ლევან კობიაშვილმა და კომპანიამ საკუთარ "ოლიმპიაშტადიონზე" უშუალო კონკურენტს ვერაფერი მოუხერხეს და 1:2 დამარცხდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერლინური კლუბის მდგომარეობა დამძიმდა. თუმცა, რაკი სხვა კონკურენტებმაც ვერ იხეირეს ("აუგსბურგმა" "შტუტგარტთან" 1:3 წააგო, "კიოლნი" მაინცში 0:4 განადგურდა), ბერლინელები 30-ე ტურის შემდეგ გამოუვალ სიტუაციაში მაინც არ არიან.
სწორედ ამას გაუსვა ხაზი რეჰაგელმა მატჩის შემდეგ - თუკი "ფრაიბურგთან" შეხვედრამდე ამბობდა, სამივე საშინაო მატჩს თუ მოვიგებთ, გადავრჩებითო, ამ წაგების შემდეგ ბევრი
"სიტუაცია, ფაქტობრივად, იგივეა, რაც ამ ტურამდე იყო. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ფინიშს კიდევ ერთი ტურით მივუახლოვდით და შესაბამისად, ახლა უფრო დაძაბულები ვიქნებით," - აღნიშნა რეჰაგელმა.
სხვა რა უნდა ეთქვა? მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "მეფე ოტო" უსიცოცხლო და ნირწამხდარი ჩანდა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია: 30 ტურის შემდეგ "ჰერტა" 27 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და სარელეგაციო მე-16 ადგილზე მყოფ "კიოლნს" ორი ქულით ჩამორჩება, მე-15 ადგილზე მყოფ "აუგსბურგს" კი - სამით.
მისი ხელმძღვანელობით "ჰერტას" 8 მატჩში მხოლოდ 7 ქულა აქვს აღებული და ასეთი ბალანსის გათვალისწინებით, რთული წარმოსადგენია, რომ კობიმ და კომპანიამ ოთხივე თამაში მოიგოს.
თანაც, არც კალენდარი აქვთ მაინცდამაინც იოლი: მომდევნო ტურში ბერლინელები ლევერკუზენში ჩადიან, საიდანაც "ჰერტასთვის" სამი ქულის წაღება უდიდესი გმირობის ტოლფასი იქნება.
32-ე ტურში რეჰაგელის შეგირდებს მართლა იოლი მატჩი ელით "კაიზერსლაუტერნთან", რომელიც, დიდი შანსია, იმ დროისთვის უკვე გავარდნილი იყოს. მერე "შალკეს" სტუმრობენ, ხოლო ბოლო ტურში კი "ჰერტა" "ჰოფენჰაიმს" უმასპინძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"