რა ელით ესპანურ გრანდებს? - "რეალს" და "ატლეტიკოს" ტრანსფერები აეკრძალათ

AutoSharing Option
გუშინ ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა, რომელმაც წინა დღით ორგანიზაციის რიგებში წმენდა ჩაატარა, განაჩენი გამოუტანა ორ მადრიდულ კლუბს - მადრიდის "რეალსა" და "ატლეტიკოს" ახალგაზრდა ფეხბურთელთა ტრანსფერებზე მაქინაციების გამო ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია (შესაბამისად, ტრანსფერები) აეკრძალათ.

"რეალსა" და "ატლეტიკოს" ნებისმიერი ასაკის ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია ეკრძალებათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. ეს სანქცია ვრცელდება მომდევნო ორი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში.

კლუბებს შეუძლიათ გაუშვან ფეხბურთელები, მაგრამ დამატებით ვერავის დაიმატებენ.

ამასთან, "ატლეტიკო" 900 ათასი შვეიცარიული ფრანკით დაისაჯა, ხოლო "რეალი" - 360 ათასი ფრანკით. "ატლეტიკო" 2007-14 წლების პერიოდში
არღვევდა ფიფას წესებს ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრანსფერებზე, ხოლო "რეალი" ამაში 2005-14 წლებშია შემჩნეული. აკრძალვა შეეხება 2016 წლის ზაფხულისა და 2017 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრებს. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური სასჯელი 2015 წელს "ბარსელონას" მიესაჯა.

აღსანიშნავია, ერთ-ერთი კონტრაქტი, რის გამოც ფიფამ "რეალს" სატრანსფერო საქმიანობა აუკრძალა, ზინედინ ზიდანის შვილის, ლუკა ზიდანის ხელშეკრულებაა. "ონდა სეროს" ცნობით, "რეალის" ჭაბუკთა გუნდის მეკარესთან კონტრაქტი დარღვევით გაფორმდა. ლუკა ზიდანი ახლა 17 წლისაა.

ცნობილი გახდა, რომ "ატლეტიკო" აპელაციას შეიტანს ამ გადაწყვეტილების გამო. იმავეს გააკეთებს "რეალიც".

"დღეს ჩვენმა კლუბმა მიიღო ფიფას წერილი სატრანსფერო აკრძალვებსა და ფინანსურ სასჯელზე. ჩვენ არ ვეთანხმებით ფიფას და ვაპირებთ გადაწყვეტილების გასაჩივრებას", - ვკითხულობთ "ატლეტიკოს" პრესსამსახურის განცხადებაში.

"ბარსელონას" მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფიფა უკან არ დაიხევს. მაშ, რა შეეძლებათ "ატლეტიკოსა" და "რეალს"? 

სანქცია ამ სატრანსფერო ფანჯარას არ ეხება, მაგრამ მაინც საინტერესოა, თუ ვისი დაბრუნება შეუძლია "რეალსა" და "ატლეტიკოს".

"რეალს" ეკუთვნიან: მარკო ასენსიო (ესპანიოლი), ფაბიო კოენტრაო (მონაკო), ლუკას სილვა (მარსელი), ომარ მასკარელი (სპორტინგი), ალვარო მედრანი (ხეტაფე), დიეგო ლორენტე (რაიო ვალეკანო), ბურგუი (ესპანეიოლი), ხესუს ვალიეხო (სარაგოსა).

"ატლეტიკოს" ეკუთვნიან: ლეო ბაპტიშტაო (ვილიარეალი), ბორხა ბასტონი (ეიბარი), ალესანდრო ჩერჩი (მილანი), ხავიერ მანკილიო (მარსელი), ბერნარ მენსა (ხეტაფე), ჟოზუა გილავოგი (ვოლფსბურგი), რაფაელ სანტოს ბორე (დეპორტივო კალი), სილვიო პერეირა (ბენფიკა), იასინ ბუნუ (სარაგოსა), ანდრე მორეირა (მადეირა), ემილიანო ველასკესი (ხეტაფე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული