ლა ლიგა. XXIX ტურის წინ: შეიკრიბებიან ერთად და...

AutoSharing Option
5 ესპანური გუნდი ევროთასებიდან შინაურ პირველობას მიუბრუნდება, "ბარსელონას" და "ატლეტიკოს" კი ევრობატალიები წინ აქვთ. ისე მოხდა, რომ ლიდერთა სამეულს ამ უქმეებზე საქმე ცხრილის ქვედა ნაწილის გუნდებთან აქვს.

სამაგიეროდ, ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს მატჩს "სანჩეს პისხუანზე". არც ვალენსიური დერბი დავივიწყოთ...

პარადოქსული "ბარსა"
"ბარსელონა" დაფრინავს, მისი მომავალი მადრიდული ვიზავი "ხეტაფე" კი ახლა ყველაზე სუსტად მოთამაშე გუნდია ესპანეთის პრიმერაში. თამაში "კამპ ნოუზეა" და თან, "ბარსას" დიდი სადარდებელი არც კარსმომდგარ ლიგის მატჩისთვის აქვს, რადგან კომფორტულად მოუგო "არსენალს" ლონდონში. ძნელი მისახვედრი არაა, რომ კატალონიური
გრანდი უპირობო ფავორიტია ამ დაპირისპირებაში.

ჩემპიონს ნეიმარი უბრუნდება, რომელმაც დისკვალიფიკაცია სათავისოდ გამოიყენა, ბრაზილიაში დის დაბადების დღეზე გადაფრინდა. ის უკვე გუნდის ბაზაზეა და გუნდთან ერთად ჩვეულად ვარჯიშობს. სულ მალე სწორედ ნეიმარის თაობაზე ბრაზილიელთა თავკაცი დუნგა და "ბარსას" მწვრთნელი ლუის ენრიკე დაილაპარაკებენ და გადაწყვეტენ, რომელ ტურნირებს ითამაშებს ფეხბურთელი - კოპა ამერიკას თუ რიოს ოლიმპიადას, იქნებ ორივესაც...

ერთი შეხედვით, პარადოქსული სიტუაციაა გუნდში - ლუის ენრიკემ ბიჭები თავიანთ საქმეებზე გაუშვა, ნეიმარზე უკვე ვთქვით, პიკე თავისი ბიზნესის საქმეებზე დარბოდა, დანი ალვეში გელფრენდთან ერთად ვენეციაში იყო, სუარესმა დრო იხელთა და ლივერპულში ყოფილ თანაგუნდელებს ჩააკითხა. თითქოს, გუნდში დისციპლინის ნასახიც არ არის, მაგრამ შეიკრიბებიან ისევ ერთად და...

ლუის ენრიკეს საფიქრალი მხოლოდ დაცვის ცენტრია, რადგან ხავიერ მასკერანო დისკვალიფიცირებულია, "არსენალთან" კი ვერ იქნება (იმავე მიზეზით) ჟერარდ პიკე. მოკლედ, ლუის ენრიკეს დაცვის ტანდემი მოსაფიქრებელი აქვს ორივე შემთხვევაში. "მარკა" ვარაუდობს, რომ "ხეტაფესთან" პიკესა და მატიოს წყვილი ითამაშებს, ხოლო "არსენალთან" ვერმალენისა და მასკერანოსი.

მარსელო ნახევარდაცვაში?
"რეალის" და კონკრეტულად, ზინედინ ზიდანის თავზე შეკრებილი შავი ღრუბლები გუნდმა დროულად გადარეკა - ჯერ ლა ლიგაში 7:1 გაანადგურა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "სელტა", შემდეგ კი "რომა" ჩემპიონთა ლიგიდან დაიფრინა. ახლა "სამეფო კლუბი" ერთ-ერთ აუტსაიდერ "ლას პალმასს" სტუმრობს კანარის კუნძულებზე.

"ლას პალმასი" ბოლოს "დაიქოქა", თორემ გავარდნის რეალურ კანდიდატად ითვლებოდა. ბუნებრივია, ამ წყვილშიც ფავორიტი გრანდია - "რეალი". ამბობენ, ზიდანს არ მოეწონა, როგორ "ჭრიდა" მოჰამედ სალაჰი გუნდის დაცვის მარცხენა ფლანგს.

ფრანგი ბრაზილიელის სკამზე დასმას არ აპირებს, რადგან მას შეტევაში დიდი პოტენციალი აქვს. ამიტომ შესაძლოა, მარსელომ ექსპერიმენტად ნახევარდაცვაში ითამაშოს და "ლას პალმასზე" უკეთეს საექსპერიმენტე გუნდს "რეალი" სად ნახავს?

"დეპორტივო", "ეინდჰოვენზე" ფიქრში
ლიდერთა სამეულიდან ყველაზე სერიოზული მეტოქე "ატლეტიკოს" ჰყავს - ლა კორუნიის "დეპორტივო", მაგრამ ახლა გალისიურ კლუბს ძალიან ცუდი პერიოდი აქვს - 12 ტურია, "დეპორტივომ" მოგების გემო არ იცის. დიეგო სიმეონე კი შემართულია და სურს, "ატლეტიკომ", რაც შეიძლება, მეტს მიაღწიოს.

ასე რომ, ამ წყვილშიც ფავორიტი აშკარაა. ერთია, არგენტინელის გუნდს ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის, საპასუხო დაპირისპირება "პსვ ეინდჰოვენთან", სადაც ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. მცირე ჩავარდნის შემდეგ ისევ ფორმაშია ანტუან გრიზმანი, რომელზეც ახლახან თანაგუნდელმა კოკემ იხუმრა, თუკი გრიზმანის საფრანგეთი ევრო 2016-ს მოიგებს, ჩვენ ანტუანს სამშობლოში დეპორტით დავაბრუნებთო.

გრიზმანმა უკვე 15 გოლი გაიტანა (თავის შარშანდელ გრაფიკს გოლით უსწრებს). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 8 შემთხვევაში მან ანგარიში გახსნა. თამაშში ამდენი პირველი გოლი კი ლა ლიგაში მხოლოდ ქარიმ ბენზემას აქვს გატანილი.

დერბი და ტურის ცენტრალური ჯახი
გარი ნევილს თავისი პირველი ვალენსიური დერბი ელის და შესაძლოა, ეს დაპირისპირება ბოლოც იყოს ინგლისელისთვის, რადგან მის მოღვაწეობას "მესტალიაზე" წარმატებულს ვერ ვუწოდებთ. "ლევანტესა" და "ვალენსიას" დაპირისპირებას ტრადიციულს ვერ ვუწოდებთ, ლა ლიგაში 20-ზე მეტი თამაში ძლივს მოდის, მაგრამ დაძაბულობა ყოველთვის ისეთია, როგორც სხვა გამორჩეულ დერბებში.

"ლევანტე" ბოლო ადგილზეა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლებს. პირველ წრეში "ვალენსიამ" 3:0 გაანადგურა "ლევანტე" პაკოს, ფეგულისა და ბაკალის გოლებით. გარი ნევილს დერბიში ფონს გასვლა ახალი ლიდერის, დენის ჩერიშევის გარეშე მოუწევს, რომელიც მარტში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

სატურნირო თვალსაზრისით, ტურის ცენტრალური შეხვედრა "სანჩეს პისხუანზე" გაიმართება, სადაც "ყვითელი წყალქვეშა ნავი" "სევილიას" სტუმრობს და თუ უნაი ემერის გუნდი გამარჯვებას მოახერხებს, ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი საგზურისთვის ბრძოლაც დაიძაბება.

"სევილია" სტუმრად არის უკბილო (ერთადერთი გუნდია პრიმერაში, რომელსაც ამ სეზონში საგარეო მატჩი არ მოუგია), მაგრამ მშობლიურ არენაზე ჩემპიონის გრაფიკით თამაშობს - 12 ტურია, მხოლოდ იგებს "სანჩეს პისხუანზე". სტუმრებს არ ეყოლებათ რობერტო სოლდადო, რომელიც დისკვალიფიცირებულია. ორივე გუნდს დამღლელი მატჩი ჰქონდა ხუთშაბათს ევროპალიგაზე.

პარასკევი. 11 მარტი
მალაგა-სპორტინგი 23:30
დისკვალიფიკაცია: კამაჩო - ვრანიეში
ტრავმა: კრუსი, ჩოპი, კამენი - ესპინოსა, კასესი, ხონი (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +4=2-3, (11-9)

შაბათი. 12 მარტი
ბარსელონა-ხეტაფე 19:00
დისკვალიფიკაცია: მასკერანო - ვასკესი, სარაბია, კალა
ტრავმა: ბუსკეტსი (?), ადრიანო (?), პერეირა (?), რაფინია, თურნაი (?) - ლაგო, ვიგარაი, სუარესი
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +16=5-2, (52-17)

სელტა-სოსიედადი 21:15
დისკვალიფიკაცია: ორელიანა - გრანერო
ტრავმა: ფონტასი, პ. ერნანდესი - აგირეჩე (?), ზურუტუზა (?), კაპილია, ბერგარა (?), კანალესი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 თამაში: +28=24-35, (126-142)

ატლეტიკო-დეპორტივო 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სავიჩი (?), ტიაგო, ტორესი (?) - კანი (?), სიდნეი (?), დომინგესი, ლ. პერესი (?), ფაბრისიო
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 83 თამაში: +42=17-24, (149-98)

ვალეკანო-ეიბარი 01:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ებერტი, კრესპო (?), მიკუ, ტონიო, პ. ერნანდესი, რაცი, ხოსაბედი (?), კობენიო - ხიმენესი, გაიტანი (?), ხოტა, ეკიზა
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=0-2, (4-5)

კვირა. 13 მარტი
ლევანტე-ვალენსია 15:00
დისკვალიფიკაცია: - სანტოსი
ტრავმა: ლოპესი, ტონიო, ლოპესი (?) - პერესი (?), ბაკალი, ჩერიშევი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +6=5-10, (20-35)

სევილია-ვილიარეალი 19:00
დისკვალიფიკაცია: - სოლდადო
ტრავმა: ანდრეოლი, პარეხა - სამუ, კოსტა (?), სანტოსი, მუსაჩო (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +14=6-7, (39-27)

ბილბაო-ბეტისი 21:15
დისკვალიფიკაცია: ლაპორტი, ბალენზიაგა - ხ. ვარგასი
ტრავმა: ადურისი (?), გომესი, ვილიამსი - პიჩინი, კადირი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 99 თამაში: +38=32-29, (161-102)

ლას პალმასი-რეალი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ერნანი, ტანა (?), აიტამი (?), ხ. კასტელიანო, დ. კასტელიანო, ვაკასო, გომესი - ბენზემა
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 63 თამაში: +7=13-43, (56-165)

ორშაბათი. 14 მარტი
გრანადა-ესპანიოლი 23:30
დისკვალიფიკაცია: პენიარანდა, ფერნანდესი - სანჩესი, დიოპი
ტრავმა: მარკესი (?) - ლოპესი (?), არბილია
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +11=10-20, (39-54)

ბომბარდირები: 27 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 21 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 19 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 18 - ნეიმარი (ბარსელონა); 17 - არიც ადურისი (ბილბაო); 16 - ბორხა ბასტონი (ეიბარი); 15 - ლუკას პერესი (დეპორტივო), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული