იქ, სადაც რაულის სახლია: ლეგენდა უნდა დაბრუნდეს...

AutoSharing Option
"შენი სახლი. შენი ტრიბუნები. მადლობა რაულს" - ასეთი ბანერი გამოფინეს "სანტიაგო ბერნაბეუს" ტრიბუნებზე მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებმა იმ დღეს, როცა კრიშტიანო რონალდო "სამეფო კლუბის" უმდიდრეს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფორვარდი გახდა.

მან რაულს გადაასწრო. რონალდოს დიდების დღეს "ბერნაბეუმ" მაინც რაული გაიხსენა.

რაული დღემდე ახსოვთ და უყვართ. ეს იმის მიუხედავად, რომ დრო გადის და მისი რეკორდები ემხობა. ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე დამყარებული რეკორდი დაემხო, მერე საკლუბო. რაული მაინც დიდია და ის დიდი იქნება მანამ, სანამ "რეალი" იარსებებს. "რეალი" კი მანამდე უნდა იყოს, სანამ ფეხბურთი
იქნება.

ლუის არაგონესი რაულს ვერასოდეს დაივიწყებდა. მწვრთნელმა გონსალეს ბლანკო უარყო. ქომაგები გაბრაზდნენ. არაგონესის რეაქციამაც არ დააყოვნა.

"იცით თუ არა, რამდენ მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო რაული? მან სამი მუნდიალი ითამაშა. იცით თუ არა, რომ ევროპის სამ ჩემპიონატზე იყო რაული და მათგან ვერც ერთი მოიგო", - ჩაჰყვიროდა არაგონესი ყურში ერთ-ერთ ესპანელ ქომაგს, რომელიც მწვრთნელს რაულ გონსალეს ბლანკოს ეროვნულ გუნდში ყოფნის აუცილებლობაზე უქადაგებდა.

"რაული შენზე დიდია! რაული შენზე დიდია! მოვა დრო და შენ არავის ემახსოვრები, რაული კი ლეგენდაა და ასეთად დარჩება მანამ, სანამ ფეხბურთს ითამაშებენ", - ყვიროდა გაწიწმატებული გულშემატკივარი და მის დასაშოშმინებლად კინაღამ პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო... ეს იყო 2007 წელს.

არაგონესი დიდი მწვრთნელი იყო. დიდებს უცნაურობები ახასიათებთ. არაგონესმა საბოლოოდ თქვა უარი რაულის სამსახურზე გერმანული მუნდიალის შემდეგ და ეს იმით ახსნა, რომ ესპანეთს არაერთი კარგი ფორვარდი ჰყავდა იმ დროისათვის. რაული მისთვის წარსული, უტიტულო ეპოქის სიმბოლო იყო.

ესპანეთის ნაკრებს კარს მოადგა დანიასთან შესარჩევი მატჩი - ძალიან საპასუხისმგებლო შეხვედრა. ესპანეთს დაემტვრნენ დავიდ ვილია და ფერნანდო ტორესი. არაგონესმა თითქოს გადადგა ნაბიჯი, რომლისკენაც მას ყველა ესპანური გაზეთი მოუწოდებდა - კვლავ უხმო რაულს ეროვნულ გუნდში.

მხოლოდ "თითქოს" და მეტი არაფერი - მან "ფურია როხაში" დაუძახა "ესპანიოლის" ფორვარდს, რაულ ტამუდოს... ტამუდომ იმ მატჩში გაიტანა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ამას კი ესპანური ფეხბურთის "ოქროს ხანის" დასაწყისი მოჰყვა. "ფურია როხამ" მიჯრით მოიგო სამი დიდი ტურნირი.

რაული მეფე იყო "რეალში". მას ჰქონდა და აქვს გულშემატკივართა უდიდესი სიყვარული. ესაა, უფრო და უფრო იკლებს იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც არაამქვეყნიური რაული ახსოვს. ის რაული, ყოველი გატანილი გოლის შემდეგ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ჰაეროვნებით რომ კოცნიდა საქორწილო ბეჭედს.

რაულმა "რეალში" ერთი დიდი ეპოქა შექმნა, რაულის ეპოქა. როცა დიდებულ ფეხბურთელებზე წერ, სტატისტიკა ხშირად უძლურია. ან თითქმის უძლური. მაინც მივმართოთ მას. რაულ გონსალეს ბლანკომ "რეალში" გამოიცვალა 6 პრეზიდენტი, 17 მწვრთნელი და უამრავი პარტნიორი.

ამის მიუხედავად, ის შეუცვლელი იყო მთელი 17 წლის განმავლობაში და "მადრიდისტები" მისით დღენიადაგ ამაყობდნენ.

რაული ვერ შეეგუებოდა მეორეობას და მან ამის გამო დატოვა "რეალი". "შალკეში" ფეხბურთელი სულ სხვა სიტუაციაში მოხვდა. გელზენკირხენული კლუბი ისე ხშირად ვერ იგებდა, როგორც "რეალი", თუმცა ჩვენი წერილის გმირმა "შალკეშიც" მაგრად ითამაშა.

"მე უნდა წავსულიყავი "რეალიდან". მე მქონდა ხალხის უდიდესი სიყვარული და დაფასება, მაგრამ მოქმედ ფეხბურთელს სჭირდება თამაში და მე ვერ ვიქნებოდი მშვიდად სათადარიგოთა სკამზე. მე მქონდა "რეალის" კაპიტნის სამკლავური, მაგრამ კიდევ მჭირდებოდა რაღაც და ეს "რაღაც" სათამაშო პრაქტიკა იყო.

ხალხმა მაშინვე სწორად გამიგო. მე მათთვის არ მიღალატია და "შალკეში" მივედი თუ არა, მაშინვე ვთქვი, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში "მადრიდისტად" დავრჩებოდი და ეს ასეც მოხდა. "შალკეს" კი მადლობა უდიდესი ნდობისათვის" - აცხადებს რაული.

შემდეგი გაჩერება რაულის კარიერაში არაბული "ალ სადი" იყო. ესპანელი ლეგენდა ასე იხსენებს იქ გატარებულ პერიოდს:

"ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მადრიდის გარეუბანში, მთებში მეძინა. ამის მიუხედავად, მე ბოლომდე ვიყავი კონცენტრირებული ფეხბურთზე და ვცდილობდი, ყველანაირად დავხმარებოდი გუნდს", - თქვა რაულმა.

მართლაც, ორი წლის განმავლობაში რაული "ალ სადის" ლიდერი იყო. არაბი ფეხბურთელები თუ გუნდის ლეგიონერები ბევრს სწავლობდნენ რაულისაგან. თავად გონსალეს ბლანკო გაეცნო ახალ კულტურას, შეისწავლა ის.

დღეს რაული "ნიუ იორკ კოსმოსის" შვიდიანია. როგორც თავად ფეხბურთელი აცხადებს, ის სეზონის ბოლოს ფეხბურთიდან წავა.

"ალბათ, წასვლის დრო მოვიდა. უნდა წახვიდე ისე, რომ ხალხს საუკეთესოდ დაამახსოვრდე და მიმაჩნია, რომ მე ეს შევძელი. მივდივარ აქტიური ფეხბურთიდან, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ ჩემი ცხოვრება ფეხბურთის გარეშე არ იქნება. მე ისევ დავბრუნდები", - ამბობს რაული.

სად უნდა დაბრუნდეს, თუ არა მადრიდში? მადრიდში, სადაც მისი სახლია, სადაც გულშემატკივრებს სულ მზად აქვთ რაულ გონსალეს ბლანკოს მხარდასაჭერი ბანერები. ყველაფერი ამით არ მთავრდება.

ახლა იწყება გზა არანაკლებ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო.

ის "ბერნაბეუზე" უნდა დაიწყოს და იქნებ იქვე დასრულდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რაული და გუტი, ადამიანები ვინც ზოგადად ფეხბურთი შემაყვარა!
ფეხბურთი
17:02 27-10-2015
0
გუტიმ ფეხბურთი როგორ შეგაყვარა?)))
ფეხბურთს
17:17 27-10-2015
0

სიახლეები პოპულარული