ფერნანდო ტორესი - "ელ ნინიომ" ფრთები დაიბრუნა

AutoSharing Option
ფერნანდო ტორესი არის 32 წლის და განიცდის რენესანსს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ისევ ძველი "ელ ნინიოა", რომელიც აღაფრთოვანებდა "ვისენტე კალდერონსა" და "ენფილდს". საერთოდ, წლევანდელ სეზონში მოულოდნელობა არაერთია.

აქეთ "ლესტერი", იქით "ბარსელონას" მოულოდნელი კრახი ჩემპიონთა ლიგაზე. ტორესის ამბავიც ამათ შორისაა. ფერნანდო ძალიან ბევრმა ჩამოწერა. მათ შორის, ჩამოწერეს ბევრისმნახველმა ექსპერტებმა. ის კი ასე არ ფიქრობს, გააქვს და გააქვს.

ფეხბურთში სტატისტიკა ყველაფერს როდი ნიშნავს, მაგრამ ზოგადი დასკვნების გამოსატანად ნაღდად გამოდგება. მხოლოდ ეს დავწეროთ
და სტატისტიკაზე მოვრჩეთ - ფერნანდო ტორესმა ზედიზედ მეხუთე მატჩში შეაგდო და ეს სერია მხოლოდ ამ უქმეებზე შეწყვიტა. მგონი, ყველაფერი ნათქვამია.

გოლი გოლია, მაგრამ ზოგიერთ გოლს განსაკუთრებული ფასი ადევს. "ატლეტიკთან" მოპოვებულმა ურთულესმა გამარჯვებამ მადრიდულ კლუბს ესპანეთის ჩემპიონობის რეალური შანსი დაუტოვა.

საკმარისია, "ბარსელონამ" სულ ოდნავ წაიფორხილოს, რომ "ატლეტიკო" ჩასაფრებულია. ის ფავორიტს ფეხის დაცდენას არამც და არამც არ აპატიებს.

ცოტა უკან დავიხიოთ და გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი. მაშინ სწორედ ფერნანდო ტორესმა აიღო მოწინააღმდეგის კარი, თუმცა მერე ის მინდვრიდან გააძევეს და "ბარსამ" ორი შეაგდო.

"ვისენტე კალდერონზე" გამართულ მატჩს ტორესი ტრიბუნიდან უცქერდა. როგორც გახსოვთ, სასწაულად ნერვული თამაში გამოვიდა. ტორესი ტრიბუნაზე იყო, მაგრამ როგორც თავად აღიარა, ის პარტნიორებზე მეტს ნერვიულობდა.

"საშინელი 90 წუთი გადავიტანე. ჩემი თანაგუნდელები მინდორზე იყვნენ და მათ ნერვიულობისათვის არ ეცალათ. მე კი თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რადგან პირველ შეხვედრაში პარტნიორები დავაღალატე. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა. ჩვენ ნახევარფინალში გავედით და თამაშის შემდეგ ძალიან ბედნიერი ვიყავი. მადლობა ჩემს პარტნიორებს", - ამბობს ტორესი.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ათლეტები" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდებიან. ფერნანდო რთულ ბრძოლას ელის, მაგრამ საკუთარი გუნდისა მაინც სჯერა.

"ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ. სათამაშო გეგმას ზუსტად მივყვებით. შანსი ყველასთან არის, ისეთ დიდ გუნდთანაც კი, როგორიც "ბაიერნია". ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა".

როგორც ზემოთ დავწერეთ, ტორესის გაცოცხლების ბევრს არ სჯეროდა. "ლივერპულში" გატარებული დიდებული სეზონების შემდეგ ტორესი "ჩელსიში" ჩაფლავდა. ამის შემდეგ იყო "მილანში" გატარებული მცირე პერიოდი და დაბრუნება შინ, "ვისენტე კალდერონზე". სწორედ ეს დაბრუნება აღმოჩნდა მაგიური ფერნანდოსათვის.

თუ "ატლეტიკოს" თამაშს დავაკვირდებით, მივხვდებით: ამ გუნდს იმხელა შინაგანი მგზნებარება აქვს, რომ შეუძლებელია, "ათლეტთა" რიგებში ემოციის გარეშე ითამაშო. ტორესს თითქოს ეს აკლდა ბოლო წლებში. მან ადრენალინის ჭარბი დოზა მიიღო.

ახლა თვითონ ფერნანდოს მოვუსმინოთ. "მე ყოველთვის ვიცოდი, რომ "ვისენტე კალდერონზე" დავბრუნდებოდი, რადგან ეს ჩემი სახლია. ჩვენ ხშირად ვტოვებთ ოჯახს და მერე შინ ვბრუნდებით. ასე იყო ჩემს შემთხვევაში.

ძალიან გამიმართლა, მე ხომ "ვისენტე კალდერონზე" განუმეორებელი გარემო, დიდებული მწვრთნელი და თანაგუნდელები დამხვდნენ. მე დღეს აქ ბედნიერი ვარ".

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ფეხბურთელისათვის ახალი მოტივაცია იპოვა. ჩვენ ვხედავთ ფერნანდოს, რომელიც მინდორზე გიჟივით იბრძვის. სიმეონე ფეხბურთელის თაობაზე ამბობს: "ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მისი უდიდესი გამოცდილება ძალიან გვეხმარება. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთ პროფესიონალთან მიწევს მუშაობა".

ტორესი უმატებს და უმატებს. თუ ასე გაგრძელდა, ის მომავალ სეზონშიც შეუცვლელი ფიგურა იქნება "ატლეტიკოს" შეტევაში ანტუან გრიზმანთან ერთად. არადა, ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ "ატლეტიკოს" შესაძლოა, დიეგო კოშტა დაუბრუნდეს ლონდონის "ჩელსიდან".

რა თქმა უნდა, კოშტა დიდებული ფეხბურთელია. მან თავისი ღრმა კვალი დატოვა "ატლეტიკოში", მაგრამ ტორესთან კონკურენცია მაინც საძნელო საქმედ მოჩანს. მით უმეტეს, დღევანდელ პირობებში 32 წელი ფეხბურთელისათვის კრიტიკულ ასაკად ვერ ჩაითვლება.

პარტნიორებს ძალიან მოსწონთ ტორესთან ერთად თამაში. "ატლეტიკოს" ერთ-ერთი ლიდერი, კოკე ასე აფასებს გუნდში ფერნანდოს როლს:

"მან იცის, რა არის ტიტულების მოგება. როცა მასთან ერთად გადიხარ მინდორზე, ყოველგვარი დაძაბულობა გეხსნება. ის ზუსტად ის ფეხბურთელია, რომელიც გუნდს დიდი გამარჯვებებისკენ უნდა წარუძღვეს".

ევროპის ჩემპიონატი კარს მოგვადგა. ტორესის სანაკრებო კარიერა ერთი შეხედვით დასრულებულია, მაგრამ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ - ესპანეთს დღეს არ ჰყავს ფერნანდოზე უკეთესი ცენტრფორვარდი.

დიდი ვერაფერი ფუფუნებაა დიეგო კოშტას იმედზე ყოფნა. მოკლედ, ვნახოთ...

- რატომ უნდა დარჩეს ფერნანდო ტორესი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული