"ვესტ ბრომვიჩში" საიდო ბერაჰინოს ამბოხი დასრულდა

AutoSharing Option
საიდო ბერაჰინოს ბუნტი მალევე დამთავრდა. ახალგაზრდა ფორვარდს ბრაზმა მალე გადაუარა და იგი ისევ ტონი პულისის განკარგულებაშია. ბერაჰინომ წინა ტურშიც ითამაშა "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში, იგი შეცვლაზე შევიდა მინდორზე.

არადა, მას მერე, რაც მისი ტრანსფერი არ შედგა და "ვესტ ბრომვიჩის" უფროსობამ საიდო არ გაუშვა, გულდაწყვეტილმა თავდამსხმელმა "ტვიტერზე" დაწერა "არასოდეს აღარ ვითამაშებო". იგი პირადად კლუბის მმართველს ჯერემი პისს მიმართავდა. ამის გამო, გუნდის სხვა ფეხბურთელებს ბერაჰინო მასხრად აუგდიათ.

კაპიტანი დარენ ფლეტჩერი მიიჩნევს, რომ ეს ბერაჰინოზე უკეთ იმოქმედებს, იგი განიტვირთება და ნელ-ნელა უკეთ ათამაშდება, თანაც ეს
შემთხვევა გაკვეთილად გამოადგება და მომავალში სანამ რამეს იტყვის ან იზამს, ჯერ დაფიქრდება. თანაც როგორც ჩანს, ვეტერან შოტლანდიელს სოციალური ქსელები არ უყვარს და მათი მომხმარებელი არ არის.

"ბიჭები მას ეხუმრებოდნენ. ზოგჯერ ეს საუკეთესო შესაძლებლობაა დაძაბულობის მოსახსნელად. დარწმუნებული ვარ ამ ხუმრობების მერე, ის ისევ ძველებურად გუნდის ნაწილად გრძნობს თავს.

მისი განცხადება ემოციურობის ბრალი იყო. სულელური საქციელის ჩადენა ყველას შეუძლია და როდესაც "ტვიტერზე" ხარ, იქ იმის გახმოვანების საშუალება გეძლევა, რაც თავში მოგივა. 48 საათი თავი რომ შეეკავებინა და სიჩუმე შეენარჩუნებინა, მერე ამის თქმა აღარც მოუნდებოდა და აღარც იტყოდა" - აღნიშნა ფლეტჩერმა.

მეორე მხრივ, ბერაჰინოსიც გასაგებია, მას წასვლა ძალიან უნდოდა და სერიოზული მსურველიც ჰყავდა "ტოტენჰემის" სახით, მაგრამ "დეზებმა" 4 წინადადებაზე მიიღეს უარი "ვესტ ბრომვიჩისგან", მათ შორის ორი შეთავაზება "ტოტენჰემმა" 1 სექტემბერს გააკეთა, მაგრამ "ალბიონის" მადა ვერ დააკმაყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული