ლა ლიგა. XXI ტური: ცუდი "ბარსა", უარესი "ატლეტიკო" და "რეალი" [VIDEO]

AutoSharing Option
* "რაიო ვალეკანომ" 9-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

* "ვალენსიას" თავკაცმა გარი ნევილმა გუნდის კაპიტნობა დანი პარეხოს ჩამოართვა და პაკო ალკასერს გადასცა.

* "ვალენსიას" 10 ტურია, არ მოუგია

* "ბეტისმა" 27 ნოემბრის მერე პირველად გაიტანა.

* ზინედინ ზიდანმა "რეალის" თავკაცის რანგში პირველი ქულები დაკარგა.


"ბარსელონას" ასე ცუდად კარგა ხანია, არ უთამაშია. ამის მიუხედავად, სწორედ 21-ე ტურში იქცა კატალონიური გრანდი პოტენციური ლიდერიდან ნამდვილ ლიდერად. მას ლეო მესის ერთი გენიალური შეხებაც ეყო გამარჯვებისთვის "მალაგასთან" დაპირისპირებაში.

მაშინ, როცა ორივე მადრიდულმა კლუბმა წაიფორხილა - დიეგო
სიმეონეს კრებულმა "სევილიური" ბასტიონი ვერაფრით დაანგრია, აი, ზინედინ ზიდანის "რეალი" კი სევილიაში "ბეტისთან" მარცხს ბენზემას გოლის წყალობით დაუძვრა. ახლა "ბარსას" და "ატლეტიკოს" თანაბარი ქულები აქვთ, ლუის ენრიკეს ბიჭებს კი თამაში რეზერვში აქვთ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

19 წლის ფორვარდის ჰეთ თრიკით
19 წლის პარაგვაელი ანტონიო სანაბრია ხიხონის "სპორტინგის" გმირი გახდა, მან 3 გოლი გაუტანა "რეალ სოსიედადს", ასტურიელებმა კი ბასკებს 5:1 მოუგეს. ასე აჯობა ექსბარსელონელმა აბელარდო ფერნანდესმა ასევე ექსბარსელონელ ეუსებიო საკრისტანს. "მარკამ", რა თქმა უნდა, სანაბრია გამოარჩია 8 ბალით. ძალიან სუსტად ჩაატარა ეს თამაში "ჩური ურდინის" დაცვამ და მეკარე რულიმ.

ცუდად მოთამაშე "ბარსაც" "ბარსაა"
მატჩამდე გაირკვა, რომ მუხლის ტრავმის გამო ვერ ითამაშებდა "მალაგასთან" ნეიმარი, პიკეს დისკვალიფიკაციის გამო კი დაცვის ხაზი ექსპერიმენტული გამოდგა. დაიწყო თამაში და უკვე მე-2 წუთზე ლუის სუარესმა ცარიელ კარში გაატანინა მუნირ ელ ჰადადის, მაგრამ ყველაფერი ასევე კარგად აღარ განვითარებულა "ბარსელონასთვის". ანდალუსიელებმა შტურმი მოუწყვეს ბრავოს კარს და ხუანპიმ დალაშქრა კიდეც კატალონიელთა კარი.

რომ არა ლიონელ მესის ოსტატური გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში, "ბარსას" ასეთი თამაშით ძალიან გაუჭირდებოდა სამი ქულის მოპოვება. "მარკამ" სამი ფეხბურთელი გამოარჩია: ნაჩო კამაჩო, კლაუდიო ბრავო და ანდრეს ინიესტა (7-7 ბალი).

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ამაზე ცუდად, როგორც პირველ ტაიმში ვითამაშეთ, უბრალოდ, ვერ შევძლებდით ასპარეზობას. უბრალოდ, წარმოუდგენელია, გოლი ასე ადრე გავიტანეთ და მერე ყველაფერი შეიცვალა. ვერ ვიხსენებ, ბოლოს როდის ვითამაშეთ ასე ცუდად პირველ ტაიმში. რომ მცოდნოდა მიზეზები, მაშინვე შევეცდებოდი გამოსწორებას. უბრალოდ, აუხსნელია.

საერთოდ, დღეს ცუდი დღე იყო გუნდისთვის. კიდევ კარგი, მეორე ტაიმში თამაში გამოსწორდა. "მალაგასთან" კარგი თამაში არ გამოგვივიდა, მაგრამ მეორე ტაიმი პირველს სჯობდა, თუმცა მეორე ნახევარშიც დავუშვით შეცდომები. კიდევ კარგი, მოგება მაინც შევძელით ასეთი ცუდი თამაშის ფონზე".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლიგაზე სამ სეზონში
"ესპანიოლს" ახალი მფლობელი ჰყავს - ჩინელმა ბიზნესმენმა ჩენ იანშენმა ბარსელონური კლუბის აქციების 54% შეიძინა და ფანებს აღუთქვა, რომ 3 სეზონში "ესპანიოლი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. შაბათს "ესპანიოლი" ამ გზისკენ ერთ ნაბიჯს გადადგამდა, მატჩის მიწურულს ურუგვაელ მცველ მატეო მუსაჩოს რომ არ გაეთანაბრებინა - "ვილიარეალმა" შეძლო ქულის გადარჩენა - 2:2.

ქაოტურ თამაშში ხერარდ მორენომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "ესპანიოლმა" შეხვედრა 10 კაცით დაასრულა. ჯერჯერობით სწორედ "ვილიარეალი" ინარჩუნებს ლიგაზე გამსვლელ მე-4 ადგილს და არა "ესპანიოლი"...

თრილერი
ანდალუსიაში 5-გოლიანი თრილერი ვიხილეთ - "გრანადა" თითქოს, იოლად უგებდა "ხეტაფეს", მაგრამ მეორე ტაიმის 3-წუთიან მონაკვეთში სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს. "გრანადას" პასუხი რუბენ როჩინას ულამაზესი გოლი იყო - 3:2. სწორედ გამარჯვების გოლის ავტორი გამოარჩია "მარკამ" 7,5 ბალით.

როტაცია
ვიგოს "სელტამ" მადრიდში ლამის სათადარიგო შემადგენლობა ჩაიყვანა და დაისაჯა - "რაიო ვალეკანომ" ჯერ კიდევ პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაუტანა გალისიურ კლუბს ერთი ამდენი კი მის დაბნეულ დაცვას მასპინძელთა შემტევებმა აშკარად აპატიეს. "სელტა" ნამდვილად არ არის ის გუნდი, რომელსაც როტაციის უფლების მიცემა შეუძლია საკუთარი თავისთვის.

შეწყვეტილი სერია
ბასკურ დერბიში "ბილბაომ" "ეიბარი" 5:2 გაანადგურა. აღსანიშნავია არიც ადურისის დუბლი გამარჯვებულთა რიგებში და ბორხა ბასტონის დუბლი წაგებულებში. ამით "ეიბარის" 4-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა.

"სევილიამ" გაძლო
"ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკო" გააფთრებით უტევდა, მაგრამ "სევილია" კლდესავით იდგა დაცვაში. მასპინძელთა საუკეთესო შანსი ანტუან გრიზმანის თავურს მოჰყვა, რომელმაც ძელი შეაზანზარა. ერთი მომენტი "სევილიასაც" ჰქონდა, ევერ ბანეგამ მასპინძელთა კარის ხარიხა შეაწუხა. ბოლო ნახევარი საათი ანდალუსიელებმა 10 კაცით (ვიტოლო გააძევეს) და უმწვრთნელოდ (ამ გაძევების გაპროტესტებისთვის უნაი ემერიც მიაყოლეს) ითამაშეს, მაგრამ გაძლეს - 0:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლა კორუნიაში ბოლო წამებზე დაუძვრა მარცხს "ვალენსია" "დეპორტივოსთან" თამაშში. გარი ნევილის გუნდი ალვარო ნეგრედომ იხსნა.

XXI ტური
22 იანვარი
სპორტინგი-სოსიედადი 5:1
გოლები: 1:0 კარმონა (1), 2:0 დანი ნდი (9), 2:1 ველა (37), 3:1 სანაბრია (44), 4:1 სანაბრია (53), 5:1 სანაბრია (81)
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლორა, ლ. ერნანდესი, მერე, ი. ლოპესი - ს. ალვარესი (63. მასკარელი), რაშიდი - კარმონა, დანი ნდი (75. ჰალილოვიჩი), ჯონი (79. მენენდესი) - სანაბრია
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ზალდუა, ა. ელუსტონდო (45. მ. გონსალესი), ი. მარტინესი, ექტორი - ჩაბი პრიეტო, ბერგარა (75. პარდო), ილიარამენდი - ველა, ჟონათასი, ბრუმა (46. ოიარზაბალი)
გაფრთხილება: სანაბრია, კარმონა - მარტინესი, ზალდუა
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 11-9 (7-3); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 23 320

23 იანვარი
მალაგა-ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 ელ ჰადადი (2), 1:1 ხუანპი (32), 1:2 მესი (51)
მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი (83. დუდა), მ. ტორესი - ხუანპი, ნაჩო კამაჩო, რესიო (69. ფორნალსი), გ. კასტრო - შარლესი, ჩოპი (80. სანტა კრუსი)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - ა. ვიდალი, მასკერანო, ვერმალენი (46. მატიო), ადრიანო (73. ს. რობერტო) - არდა თურანი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ელ ჰადადი (56. რაკიტიჩი)
გაფრთხილება: შარლესი, ფორნალსი, დუდა - ვერმალენი, მესი, თურანი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 15-12 (9-6); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 27 599

ესპანიოლი-ვილიარეალი 2:2
გოლები: 1:0 კაისედო (3), 1:1 ტრიგეროსი (23), 2:1 მორენო (39), 2:2 მუსაჩო (88)
ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი, როკო, დუარტე - დიოპი, ჟორდანი - მორენო, ასენსიო, ბურგუი (68. ვ. ალვარესი) - კაისედო (43. სევილია)
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო, მუსაჩო, ბაილი (46. ბონერა), ხ. კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი (65. ლ. ბაპტიშტაო), ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო, დ. სუარესი - ბაკამბუ, სოლდადო
გაფრთხილება: ჟორდანი, მორენო, სევილია, ალვარესი - კოსტა
კუთხური: 3-9; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 11-14 (5-5); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 16 251

გრანადა-ხეტაფე 3:2
გოლები: 1:0 ფ. რიკო (27), 2:0 ელ-არაბი (36), 2:1 შჩეპოვიჩი (70), 2:2 მ. გომესი (73), 3:2 როჩინა (76)
გრანადა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - მ. ლოპეში, ბაბენი, ლომბანი, ფულკიე - ფ. რიკო (76. კრჰინი), რ. პერესი - ე. მენდესი (67. იბანიესი), როჩინა (84. მარკესი), საქსესი - ელ-არაბი
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - დ. სუარესი, ვერხინი, კალა, იოდა - ხ. როდრიგესი (57. შჩეპოვიჩი), ლასენი - პედრო ლეონი (57. ვანდერსონი), სარაბია, ვ. როდრიგესი (71. მ. გომესი) - ა. ვასკესი
გაფრთხილება: რიკო, როჩინა - ვანდერსონი, შჩეპოვიჩი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 20-9 (9-2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 15 448

ვალეკანო-სელტა 3:0
გოლები: 1:0 მიკუ (21), 2:0 ტიტო (26), 3:0 ხოსაბედი (36)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხუან კარლოსი - ქუინი, ზე კაშტრო, ტიტო (76. დორადო), ნაჩო - დ. ლორენტე, ტრაშორასი - პ. ერნანდესი (63. მონტიელი), ხოსაბედი, ბებე - მიკუ (69. გერა)
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, გოლდარი, ს. გომესი, პლანასი (73. ხონი) - ბორხა, რადოია (46. პ. ერნანდესი) - დრაჟიჩი (66. შეიხი), სენე, ბონგონდა - ბოვიუ
გაფრთხილება: დორადო, ქუინი, ტრაშორასი - ბოვიუ, გოლდარი, ორელიანა (მოედანზე არ იყო), დრაჟიჩი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 20-13; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 26-3 (10-1); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 10 780

24 იანვარი
ბილბაო-ეიბარი 5:2
გოლები: 0:1 ბასტონი (3), 1:1 ადურისი (12), 2:1 მერინო (27), 3:1 ლაპორტი (40), 3:2 ბასტონი (50-პენ), 4:2 ადურისი (52), 5:2 მ. დოს სანტოსი (80 ს. კ.)
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - დე მარკოსი, ბოვედა, ლაპორტი, ბალენზიაგა - სან ხოსე, ბენიატი (84. ვიგერა) - სუსაეტა, მუნიაინი (72. მ. რიკო), მერინო (78. ლეკუე) - ადურისი
ეიბარი (4-4-2): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, რამისი (14. პანტიჩი), ჟუნკა - კეკო, დ. გარსია, ადრიანი (46. ესკალანტე), ბერხონი (57. ხოტა) - ბასტონი, ენრიჩი
გაფრთხილება: ლაპორტი, სუსაეტა - ესკალანტე, კეკო
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10-9 (5-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 43 557

ატლეტიკო-სევილია 0:0
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი (76. ჯ. მარტინესი), გაბი, ა. ფერნანდესი (46. ფერეირა-კარასკო), კოკე - ვიეტო (80. ა. კორეა), გრიზმანი
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კოკე, რამი, კარიშო, ტრემულინა - კრიხოვიაკი, ნ'ზონზი - ვიტოლო, ბანეგა (76. კრისტოფორო), ესკუდერო (55. კრონ-დელი) - ფ. ლორენტე (71. გამეირო)
გაფრთხილება: ფერნანდესი, ფერეირა, კორეა, ფილიპე ლუიში - ვიტოლო, ლორენტე, კარიშო, რიკო
გაძევება: ვიტოლო (61)
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 21-7 (3-1); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 52 793

დეპორტივო-ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 ლ. პერესი (27), 1:1 ნეგრედო (93)
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი (87. ჯონათანი), არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო - ბერგანტინიოსი, მოსკერა - ფახრი (79. ლაურე), ლუის ალბერტო, კანი (68. ლუიზინიო) - ლ. პერესი
ვალენსია (4-2-3-1): რაიანი - ბარაგანი (53. ვეზუ), მუსტაფი, აბდენური, გაია - ზაჰიბო (60. ბაკალი), დანილო - მინა (72. როდრიგო), პარეხო, ანდრე გომეში - ნეგრედო
გაფრთხილება: ხუანფრანი, ლუქსი, არიბასი - გომეში, მუსტაფი, ვეზუ
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 6-5; კარში დარტყმა: 10-10 (2-3); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 23 782

ბეტისი-რეალი 1:1
გოლები: 1:0 სეხუდო (7), 1:1 ბენზემა (71)
ბეტისი (4-2-3-1): ადანი - მოლინერო, პეცელა, ბრუნო, ვარგასი - ნ'დიაი, პეტროში - კადირი (58. ხოაკინი), ფაბიანი (51. სებალიოსი), სეხუდო (76. პორტილიო) - რ. კასტრო
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - დანილო (64. კარვახალი), პეპე, ვარანი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი, ისკო - ხ. როდრიგესი (80. ხესე), ბენზემა, რონალდო
გაფრთხილება: ვარგასი, პეტროში, მოლინერო - დანილო, კარვახალი
კუთხური: 1-9; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 4-18 (2-8); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 48 111

25 იანვარი
ლევანტე-ლას პალმასი 23:30

ბომბარდირები: 18 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 17 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 16 - ნეიმარი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 14 - ბორხა ბასტონი (ეიბარი); 13 - არიც ადურისი (ბილბაო), გარეთ ბეილი (რეალი), ლუკას პერესი (დეპორტივო); 12 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 11 - კევინ გამეირო (სევილია), ლიონელ მესი (ბარსელონა).

მომდევნო ტური
30 იანვარი:
ბარსელონა-ატლეტიკო, ეიბარი-მალაგა, ხეტაფე-ბილბაო, ვილიარეალი-გრანადა, რეალ სოსიედადი-ბეტისი

31 იანვარი:
სევილია-ლევანტე, ვალენსია-სპორტინგი, ლას პალმასი-სელტა, რეალი-ესპანიოლი

1-ლი თებერვალი:
დეპორტივო-რაიო ვალეკანო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
esaris n xarisxis gayiduli tamashebi totalizatorebze.rasac pexbuti hqvia mokvda.....
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული