არიენ რობენი: მაპატიეთ!

AutoSharing Option
არიენ რობენს შეეძლო, მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ ანტიგმირობას გამოჰკრა ხელი.

არა მარტო იმიტომ, რომ პენალტი ვერ გაიტანა: სწორედ ჰოლანდიელი ჩარჩა ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის ზღვარს უკან, როცა რობერტ ლევანდოვსკიმ გამარჯვების გოლი გაიტანა და ბოლოს, პენალტის გაცუდების შემდეგ, არიენმა "ბორუსიას" პრაქტიკულად ცარიელ კარს ბურთი ორი მეტრიდან ააცილა. (იხილეთ ვიდეო)

საინტერესოა ისიც, რომ ეს არ იყო პირველი გადამწყვეტი მომენტი, რომელშიც ჰოლანდიელს ნერვებმა უმტყუნა.

ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ და ყვებიან, მატჩის შემდეგ ბაიერნელთაგან ყველაზე დიდი იმედგაცრუება სახეზე სწორედ რობენს ეწერაო. არიენმა პრესასთან საუბარი არ
ისურვა - რაც სათქმელი ჰქონდა, ყველაფერი ტელევიზიასთან დაფქვა. უშუალოდ საფინალო სასტვენის შემდეგ "სქაის" რეპორტიორმა მიკროფონი რომ მიუშვირა, რობენს უბედური კაცის გამომეტყველება ჰქონდა. თავისი მწუხარება მან თუნდაც მხოლოდ იმით გამოხატა, რომ ერთი წინადადება რამდენჯერმე გაიმეორა: "მაინცდამაინც ასეთ მომენტში!.. დაუჯერებელია!"

რობენი "ბაიერნისთვის" განსაკუთრებული ფეხბურთელია. არიენი ის კაცია, ვისაც მარტოს შეუძლია მნიშვნელოვანი თამაშების ბედის გადაწყვეტა, რაც 2010 წელს არაერთხელ დაამტკიცა. თუმცა თავისი მინუსებიც აქვს - ექსპერტები მუდმივად იმაზე საუბრობენ, რომ გუნდური მოთამაშე არ არის - ეგოისტიაო.

"დორტმუნდთან" მატჩშიც დამტკიცდა, რომ ჰოლანდიელი არ არის ის ფეხბურთელი, რომელსაც იმ მომენტში უნდა მიანდო მატჩის და მით უმეტეს, გადამწყვეტი მატჩის ბედი, როცა საქმე ისეთ სიტუაციას ეხება, თამაშის ბედის გადაწყვეტისთვის პენალტის გატანა რომ არის საჭირო.

გვახსენდება 2010 წლის მუნდიალის ფინალი და მომენტი, როცა რობენი 0:0-ზე ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილიასთან პირისპირ დარჩა და ვერ გაიტანა. არადა, რობენს უამრავი, გაცილებით რთულად შესასრულებელი გოლი აქვს გატანილი.

"ვწუხვარ! ძალიან ვწუხვარ. თანაგუნდელებს და ფანებს ვთხოვ, მაპატიონ", - თქვა მან. ოთხშაბათს მხოლოდ "ბაიერნი" არ დამარცხებულა, "დორტმუნდთან" 0:1 არიენ რობენის პირადი მარცხიც იყო.

ცეცხლზე ნავთი ბეკენბაუერისგან
თანაგუნდელებმა ჰოლანდიელი, რა თქმა უნდა, დაიცვეს და ისეთ გაცვეთილ ფრაზებს ისროდნენ, როგორიცაა, მაგალითად: "ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ". მაგრამ ფაქტია, რომ არიენის წარუმატებლობა მის არაერთ თანაგუნდელს გააბრაზებდა.

მით უმეტეს, რომ რობენი არ არის "ბაიერნის" ოფიციალურად გამოცხადებული პენალტისტი - გეხსომებათ, ამას წინათ მარიო გომესს სულაც მოედანზე გაუმართა კინკლაობა და პენალტის დარტყმის უფლება, ფაქტობრივად, ძალით წაართვა.

ალბათ, სწორედ ეს ამბავი გაახსენდა ფრანც ბეკენბაუერსაც, რომელმაც მატჩის შემდეგ საქვეყნოდ თქვა, მე რომ "ბაიერნის" მწვრთნელი ვყოფილიყავი, რობენს ამ თერთმეტმეტრიანს არაფრისდიდებით არ დავარტყმევინებდიო.

"ჩემს გუნდში დაუწერელი კანონი არსებობდა: პენალტს არასდროს ასრულებდა ის ფეხბურთელი, რომელიც მას აიკიდებდა", - თქვა კაიზერ-ფრანცმა.

საფეხბურთო გერმანიაში ის ძველი თეორიაც გაიხსენეს, რომლის მიხედვითაც, გადამწყვეტ მომენტში ცივსისხლიანობას საუკეთესო ჰოლანდიელი ფეხბურთელებიც კი კარგავენ. კიდევ ერთი-ორი ასეთი მოვლენაც და ფაქტია, რომ არიენ რობენის კარიერასაც სწორედ ასეთი ლაიტმოტივი ექნება.

გამოსწორების შანსი რეალთან
მართალია, მას მოგებული აქვს ტიტულები "ეინდჰოვენში", "ჩელსიში", "რეალსა" და "ბაიერნშიც", მაგრამ ნახეთ, უკვე რამდენი ასეთი წარუმატებლობა დაუგროვდა:

2010 წლის მუნდიალის ფინალის წაგების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ რობენი იყო. ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერთან" აბსოლუტურად ვერაფერი გააწყო (მაშინ, როცა ნახევარფინალსა და მეოთხედფინალში ზღაპრულად ითამაშა). ახლა კიდევ ეს ამბავი და მიუხედავად იმისა, რომ ბავარიელები ხშირად იმეორებენ, რობენი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესიაო, ფაქტია: "ბაიერნისთვის" დამახასიათებელ "მზაკვრულ იღბალს" რეკორდმაისტერი სწორედ რობენთან ერთად კარგავს.

"ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ რომ ვერ ხდება, ეს რობენის ბრალი არ არის. უბრალოდ, იმ ფეხბურთელის მიმართ, რომელსაც მაისურზე ათიანი აწერია, მიუნხენური პუბლიკა ყოველთვის განსაკუთრებით პრეტენზიულია.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, გერმანიის თასის ფინალი, ევროპის ჩემპიონატი - რობენს ამ სეზონში არაერთხელ მიეცემა ოთხშაბათს გატეხილი სახელის აღდგენის, ანაც უიღბლო სუპერვარსკვლავის სტატუსის სამუდამოდ შენარჩუნების შანსი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული