ეს პირველად მადრიდული დერბის შემდეგ გაისმა და "პარი სენ-ჟერმენთან" ჩემპიონთა ლიგის ორი მატჩის შემდეგაც არ დაუკარგავს აქტუალურობა ამ პოსტულატს. არადა, მთავარი არის - "რეალს" შედეგი აქვს.
მადრიდული კლუბი ერთადერთი გუნდია დიდ ევროპულ პირველობებზე, რომელსაც მარცხის სიმწარე ჯერაც არ უწვნევია. აქამდე სამი იყო, ახლა ერთი დარჩა.
ციფრებს ვერაფრით შეეკამათები. ესპანელ სპეციალისტს ძალიან საინტერესო არგუმენტი მოჰყავს. "თქვენ მე მიცნობთ და მიმიჩნევთ დაცვის მოყვარულ მწვრთნელად. მე ციფრებს დაგისახელებთ. "ნაპოლიმ" გასულ სეზონში 104 გოლი შეაგდო, რითაც საკლუბო რეკორდი დაამყარა. ხომ არ გახსოვთ, ვინ იყო იმ "ნაპოლის" მწვრთნელი?" - სარკაზმი გაურია რაფა ბენიტესმა ესპანელი ჟურნალისტებისათვის დასმულ კითხვაში.
ბენიტესმა ისიც დასძინა, რომ ჯერ "რეალი" მხოლოდ სანახევროდ აჩვენებს თავის ძალას. "რეალი" დიდი გუნდია. ჩვენ თავიდანვე უნდა გადავწყვიტოთ თამაშის ბედი ჩვენ სასარგებლოდ. კარგად უნდა შევუტიოთ და ასევე დავიცვათ თავი.
ჯერჯერობით მხოლოდ 50 პროცენტით გამოგვდის ის, რაც ჩაფიქრებული გვაქვს და როგორიც უნდა იყოს გუნდი", - ამბობს რაფა.
ბენიტესი დაცვის მოყვარულ მწვრთნელად მხოლოდ ჟურნალისტებს როდი მიაჩნიათ. ასე ფიქრობს მისი ზოგიერთი კოლეგა. მაგალითად, "პარი სენ-ჟერმენის" დამრიგებელმა ლორან ბლანმა ჩემპიონთა ლიგის პარიზული ჯახის შემდეგ კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ რაფამ კარში "ავტობუსი" არ ჩააყენა.
"რეალის" ზოგიერთი თანამშრომელი და ხელმძღვანელი უკმაყოფილოა გუნდის სამედიცინო შტაბის მუშაობით. საქმე ისაა, რომ სეზონი ახლახან გახურდა, "სამეფო კლუბს" კი არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი დაუგროვდა.
რაფამ ექიმები დაიცვა. მან თქვა, რომ მთელი თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არ უნახავს ასეთი პროფესიონალებით დაკომპლექტებული სამედიცინო სტაფი. ზოგიერთნი მადრიდში კი ფიქრობენ, რომ ამდენი ტრავმა გასული, გადატვირთული სეზონის გამოძახილია, როცა კარლო ანჩელოტი, პრაქტიკულად, ერთსა და იმავე შემადგენლობას ათამაშებდა და არ მიმართავდა როტაციას.
ტრავმების მიუხედავად, "რეალის" სასტარტო შემადგენლობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია. ერთ-ერთი იმიტომ, რომ "ბარსელონა" და "ბაიერნი" არსებობენ. "ბარსელონა", რომელსაც თავისი გასჭირვებია - ტრავმირებული ლიონელ მესი არ ჰყავს.
რაფას "რეალის" ერთ-ერთ მთავარ სახედ ბრაზილიელი საყრდენი კაზემირო ყალიბდება. წინა სეზონში სამხრეთამერიკელი "პორტოში" იყო განათხოვრებული. ახლა ის "ბერნაბეუზეა" და ბენიტესის ფეხბურთს იდეალურად ერგება. კაზემირო ერთ-ერთი საუკეთესოა ლა ლიგაში ართმევებისა და მოგებული ორთაბრძოლების მიხედვით.
"მარკა" კაზემიროს კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის პროტეჟეს უწოდებს. ჩაშლასთან ერთად ბრაზილიელს შეტევაც ეხერხება. დიდი ხნის განმავლობაში პერესი ნატრობდა, "რეალის" საყრდენად ეხილა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მას კლოდ მაკელელეს მოაგონებდა.
ეს აქამდე ვერავინ შეძლო, არადა, მადრიდელებს მართლაც დიდებული საყრდენები ჰყავდათ - ორი დიარა, ხედირა, ალონსო... ჩამოთვლა კიდევ შეიძლება.
"რეალს" შედეგი აქვს, მაგრამ ქომაგი ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ არის. მას შედეგთან ერთად ის ფეხბურთი უნდა, რომელიც წლების განმავლობაში იქცა "სამეფო კლუბის" საფირმო ნიშნად.
ესპანეთში შეიძლება მოიგო, მაგრამ ხალხი მაინც უკმაყოფილო იყოს. რამდენიმე დღის წინ "ვალენსიამ" შინ, "მესტალიაზე", ვალენსიური დერბი 3:0 მოუგო "ლევანტეს". შედეგი დიდებული იყო, მაგრამ ტრიბუნები კინაღამ დაინგრა - ქომაგები კლუბის პორტუგალიელი სპეციალისტის, ნუნუს გადადგომას ითხოვდნენ.
რაღა შეხსენება გჭირდებათ და, ასეთი ამბავი "რეალშიც" მოხდა, ოღონდ წლების წინ. მაშინ დონ ფაბიო კაპელომ გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოაგებინა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა თანამდებობის შესანარჩუნებლად.
ქომაგები ბენიტესს ნდობის დიდ კრედიტს არ დაამადლიან. ამის მიზეზი წარსულში უნდა ვეძებოთ. როგორც ერთ-ერთმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა, რაფამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" 20 წელი გაატარა ამის შემდეგ კიდევ 20 წელი ოცნებობდა გუნდის გაწვრთნაზე.
ეს ასეა, მაგრამ ნდობა ყოველთვის მთავრდება ფეხბურთში. მოვა დრო და პერესს მოსწყინდება რაფას სტილი. მწვრთნელისა, რომელიც ცოლს პირველ შეხვედრაზე დაცვითი ფეხბურთის სიკეთეებზე ესაუბრებოდა და არა ტკბილად საჭუკჭუკო სასიყვარულო ამბებზე.
ერთიც - რაფა მიეჩვია, რომ ის გუნდის მწვრთნელიცაა და მენეჯერიც. ამას მას მადრიდში არავინ გააკეთებინებს. ფლორენტინო პერესის მთელი საფეხბურთო მუღამი "რეალის" სატრანსფერო პოლიტიკის წარმართვაა.
ბენიტესი კი ოპტიმალურ რაღაცებს ეძებს. ერთი თვის წინ მან კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა, გაეფართოებინათ მწვრთნელის ზონა სათადარიგოთა სკამთან. ბერნდ შუსტერის შემდეგ მადრიდში არ ყოფილა ასეთი აქტიური მწვრთნელი და ვინ იცის, რაფა გარდაიქმნას.
ვინ იცის, რაფამ შეუტიოს.
"რეალი" შეტევა, გოლები და ფოიერვერკია. ესპანელმა ეს დღესასწაული უნდა შექმნას!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"