ბარსელონა-რეალის წინ: ერთად შევიგრძნოთ კლასიკოს სურნელი

AutoSharing Option
მომავალ უქმეებზე ბევრს ევროპულ გარჩევათა შორის ერთი ისეთი მატჩი გამოერევა, მთელ მსოფლიოს საფეხბურთო მორევში რომ ჩაითრევს. ალბათ მიხვდით, "ნოუ კამპზე" გასამართ "ელ კლასიკოს" ვგულისხმობთ. რა მდგომარეობაშიც უნდა იყვნენ "ბარსელონა" და "რეალი", ეს მატჩი მაინც განსაკუთრებულია.

ზიდანისათვის სადებიუტო
ეს კლასიკო სადებიუტო იქნება "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანისათვის. განუმეორებელ ფრანგ ფეხბურთელს მოქმედი ფეხბურთელის რანგში არაერთი ასეთი მატჩი უთამაშია, მაგრამ მწვრთნელის რანგში ის პირველად წარსდგება "ბარსელონას" სტადიონის გადაჭედილი ტრიბუნების წინაშე.

ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს "ბარსელონასათვის" მცირე, მაგრამ მაინც უპირატესობაა. ზიდანის "რეალს" ჯერაც
ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ გუნდმა გასვლაზე თამაშიც იცის.

დიახ, თუ "სანტიაგო ბერნაბუეზე" მადრიდელები მეტოქეთა უმრავლესობას ანადგურებენ, იმავეს ვერ ვიტყვით გასვლით შეხვედრაზე. "რეალს" საკუთარი ტერიტორიის მიღმა უამრავი პრობლემა ექმნება და ამაში დარწმუნება უბრალოდ შეიძლება - მხოლოდ შედეგებს უნდა ჩავხედოთ.

ზიზუს კოზირები
მეტოქეები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. "რეალს" თითქმის, აღარ შერჩა ესპანეთის ჩემპიონობის შანსი. ცხადია, ჩემპიონი "ბარსელონა" გახდება. ვერც იმას ვიტყვით გადაჭრით, რომ მადრიდელები ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ.

აქედან გამომდინარე, კარსმომდგარი "ელ კლასიკო" განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობისაა "რეალისათვის". თუ ზიდანის გუნდი მოიგებს, პრიმერაში მოჩვენებითი საჩემპიონო ინტრიგა დაბრუნდება და სეზონის ბოლოს მწვრთნელ - ფეხბურთელები იტყვიან, რომ სხვა თუ არაფერი, მათ "ბარსა" დაამარცხეს.

"ბარსელონამ" იცის, საიდან ელოდოს საფრთხეს. რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში "დიდი სამეული" იქნება. რონალდოს, ბენზემასა და ბეილის გაჩერება ურთულესი საქმეა, მაგრამ ეს ყველამ იცის.

კლასიკოს დამატებით ხიბლს შესძენს ის, თუ ზიდანი შეძლებს და კოლეგა ლუის ენრიკეს რაიმეთი გააკვირვებს. "რეალს" ჰყავს შენელებული მოქმედების ბომბები, რომელთა აფეთქებაც ნებისმიერ წამსაა მოსალოდნელი. ზიდანი მათ უნდა ენდოს.
ისკო, ლუკას ვასკესი და ხესე ასეთები არიან. ძნელია, ვეშაპებში ზვიგენს ენდო, მაგრამ მწვრთნელმა ხანდახან უნდა გარისკოს. გასვლით მატჩებში ჩვენ ზედმეტად აკადემიურ "რეალს" ვხედავთ. ეს უკვე ცუდია. ეს უნდა შეიცვალოს.

რონალდოს ფაქტორი
რა თქმა უნდა, "რეალის" თამაში და კლასიკოს საბოლოო შედეგი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული კრიშტიანოს რონალდოს გარჯაზე. რონალდოს ისევ ბევრი გააქვს და ისევ ლიდერია. "ბოროტი ხმები" კი ერთხმად გუგუნებენ, რომ პორტუგალიელმა არ იცის გადამწყვეტი მატჩების თამაში. კლასიკო სწორედ ასეთია.

თუ მიმდინარე სეზონს ყურადღებით გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ კრიშტიანო მეტად გახდა დამოკიდებული ხასიათზე.

თუ მას თავიდანვე მისდის თამაში, ის შეუჩერებელია და გოლი გოლზე გააქვს. თუ არა და ხელების შლას და პარტნიორების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვას უნდება.

რონალდოს ფორმა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქარიმ ბენზემა ჯერაც ნერვიულობს საფრანგეთის ნაკრებზე, გარეთ ბეილი კი ახლახანს დაუსხლტა მძიმე ტრავმას.

ათასმეერთედ წასაკითხი წიგნი
თანამედროვე "ბარსელონა" ათასჯერ წაკითხულ წიგნს ჰგავს, ათასმეერთედ რომ წაიკითხავს და ბევრ ახალს შეიტყობ. დღევანდელ ჩვენს წერილში "ბარსელონაზე" შედარებით ცოტა უნდა დავწეროთ და ამას აქვს თავისი მიზეზი - "ბარსელონა" ისეთივე იქნება მომავალ მატჩში, როგორიც აქამდე იყო - ლაღიც და ტექნიკურიც, მონდომებულიც და კლასიანიც.

რა თქმა უნდა, "რეალს" განსაკუთრებით მესი - სუარესი - ნეიმარის სამეულუის შეჩერება გაუჭირდება. "ბარსელონას" და "რეალს" ჩემპიონთა ლიგის მატჩები ელით, თუმცა თავს ვერც ერთი დაზოგავს.

მთელი ძალით მოქმედი ეს სამეული კი ურთულესი შესაჩერებელია. მეტიც, თანამედროვე ფეხბურთში არ არსებობს რეცეპტი მათ შესაჩერებლად. "რეალის" დაცვა კი მსოფლიოში საუკეთესო ნამდვილად არ არის.

ადვილად შეგვიძლია, ამ მატჩის სცენარი წარმოვიდგინოთ. "ბარსელონა" თავიდანვე შეუტევს, "რეალი" კი ისეთი დომინანტი ვერ იქნება, როგორც სხვა გუნდებთან. სპეციალისტები წითელ - ყვითელი ბარათების სიჭარბესაც ვარაუდობენ.

რაც მთავარია, ჩვენ დიდი საფეხბურთო ზეიმის მომსწრენი გავხდებით. იმ დღეს მთელი მსოფლიო ფეხბურთით იცხოვრებს. იმ დღეს დედამიწაზე ფეხბურთი გამეფდება. როგორც წესი, არ არსებობს ცუდი კლასიკო.

არსებობს ძალიან კარგი და გადასარევი კლასიკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კრუიფი არ გიხსენებიათ, ტეხავს
მინდია
12:27 27-03-2016
0

სიახლეები პოპულარული