ლუის ენრიკემ ხოსეპ გვარდიოლას რეკორდი დაამხო

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლუის ენრიკემ თამაშამდე უწოდა ამ მატჩს უცნაური. მართლაც, 7:0 მოგების შემდეგ საპასუხო შეხვედრას რაღა აზრი ჰქონდა. მწვრთნელმაც ვალენსიაში 11 წამყვანი ფეხბურთელი არ წაიყვანა.

თავის მხრივ, გარი ნევილმაც შერეული შემადგენლობა დაახვედრა "ბარსას". "ვალენსიას" ულტრასებმა ბოიკოტი გამოუცხადეს გუნდს, ამიტომაც "მესტალიაზე" "ბარსელონასთან" თამაშს მხოლოდ 16 ათასი (!) ადამიანი დაესწრო.

ალვარო ნეგრედო მეკარესთან პირისპირ გავიდა, მოატყუა ისიც და "ვალენსია" დააწინაურა პირველ ტაიმში, მაგრამ მატჩის ბოლოსკენ "ბარსამ" მაინც გაათანაბრა. გოლი ისეთმა ხალხმა შექმნა, შესაძლოა, გაგონილიც არ გყავდეთ - 21 წლის ხუან კამარამ საჯარიმოში უილფრიდ კაპტუმი
მოძებნა და 19 წლის კამერუნელმაც გაიტანა - 1:1.

"ბარსელონა" სამეფო თასის ფინალშია, ხოლო ლუის ენრიკემ კლუბის ახალი რეკორდი დაამყარა - 29 მატჩი ზედიზედ წაუგებლად (23 მოგება, 6 ფრე). ბოლოს კატალონიელებმა წააგეს "სევილიასთან", ეს 3 ოქტომბერს მოხდა.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ასეთი არ უნდა იყოს თასის ნახევარფინალი. ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსი მივეცი და მათით კმაყოფილი დავრჩი. მიხარია, რომ ისევ ფინალში ვითამაშებთ. სკამიდან იმიტომ არ ავმდგარვარ, რომ ხმა ჩამიწყდა და ჩემი თანაშემწე ბრწყინვალედ გაერკვა ჩემს მოვალეობებში".

გარი ნევილი (ვალენსია): "ბიჭებმა კარგად ითამაშეს. ალვარომ გოლიც გაიტანა. მეორე ტაიმში უპირატესობის გაზრდაც შეგვეძლო. ულტრასები არ მოვიდნენ, მათ აქვთ პროტესტის უფლება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შაბათს ისინი მხარს დაგვიჭერენ".

ვალენსია-ბარსელონა 1:1 (0:7)
გოლები: 1:0 ნეგრედო (39), 1:1 კაპტუმი (84)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული