გარი ნევილმა "ვალენსიას" ფეხბურთელებს "აიპადები" დაურიგა

AutoSharing Option
"ვალენსიას" ახალგამომცხვარ მწვრთნელს, გარი ნევილს კარგი დებიუტი არ გამოუვიდა, ჯერ "მესტალიაზე" დამარცხდა მისი გუნდი "ლიონთან" ჩემპიონთა ლიგაზე, შემდეგ სტუმრად "ეიბართან" მეკარის გმირობებით გადაურჩა მარცხს ლა ლიგაში.

თავად 40 წლის ინგლისელი კი სულ ახალ-ახალი იდეებით არის დატვირთული. ჯერ ბაზაზე, ამწეზე დაამონტაჟებინა კამერა, რომ ვარჯიშები "სხვა კუთხით" გადაიღონ გასაანალიზებლად, ახლა კი მან "ვალენსიას" თითოეულ ფეხბურთელს თითო "აიპადი" დაურიგა. ესეც საქმისთვის ყოფილა საჭირო და არა გასართობად. ფეხბურთელებმა ამ "აიპადებით" უკეთ უნდა გააანალიზონ თავიანთი ვარჯიშები.

"სქაი სპორტზე" მუშაობისას ნევილი ხშირად აანალიზებდა მატჩებს პლანშეტზე. ახლა
კი შესაფერის გაჯეტს გამოიყენებს და ამით ნაწილობრივ, ესპანური ენის ცუდ ცოდნასაც აინაზღაურებს. სხვათა შორის, მისმა ასისტენტმა მიგელ ანგულომ აღნიშნა, რომ ნევილმა ესპანურის უკეთესი ცოდნა გამოამჟღავნა, ვიდრე ელოდნენ:

"მან ფეხბურთელებს "აიპადები" დაურიგა, რადგან მათ უკეთ გააანალიზონ სავარჯიშო პროცესი და თამაშები. ესპანურში გარი საკმაოდ ყოჩაღი გამოდგა. მისი პროგრესი თვალშისაცემია. ფეხბურთელები მწვრთნელს კარგად უგებენ და მალე ჩვენ ზუსტად ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, როგორიც გვსურს", - განაცხადა ანგულომ.

"ვალენსიაში" 25 ფეხბურთელია. "აიპადი" დაახლოებით 300 ფუნტი ღირს, ანუ "ღამურებს" ნევილის ეს იდეა თითქმის 8 ათასი ფუნტი დაუჯდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული