ლა ლიგა. XVIII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: "ბარსას" 30 ტურში ერთხელ აჩერებენ

AutoSharing Option
* "ბარსელონამ" ბოლოს მატჩი უგოლოდ 30 ტურის წინ დაასრულა. "ესპანიოლამდე" "ბარსას" შემტევების "ამოკეტვა" "მალაგამ" მოახერხა (21 თებერვალს).

* "ატლეტიკოს" "ლევანტესთან" ჩატარებული 10 საშინაო შეხვედრიდან 9 მოგებული აქვს. მოიგო უკანასკნელიც, ოღონდ დიდი გაჭირვებით, თომას პარტის გვიანი გოლით.

* თომას პარტეიმ ლა ლიგის ბოლო ორ მატჩში ორ გოლში მიიღო მონაწილეობა. "ათლეტების" ახალგაზრდა ნახევარმცველის აქტივში გოლი და პასია.

* "რეალ სოსიედადს" შანსი ჰქონდა, ისტორიაში პირველად დაემარცხებინა "რაიო ვალეკანო" ზედიზედ ორჯერ, მაგრამ 2:2-ს დასჯერდა.

* "სევილიამ" ამ სეზონში პირველად "მოახერხა" საგარეო შეხვედრის პირველ ტაიმში
ორი გოლის გაშვება.

* 1972 წლის აპრილის მერე "გრანადამ" საკუთარ კედლებში პირველად დაამარცხა "სევილია".

* კეკომ "ეიბარის" ბოლო 4 გოლიდან 3-ში მიიღო მონაწილეობა - ორი თავად გაიტანა, ერთხელ კი პასი გააკეთა. "ბეტისთან" მას შესანიშნავი მატჩი გამოუვიდა.

* "ეიბარმა" სევილიაში 4:0 იძალა და ეს ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდსხვაობიანი საგარეო გამარჯვება გახდა.

* ისააკ საქსესმა მიმდინარე ჩემპიონატში 90-ჯერ სცადა დრიბლინგის შესრულება, რაც სულ ცოტა, 43-ჯერ მეტია, ვიდრე "გრანადას" რომელიმე სხვა ფეხბურთელის შედეგი.

* "ეიბარის" დარტყმების 17,7% გოლით სრულდება. მხოლოდ "ბარსელონას" აქვს უფრო მაღალი მაჩვენებელი (17,8%).

* ლა ლიგის ამჟამინდელი ფეხბურთელებიდან ოდენ ლიონელ მესის აქვს ესპანეთის ჩემპიონატში უფრო მეტი (33) კლუბის კარში გატანილი გოლი, ვიდრე არიც ადურისს (31).

* წინა სეზონის დაწყებიდან დღემდე ლა ლიგაში გოლს პლუს პასის სისტემით სამი ყველაზე შედეგიანი მცველია: მარსელო - 13 (4 გოლი, 9 პასი), მარიო გასპარი - 8 (5 გოლი, 3 პასი), ხოსე ლუის გაია (1 გოლი, 6 პასი).

* ტანა გახდა "ლას პალმასის" პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი საჯარიმოს გარედან გაიტანა ამ სეზონში.

* ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში (საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩათვლით) 12 გოლით ქარიმ ბენზემა საუკეთესო ფრანგი ბომბარდირია.

* კრიშტიანო რონალდომ ბოლო 8 მატჩში 18 გოლში მიიღო მონაწილეობა - 12 გოლი, 6 პასი.

* დანი პარეხო გახდა პირველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში, რომელმაც "რეალს" პენალტი გაუტანა.

* წინა სეზონის დაწყებიდან აქამდე პარეხო არის ნახევარმცველი, რომლის აქტივშიც ყველაზე მეტი (17) ბურთია. იგი ერთი გოლით უსწრებს ხამეს როდრიგესს.

* მიმდინარე ლა ლიგაში ყველაზე მეტი თავური გოლი (4) მადრიდის "რეალის" უელსელ ლეგიონერს, გარეთ ბეილს აქვს გატანილი.

* "სამეფო გუნდს" ყველაზე მეტი (7) ბურთი აქვს გაშვებული თავური დარტყმებით.

* "ვალენსიას" საკუთარ კედლებში ჩემპიონატის 21 მატჩია, არ წაუგია. ამაზე უკეთესი სერია გუნდს ბოლოს 1990 წლის ოქტომბერში დაუსრულდა, როდესაც მიჯრით 22 დაუმარცხებელი საშინაო შეხვედრის მერე წაგება იგემა.

* "ღამურებთან" მატჩში ტონი კროოსის 80 პასიდან 80-ივე ზუსტი იყო. მიმდინარე სეზონში 100%-იანი შედეგი სხვებსაც ჰქონიათ, მაგრამ 80 ან მეტი პასით არავის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული