ელ კლასიკოს მერე: ზიზუ, როგორც გმირი

AutoSharing Option
მწვრთნელის ბედს კაცი ვერაფერს გაუგებ. ის ხანდახან დაუმსახურებელ ალიყურს გაარტყამს და დროებით კუთხეში მიაგდებს პატრონს, ხანდახან კი იწყება აღმაფრენა და მერე ამ მწვრთნელის შეჩერება ძალიან რთულია.

არის ხოლმე მატჩები, რომელთა მოგებაც ძალიან ხშირად განსაზღვრავს ამა თუ იმ სპეციალისტის მომავალს, მისი კარიერის ვექტორს. ვნახოთ, იქნება თუ არა ასეთი ზინედინ ზიდანისათვის მოგებული კლასიკო -პირველი კლასიკო, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ "რეალი" დამოძღვრა.

- "ათიანში" ათი კაცით - ელ კლასიკოს გამოხმაურება ევროპულ მედიაში

პირველი და მთავარი, რამაც "რეალის" გამარჯვება განაპირობა, ამ გუნდის ცივსისხლიანობაა. მთელი
კლასიკოს განმავლობაში მადრიდელი ფეხბურთელები ყველაფერს ცივი გონებით აკეთებდნენ. როგორც წესი, ეს მწვრთნელის გარეშე არ ხდება.

გასაგებია, რომ იყო გამონაკლისი სერხიო რამოსის სახით, მაგრამ რამოსი სულ ასეთია და მას ვერანაირი მწვრთნელი ვერ შეცვლის. რამოსის ავანტიურამ, გარკვეულწილად, "რეალს" არგო კიდეც. ამაზე ქვემოთ.

ზიდანის საქციელი კი მართლაც სამაგალითო იყო. ის ისე მოიქცა, თითქოს, კლასიკოში გუნდის დამოძღვრა მისთვის ჩვეული მოვლენა ყოფილიყოს.

- 2 საკამათო ეპიზოდი ბარსელონა-რეალის მატჩში [VIDEO]

დარწმუნებულნი ვართ, კარლო ანჩელოტიმ ამ თამაშს უყურა. იმის გამოცნობაც შეიძლება, რომ იტალიელი ინტელიგენტი მოკალათებული იყო სავარძელში და თამაშს ჭიქა მსუბუქ ღვინოსთან ან ყავასთან ერთად უცქერდა.

არ შეიძლება, კარლოს ზინედინ ზიდანის მოქმედება, მისი ანგარიშიანობა არ მოსწონებოდა. პირველი კლასიკო და არანაირი ემოცია - ეს ყველას როდი შეუძლია. გარდა ამისა, ზინედინმა შეიმუშავა გეგმა, რომელმაც მაგრად იმუშავა.

რას გულისხმობდა ეს გეგმა? "რეალს" ამ შეხვედრაში საერთოდ არ უცდია ბურთის კონტროლი. "სამეფო კლუბმა" აქცენტი გააკეთა იმაზე, რაც ყველაზე კარგად იცის - ეს არის კონტრშეტევები.

აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება "რეალის" თითქმის იდეალურ თამაშს დაცვაში. ბევრჯერ გინახავთ კრიშტიანო რონალდო, რომელიც საკუთარ საჯარიმოში ჩამოდის და ისე ართმევს ბურთს მოწინააღმდეგეს?

- ეს რა ჰქნა ზიდანმა?!

ჩვენ ეს ვნახეთ. ჩვენ ვნახეთ "რეალი", როგორც ერთიანი, შეკრული გუნდი. ეს ზინედინ ზიდანმა შეძლო და ამისათვის მას მხოლოდ და მხოლოდ ქება ეკუთვნის. "სამეფო გუნდის" მექანიზმი წამითაც არ მოშლილა.

ზიდანმა წარმატებით გაართვა თავი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ამოცანას. მან "რეალს" თავისი სერხიო ბუსკეტსი უპოვნა. დიახ, ძირითად შემადგენლობაში ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველის, კაზემიროს გამწესებამ ბევრი რამ შეცვალა "თეთრების" სასარგებლოდ.

კაზემირომ დიდებულად ჩაატარა ეს შეხვედრა. მამ მოახერხა და შებორკა "ბარსელონას" ლიდერები. სწორედ კაზემიროს დამსახურებაა დიდწილად ის, რომ "ბარსელონას" ლიდერებს შაბათ საღამოს მინდორზე ბევრი არაფერი გამოუვიდათ.

რა თქმა უნდა, კლასიკოს მიმდინარეობაში თავისი წვლილი "ბარსელონას" ლიდერების ცუდმა თამაშმაც შეიტანა. ყველა ვირტუოზის კარიერაში არის მატჩები, როცა ის ბოლომდე ვერ ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს.

ასე იყო მესის შემთხვევაშიც. თამაში არც ნეიმარს წაუვიდა. "დიდი სამეულიდან" ყველაზე აქტიური ლუის სუარესი იყო. მან სერხიო რამოსი გააწამა და რამდენჯერმე ჩვეულად გაილაღა, მაგრამ საგოლე დარტყმა მაინც ვერ შეასრულა.

"ბარსელონამ" მესისა და ნეიმარის შედარებით ინერტული თამაშით ძალიან ბევრი დაკარგა. იმდენად ბევრი, რომ ეს გუნდს წაგებად დაუჯდა. "რეალის" ლიდერებმა კი შესანიშნავად ითამაშეს. ბენზემამ და რონალდომ გოლები გაიტანეს. რაც შეეხება ბეილს, ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო.

სამართლიანობა მოთხოვს აღინიშნოს, რომ იმავე ბეილსა და ბენზემას სანაკრებო უქმეები არ ჰქონიათ. ამან "რეალის" წისქვილზე დაასხა წყალი. ბეილი უელსის ფეხბურთის ფედერაციამ "რეალთან" შეთანხმების საფუძველზე დაასვენა.

რაც შეეხება ბენზემას, ქარიმისა და საფრანგეთის ნაკრების თაობაზე ყველამ კარგად ვიცით. აღარც ღირს, სიტყვა ამ კონფლიქტზე გავაგრძელოთ. ფაქტია, ფრანგი ძალიან კარგი და მსუბუქი იყო.

ყველაფერ ამასთან ერთად, "რეალმა" კლასიკოში ხასიათიც აჩვენა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ სიტუაციაში გააძევეს სერხიო რამოსი. რა თქმა უნდა, ეს შეგნებულად არ მომხდარა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ გაძევებამ ყველას აჩვენა "რეალის" ხასიათი.

თავის დროზე ასეთი რამ ზინედინ ზიდანსაც გაუკეთებია. გაუკეთებია გაცილებით მნიშვნელოვან და დიდი მასშტაბის შეხვედრაში. მწვრთნელის ხასიათი მინდორზე გადავიდა და ეს სულაც არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი მომენტი.

თამაშის დასრულების შემდეგ "ბარსელონას" ამჟამინდელი თუ ყოფილი პრეზიდენტებით გარშემორტყმული ფლორენტინო პერესი ზიდანს ტაშს უკრავდა. პირველი და მოგებული კლასიკო - ეს პრეზიდენტის თვალში მართლაც რომ ნდობის განსაკუთრებული კრედიტია.

რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ პერესის სიმპათიები ძალიან ხშირად იცვლება, მაგრამ ზიდანს უნდა აცალონ. ზიზუ ლეგენდაა და სამწვრთნელო დასაწყისიც ძალიან კარგი აქვს, მიუხედავად ერთი-ორი ჩაგდებული მატჩისა.

- ბარსელონა-რეალი 1:2 - რონალდომ "ბარსას" 39-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა [VIDEO]

კლასიკოს შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში მდგომარეობა დაიძაბა. ნუ, შედარებით მაინც. "ბარსელონა" აწი ვეღარ ისეირნებს მინდორზე. "ბარსას" ზურგსუკან "ატლეტიკოსა" და "რეალის" სუსხიანი სუნთქვა ესმის.

შეიძლება ჩვენ მოჩვენებით ინტრიგას ვეძებთ, მაგრამ გინდა თუ არა, ის თავს მაინც გახსენებს. მით უმეტეს, თუნდაც შემდეგ ტურში "ბარსას" რთული გასვლითი მატჩი ელის "სოსიედადთან", "ანოეტაზე".

გამოღვიძება
კლასიკოს მთავარი გმირი ზინედინ ზიდანი იყო. ამას ბევრი მსჯელობა არ სჭირდება. და ვინ იყო რანგით მეორე გმირი? რა თქმა უნდა, დიდებული გოლი შეაგდო ქარიმ ბენზემამ, მაგრამ ყველაზე მეტად გადამწყვეტი გოლი ფასობს. ეს გოლი კრიშტიანომ გაიტანა.

ახლა კარგა ხნის განმავლობაში დავიწყებას მიეცემა თემა, რომ რონალდო გადამწყვეტ მატჩებს ვერ თამაშობს. კრიშტიანო ბოლო დროს მართლაც უკლებდა და ეს ვარდნა ზიდანმა უნდა შეაჩეროს.

რონალდომ სულ 20 წუთი ითამაშა უმაღლეს დონეზე და ეს 20 წუთი კლასიკოს მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ბედნიერები ვიქნებით, თუ კრიშტიანო საბოლოოდ გაიღვიძებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კლასიკოს მეორე გმირი არანაირად არ იყო რონალდუ გმირი იყო მარსელო.
lasha90
21:35 05-04-2016
0
გგგ
შენს ბავშვობაში თუ რეალი კონტრშეტევებს თამაშობდა, ესეიგი მაქსიმუმ 12 წლის ყოფილხარ რადგან მოურინიოს მოსვლამდე რეალის სტილი კონტრშეტევა არასდროს ყოფილა
lopo
08:59 06-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული