ესპანეთის ნაკრები: იკერის 100 მშრალი მატჩი და გასპარის სუპერგოლი

AutoSharing Option
AUTO PLAY
მარიო გასპარის სუპერგოლით ("ვილიარეალის" მარჯვენა მცველმა მაკრატელა დარტყმით დაგვამახსოვრა თავი) და სანტი კასორლას მორიგი გასროლით, ესპანეთის ნაკრებმა 2:0 დაამარცხა ინგლისის გუნდი.

ამ თამაშმა კარგად გამოაჩინა, რომ როი ჰოჯსონის გუნდს ჯერ კიდევ ბევრი უკლია გრანდებთან საბრძოლველად.

ვისენტე დელ ბოსკემ ინგლისთან თამაშისთვის სასტარტო 11-ეულში "ბარსელონას" 5 ფეხბურთელი დააყენა, მაშინ, როცა ერთადერთი რეალელი, ნაჩო ფერნანდესი თადარიგში დატოვა. "ბარსას" სამი მცველი: ჟორდი ალბა, ჟერარდ პიკე და მარკ ბარტრა და ორი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი და ანდრეს ინიესტა, სასტარტოში მოხვდნენ.

იკერ კასილიასმა ამ შეხვედრაში ნაკრების მაისურით
მეასე "მშრალი" მატჩი ჩაიწერა - ეს რეკორდია. ამასთან, იკერმა ვიტალის ასტაფიევსის (ლატვიის ნაკრების გოლკიპერი) რეკორდი გაიმეორა - ეროვნულ ნაკრებში 165-ე მატჩი ითამაშა.

სხვათა შორის, მშრალზე მატჩი იკერმა ძალზე იოლად დაასრულა, უეინ რუნიმ ერთხელ ხარიხას გაარტყა და მატჩის მიწურულს ჰარი კეინმა სახიფათოდ დაურტყა, ეს იყო და ეს. კასილიასი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველი გოლკიპერია, რომელმაც შეძლო 100 სანაკრებო მატჩის განმავლობაში კარი "მშრალად" შეენახა.

ბოლო ფეხბურთელი, ვინც კასილიასს სანაკრებო მატჩში გაუტანა, სლოვაკი მიროსლავ შტოხი იყო, ეს კი 2014 წლის ოქტომბერში მოხდა. ინგლისელებთან თამაში იკერისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენის თანხვედრია - 2011 წელს მან სუბისარეტას რეკორდი გააუმჯობესა (126 კეპი ნაკრებში).

ვისენტე დელ ბოსკეს შეტევის წყვილმა ვერ გაუმართლა - წინ მან პაკო ალკასერისა და დიეგო კოშტას დუეტი ათამაშა. კოშტამ მხოლოდ მე-10-ედ ითამაშა, მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლია "ფურია როხას" მაისურით.

"იმსახურებს მეტ შანსს კოშტა ესპანეთის ნაკრებში?" - ამ კითხვას "მარკას" მკითხველთა 77,5% უარყოფითად პასუხობს. როგორც ჩანს, ბრაზილიელმა სანაკრებო არჩევანში შეცდომა დაუშვა...

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი): "ეს ბრწყინვალე შედეგია, რადგან ინგლისს დიდებული ნაკრები ჰყავს. დღეს მათ ბევრი თავსატეხი შეგვიქმნეს. ჩვენი სათამაშო ფილოსოფია არ არის დამოკიდებული რომელიმე ფეხბურთელის თამაშზე ან უთამაშებლობაზე, ეს ჩვენს სტილს არ ცვლის.

დიეგო კოშტამ კარგად ითამაშა, ის მუდამ ჩართული იყო თამაშში, მაგრამ თქვენი ნებართვით, ინდივიდებზე მეტს აღარ გავამახვილებ ყურადღებას - გუნდმა გუნდურად ითამაშა კარგად.

იკერი ესპანეთის ნაკრებისთვის მნიშვნელოვან ფიგურად რჩება. ის ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითია. ესპანეთს ბევრი დიდი სპორტსმენი ჰყოლია და ერთ-ერთი უთუოდ იკერ კასილიასია. შემდეგ თამაშში კარში უკვე დავიდ დე ხეა ჩადგება.

მუხლის ტრავმა მიიღო ტიაგომ, მაგრამ არა მგონია, ტრავმა სერიოზული იყოს. ჩვენ ის უფრო თავის დაზღვევისთვის მოვხსენით თამაშიდან. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც პარიზში მოხდა, თუმცა დეტალები ჯერ არ ვიცი, ერთი ფაქტია - ფეხბურთის გამოყენება ტერორიზმის პლატფორმად ამაზრზენია".

აღსანიშნავია, რომ ტერაქტების გამო 17 ნოემბერს ბელგია-ესპანეთის ამხანაგურ მატჩზე საგანგებო ზომებს მიიღებენ. მკაცრად გაკონტროლდება სტადიონის პერიმეტრი და შესასვლელები.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში იტალიის ნაკრები 3:1 დაამარცხა. ამჟამად მარკ ვილმოტსის გუნდი ფიფას რეიტინგში პირველ ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული