ელ კლასიკოს მერე: 8 მიზეზი, რატომ განადგურდა "რეალი"

AutoSharing Option
"სანტიაგო ბერნაბეუზე" შოუ არ შედგა. მადრიდის "რეალი" მუდმივ მტერთან, "ბარსელონასთან" განადგურდა. ყველა მარცხს აქვს თავისი მიზეზები და ეს მარცხიც არ იყო უმიზეზოდ. sports.ru-ს ვერსიით, "რეალის" განადგურების მიზეზი 8 იყო:

ზედმეტად შემტევი შემადგენლობა
რაფაელ ბენიტესმა აქცენტი შეტევაზე გააკეთა. ამან განაპირობა ის, რომ სათადარიგოთა სკამზე დარჩა კაზემირო.

საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც მიმდინარე სეზონში "რეალში" ერთ-ერთი საუკეთესოა. ისე მოხდა, რომ რაფას საყრდენი ნახევარმცველი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, მინდორზე არ ჰყოლია.

ამ სუპერშემტევი შემადგენლობითაც კი "რეალს" შეეძლო, უფრო ფრთხილი სათამაშო სქემა აერჩია ამ ურთულესი მატჩისათვის. არც
შესვენებაზე იყო გვიან კაზემიროს შეშვება მინდორზე. ეს მაშინ, როცა ბენიტესმა დაინახა, რომ "რეალის" დაცვაში დიდზე დიდი ნაპრალები იყო.

არადა, წლების წინ რაფას ასეთმა სვლამ გაუმართლა. სტამბოლში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბენიტესმა კოშმარული პირველი ტაიმის შემდეგ მინდორზე შეუშვა გერმანელი საყრდენი ნახევარმცველი დიდი ჰამანი და ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი "ლივერპულის" სასწაულ "ქამბექს".

ბენიტესს შეიძლება ბევრი რამ დაუწუნო, მაგრამ ასეთი რამეები მან იცის. იცის, თუმცა ის "ბერნაბეუს" შეუშინდა. მაყურებელი, მუდამ შემტევ ფეხბურთს რომ ითხოვს, ვერაფრით გაიგებდა ჩაგდებული ტაიმის შემდეგ მინდორზე ჩამშლელი მოთამაშის შესვლას.

რეალის პრესინგი
ბენიტესმა გადაწყვიტა, "ბარსელონასთვის" ძალიან "ზემოთ" შეეთავაზებინა პრესინგი. ამაში ლოგიკა იყო. ჯერ ერთი, სუფთა საყრდენის არყოფნის პირობებში ესპანელი მწვრთნელი შეეცადა, მაქსიმალურად შეემცირებინა მანძილი დაცვასა და ნახევარდაცვას შორის.

მეორე მიზეზი ის იყო, რომ "ბარსელონას" არ უყვარს პრესინგი და დიდი აგრესია. სწორედ ამის გამო წააგო კატალონიურმა კლუბმა "ატლეტიკთან". როგორც ჩანს, ბენიტესმა სუპერთასის შეხვედრას ყურადღებით კიდევ ერთხელ უყურა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

"რეალს" სამი რამ არ ეყო იმისათვის, რომ ეს პრესინგი შედეგიანი ყოფილიყო. პირველი და მთავარი, ალბათ, ისაა, რომ პრესინგის ეს ვარიანტი "სამეფო კლუბის" მიერ საკმარისად არ არის დამუშავებული. მეორეა ის, რომ უმაღლესი კლასის შემსრულებლებმა ამ ელემენტის ბოლომდე შესრულება თითქოს, იუკადრისეს. მესამე კი ბუსკეტსის ფაქტორია.

"ატლეტიკთან" მატჩში "ბარსელონას" არ ჰყოლია სერხიო ბუსკეტსი. ბუსკეტსმა ერთხელაც გვიჩვენა, რომ განსაკუთრებული ზეწოლის პირობებშიც კი შეუძლია უსწრაფესი გადაწყვეტილებების მიღება და უმკაცრესი პრესინგის დარღვევაც კი.

სახელები არ თამაშობენ
ქარიმ ბენზემა დიდ სკანდალშია. გარეთ ბეილი და ხამეს როდრიგესი ახლახან დაუსხლტნენ ტრავმებს. ბენიტესმა ყველა ვარსკვლავი ძირითადში დააყენა. ისინი ფორმაში არ იყვნენ. რაფას საფეხბურთო ფორტუნამ ალიყური გააწნა - თამაშს მხოლოდ სახელები როდი იგებენ....

თავისუფლება ბუსკეტსს
"დღეს მსოფლიოში თითქმის არ არის მეორე ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ასე არღვევდეს მეტოქის ნებისმიერ პრესინგს. ბუსკეტსი ამ კუთხით შეუდარებელია და ამიტომ მე მას ძალიან ვაფასებ", - თქვა არცთუ დიდი ხნის წინ სერხიო ბუსკეტსის თაობაზე მისმა ოდინდელმა დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ.

ბუსკეტსმა, ინიესტასთან ერთად, რომ იტყვიან, "დახაზა". "ბარსელონას" წარმატებაში მისი წვლილი უდიდესია. რომ არა ის, შესაძლოა, ბენიტესის ჩანაფიქრი მართლაც განხორციელებულიყო. რატომ ვერ შებოჭა "რეალმა" ბუსკეტსი? საკითხავი, აი, ესაა...

სერხი რობერტოს ტვინი
სერხი რობერტოს თამაშს უმაღლეს შეფასებას აძლევს ლუის ენრიკე. "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის სიტყვები ცხადყოფს, რომ ის ახალგაზრდა ნახევარმცველის ტალანტის დიდი თაყვანისმცემელია.

"ის ჩვენი გუნდის ნაღდი ჯოკერია. სერხი რობერტოს აქვს უდიდესი ნიჭი. მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში. ის თითქოს შეუმჩნეველია, მაგრამ ნაღდი მარგალიტია", - ამბობს ენრიკე.

რობერტო მართლაც დიდებული იყო "რეალთან" მატჩში. ის შესანიშნავად პოულობდა თავისუფალ სივრცეებს. ეს ხდებოდა როგორც მინდვრის ცენტრში, ისე ფლანგებზე.

ინდივიდუალიზმი
ამ კომპონენტში "ბარსელონას" აშკარა უპირატესობა ჰქონდა. მართალია, ლიონელ მესიმ ძალიან ცოტა ითამაშა, მაგრამ ინიესტამ, ნეიმარმა და სუარესმა "რეალს" მასტერკლასი ჩაუტარეს.

"რეალს" დიდებული ინდივიდუალისტები ჰყავს, მაგრამ "ბარსელონას" კიდევ უფრო უკეთესი. თითქოს, ეს ხალხი ელ კლასიკოს ელოდა და მერე ერთიანად აფეთქდა.

სად იყო რონალდო?
ვინც ამ მატჩს უყურა, არ მოასვენებს შეკითხვა - სად იყო 90 წუთის განმავლობაში მადრიდელთა პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო? კრიშტიანოს ადრეც არაერთხელ ჩაუგდია გადამწყვეტი მატჩები, მაგრამ შაბათს მას, უბრალოდ, არ უნდოდა ფეხბურთის თამაში.

როგორც ჩანს, მართლაც გაირბინა "შავმა კატამ" კრიშტიანოსა და ბენიტესს შორის. რონალდოს ადრეც ჩაუფლავებია გადამწყვეტი მატჩები, მაგრამ არასოდეს ყოფილა ასე უსუსური.

მისი უდიდებულესობა ანდრეს ინიესტა
"ბარსელონა" დიდებული იყო, მაგრამ მინდორზე იყო ფეხბურთელი, ვისი გარჯის შესაფასებლადაც არანაირი ეპითეტი არ იქნება საკმარისი. რაც უნდა დავწეროთ, მაინც წყლის ნაყვა იქნება და მის თამაშს ვერ აღწერს.

ალბათ, მიხვდით, ანდრეს ინიესტას ვგულისხმობთ. ინიესტას ეძინა. მან მაშინ გაიღვიძა, როცა "ბარსას" დასჭირდა. როცა "რეალი" გამოვიდა სცენაზე და მისი შეჩერება გახდა საჭირო. ასე რომ, ანდრეს ინიესტა კვლავ საუკეთესოა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
Statia 3 dghis cin cavikitxe sxva enaze!
Iko800
17:22 24-11-2015
0
ბუქკეტსი და ინიესტა მართლაც განუმეორებლები იყვნენ
ანდრესი
14:41 24-11-2015
0

სიახლეები პოპულარული