანაგურ
მატჩში შეცვლაზე შევიდნენ. პირველმა დუბლი შეასრულა, რაფინიამაც გაიტანა. ეს პირველი გოლია მისთვის ბრაზილიის ნაკრებში. ფეხბურთელები ნელ-ნელა დაუბრუნდნენ "ბარსას" საერთაშორისო მატჩებიდან. ბუნებრივია, ყველაზე ბოლოს გუნდს სამხრეთამერიკელები შეუერთდნენ.

ლუის ენრიკეს ტრავმის გამო დააკლდება დანი ალვეში, მეკარე კლაუდიო ბრავო, დუგლას პერეირა და ალბათ, სერხი რობერტოც.

დიეგო სიმეონემ შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაასხვაფერა, მაგრამ, როგორც პირველმა ორმა ტურმა აჩვენა, "ატლეტიკო" მაინც სოლიდურად გამოიყურება. შეიძლება ითქვას, არაფრით ჩამოუვარდება შარშანდელ გუნდს. არადა, იმ გუნდიდან, რომელმაც 2013/14 წლების სეზონი მოიგო, ნახევარიღა დარჩა - მხოლოდ 14 ფეხბურთელია "ატლეტიკოში" საჩემპიონო შემადგენლობიდან.

ორივე გუნდი უდანაკარგოა, მათ ჯერ გოლიც არ გაუშვიათ. ასე რომ, ყოველმხრივ სერიოზული ჯახი გველის მადრიდში. სიტუაციას ამძაფრებს ჟერარდ პიკეს საკითხიც. "ბარსას" ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში ფანებმა ობსტრუქცია მოუწყეს და არ არის გამორიცხული, რომ იგივე "კალდერონზეც" გამეორდეს. დიდი ენთუზიაზმით ელის "ბარსასთან" მატჩს ფერნანდო ტორესი, რომელსაც სავსებით დამსახურებულად შეგვიძლია ვუწოდოთ "ბარსელონოლოგი" - ის 13-ჯერ დაუპირისპირდა ამ გუნდს და 9 გოლი გაუტანა!

ჯერჯერობით, უცნობია, სიმეონე ტორესს ანდობს სასტარტოში ადგილს ანტუან გრიზმანის მხარდამხარ თუ კოლუმბიელ ჯექსონ მარტინესს. "ლას პალმასთან" საშინაო მატჩში სასტარტოში სამხრეთამერიკელი იყო, "სევილიასთან" 3:0 მოგებულ შეხვედრაში კი - ელ ნინიო.

რონალდოს 517 წუთი
მადრიდის "რეალი", რომელიც სანაკრებო პაუზის წინ "აფეთქდა" "ბეტისთან" თამაშში, ბარსელონაში "ესპანიოლს" ეწვევა. რაფა ბენიტესს უკვე 100 დღე გაუხდა, რაც "რეალის" მწვრთნელია, თუმცა ჯერ ალბათ ადრეა ესპანელი თავკაცის ავკარგიანობაზე ლაპარაკი.

მადრიდელთა უელსელი სუპერვარსკვლავი გარეთ ბეილი სუპერფორმაშია და ამას სანაკრებო დონეზეც ამტკიცებს, მაშინ, როცა კრიშტიანო რონალდოს რაღაც სჭირს - პორტუგალიელმა ვერც ორ სანაკრებო თამაშში გამოიჩინა თავი. კრიშტიანოს 2009 წლის მერე ასეთი ცუდი პერიოდი არ ჰქონია - 517 წუთია, გოლი არ გაუტანია.

მიუხედავად ამისა, "რეალის" ყოფილი თავკაცი კარლო ანჩელოტი ამტკიცებს, რომ ფსონს ამ სეზონშიც რონალდოს ბომბარდირობაზე ჩამოდის. "ესპანიოლს" სეზონი ურიგოდ არ დაუწყია და საკუთარ "კორნელია ელ პრატზე" არაფერს დათმობს.

სხვა თამაშები
"სევილია", რომელმაც მოულოდნელად, ორი მარცხით დაიწყო ჩემპიონატი, ვალენსიაში ჩადის, მაგრამ "ლევანტესთან" სათამაშოდ. თავად "ვალენსია" ხიხონში "სპორტინგს" ესტუმრება. ორივე გუნდს ამ სეზონში ბევრი აქვს დასამტკიცებელი, უნაი ემერის "სევილიასა" და ნუნუ ესპირიტუ სანტუს "ვალენსიას" ვგულისხმობთ...

ლა ლიგა. III ტური
პარასკევი. 11 სექტემბერი
ლევანტე-სევილია 22:30
დისკვალიფიკაცია: სიმაო (ლევ)
ტრავმა: - პარეხა, კარიშო
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +3=4-9, (13-32)

შაბათი. 12 სექტემბერი
ესპანიოლი-რეალი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არავინ
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +4=6-24, (27-79)

სპორტინგი-ვალენსია 20:15
დისკვალიფიკაცია: - ბარაგანი
ტრავმა: ლორა (?), კასტრო (?), კასესი (?), ერნანდესი (?), კარმონა (?) - გომესი (?), რაიანი, ალვეში
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +1=3-4, (8-15)

ატლეტიკო-ბარსელონა 22:30
დისკვალიფიკაცია: - პიკე
ტრავმა: - რობერტო (?), ალვეში, ბრავო, პერეირა
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +8=7-15, (37-64)

ბეტისი-სოსიედადი 12:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მატილია (?), პეცელა, ტორესი (?) - მარტინესი (?), ნავასი, მარტინესი (?)
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +8=6-8, (31-27)

კვირა. 13 სექტემბერი
გრანადა-ვილიარეალი 14:00
დისკვალიფიკაცია: - სორიანო
ტრავმა: - ასენხო, მუსაჩიო
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +2=1-3, (4-8)

ბილბაო-ხეტაფე 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვილიამსი, მუნიაინი, ბოვედა (?), იტურასპე (?), ელუსტონდო (?), ბალენსიაგა (?) - იოდა, სარაბია (?)
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +8=7-7, (24-20)

სელტა-ლას პალმასი 20:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბლანკო - ლოპესი, კასტელიანო, არაუხო (?), ტანა (?)
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2=0-2, (6-7)

მალაგა-ეიბარი 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ველიგტონი, კოპი (?), კრუსი, ანხელერი (?), ფერეირა, კამაჩო - ირურეტა (?), ლილიო, ხიმენესი (?), გაიოსო
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=0-1, (2-2)

ორშაბათი. 14 სექტემბერი 
ვალეკანო-დეპორტივო 22:30
დისკვალიფიკაცია: ტონიო -
ტრავმა: კასტრო, ტიტო - კანი (?), ალბერტო (?), პაბლო, ბორხესი (?), ფაბრისიო (?), რიერა
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +3=5-4, (15-16)

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები 1998 წლიდან

ბომბარდირები: 2 - ადრიანი (ეიბარი), ბაკამბუ (ვილიარეალი), ბეილი (რეალი), ნოლიტო (სელტა), ხ. როდრიგესი (რეალი), სოლდადო (ვილიარეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული