გერმანია. ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: არ ამოგვასუნთქეს - ახლა რურის დერბია!

AutoSharing Option
დასკვნით ფაზაში შესული ბუნდესლიგა ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლებს: შუა კვირაში 30-ე ტური და სეზონის ცენტრალური მატჩით ვისიამოვნეთ, ახლა კი, 31-ე ტურში, თვით "რურის დიდი დერბი" უნდა ვნახოთ - "ბაიერნის" დამარცხების შემდეგ, დორტმუნდის "ბორუსია" მოსისხლე მტერ "შალკეს" სტუმრობს.

დორტმუნდში განცდილი კრახის შემდეგ, "რეალთან" პირველი მატჩის მოლოდინში მყოფ "ბაიერნს" "მაინცთან" "საშინაო დავალება" ექნება შესასრულებელი.

15 აპრილს კი რაინლანდის დერბია: მეოთხეადგილოსანი "გლადბახი" ურთულეს სიტუაციაში მყოფ "კიოლნს" მასპინძლობს.

დორტმუნდი: გზა ჩემპიონობისკენ გელზენკირხენზე გადის
რურის დიდი, რიგით მე-80 დერბი საუკეთესო საფეხბურთო სანახაობას გვპირდება. "შალკესა" და
დორტმუნდის "ბორუსიას" დაპირისპირებაში საქმე არასდროს ეხება მხოლოდ ქულებს - ამ დუელში ყოველთვის ჩადებულია უდიდესი მტრობა გუნდებსა და მათ ფანებს შორის, ემოციები და რურის რეგიონში პირველობის დამტკიცება.

თანაც, ამჯერად ქულებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს - "ბორუსია" ჩემპიონობისთვის იბრძვის, "შალკე" კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის.

დორტმუნდელებმა ოთხშაბათსმ "ბაიერნის" დამარცხებით (1:0) ჩემპიონობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს, რადგან რეკორდმაისტერს ფინიშამდე 4 ტურით ადრე 6 ქულით უსწრებენ. "ბორუსიას" ენაკვიმატმა თავკაცმა იურგენ კლოპმა კი ოთხშაბათსვე თქვა, "ბაიერნის" დამარცხების შემდეგ ჩვენი მიზანი "შალკეს" სუპში ჩაფურთხებააო.

ცხადია, არც გელზენკირხენულმა პასუხმა დააყოვნა - "შალკეს" აღზრდილი ჯოელ მატიპი ამბობს, "დორტმუნდის" გამწარება ყოველი ჩვენგანის ოცნებაა და ცხადია, ამჯერად გაათმაგებული მონდომებით ვითამაშებთო.

თანაც, "შალკემ" ოთხშაბათს "ნიურნბერგთან" სამარცხვინო მარცხი (1:4) განიცადა და ჰუუბ სტევენსის შეგირდებს ფანებისთვის ბოდიშის მოხდა სწორედ მოსისხლე მტრის, "დორტმუნდის" დამარცხებით სურთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ "შალკეს" ჯერ კიდევ აქვს ვიცე-ჩემპიონობის თეორიული შანსი, მაგრამ გელზენკირხენელთა მთავარი მიზანი მესამე ადგილისა და შესაბამისად, პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურის განაღდებაა - "ხუმარები" მეოთხეადგილოსან "გლადბახს" ახლა 4 ქულით უსწრებენ.

ვნახავთ ჰამბურგის რეაქციას?
"ჰამბურგი" მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე უთავმოყვარეო გუნდია, რაც ტორსტენ ფინკის შეგირდებმა ოთხშაბათს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს - "ბუნდესლიგის დინო" "ჰოფენჰაიმთან" 0:4 განადგურდა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ჯერ კიდევ მძაფრად ემუქრება.

დღეისათვის "ჰამბურგის" ფეხბურთელების, გულშემატკივრებისა თუ შეფების ერთადერთი იმედი ის არის, რომ ამ ეტაპზე ბუნდესლიგაში სამი გუნდი HSV-ზე უარეს მდგომარეობაშია - ვგულისხმობთ "აუგსბურგს", "კიოლნს" და "ჰერტას", "კაიზერსლაუტერნი" კი უკვე აღარაა სათვალავში ჩასაგდები.

მაგრამ ჰამბურგელები კონკურენტების უარესობის იმედად ვერ იქნებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 აპრილს "ჰანოვერთან" საშინაო მატჩში სამი ქულა სჭირდებათ.

მირკო სლომკას გუნდის სახით ჰამბურგში ევროპალიგის საგზურის კანდიდატი ჩადის, რომელმაც სამი დღის წინ უშუალო კონკურენტი "ვოლფსბურგი" დაამარცხა (2:0) და იმ მატჩში მთავარი გოლეადორი მამე დიუფი დაკარგა - ამ უკანასკნელმა მძიმე ტრავმა მიიღო და "ჰანოვერს" დარჩენილ მატჩებში ვეღარ დაეხმარება.

ვემშვიდობებით კაიზერსლაუტერნს?
"შალკესთან" გამარჯვების შემდეგ "ნიურნბერგი" კაიზერსლაუტერნში ჩადის და გამარჯვების შემთხვევაში გადარჩენის ოფიციალურად განაღდება შეუძლია. უიმედი აუტსაიდერმა "კაიზერსლაუტერნმა" კი, 14 აპრილს, შესაძლოა, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითება გაიფორმოს.

მიუხედავად იმისა, რომ "ლაუტერნმა" "ლევერკუზენთან" (1:3) ნორმალურად ითამაშა, სასოწარკვეთილმა "ეშმაკებმა" მოუგებელი სერია 20 მატჩამდე გაზარდეს და ელიტაში დარჩენის იმედი უკიდურესად ოპტიმისტ ფანებსაც კი გადაუწურეს იმის იმედი.

ვოლფსბურგს სამი ქულა სჭირდება
"ფოლკსვაგენარენაზე" "ვოლფსბურგისა" და "აუგსბურგის" სახით ისეთი გუნდები წარსდგებიან ერთმანეთის წინააღმდეგ, რომლებიც შუა კვირაში დამარცხდნენ და დასახული მიზნებისთვის ბრძოლაში მდგომარეობა გაირთულეს.

"ვოლფებს" ევროპალიგის საგზური უნდათ და ქვემოსაქსონიურ დერბიში უშუალო კონკურენტ "ჰანოვერთან" 0:2 დამარცხდნენ, ელიტაში შარშან გადმოსულ "აუგსბურგს" კი მეორე ბუნდესლიგაში დაბრუნება არ სურს. ასე რომ, წაგება ორივე გუნდისთვის დაუშვებელია და ლოგიკურად, ძალიან საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს.

ჰერტას რთული მისია ლევერკუზენში
მას მერე, რაც "ლევერკუზენის" ხელმძღვანელებმა რობინ დუტი დაითხოვეს და მის ნაცვლად გუნდი სამი ჰიიპიასა და საშა ლევანდოვსკის დუეტს ჩააბარეს, "ბაიერი" აშკარად გამოსწორდა.

"ფარმაცევტები" ამჯერად ბოლოსწინაადგილოსან "ჰერტას" მასპინძლობენ და ლევან კობიაშვილის გუნდის დამარცხებით ევროპალიგის ზონაში ადგილის გამყარება სურთ.

ამ მატჩისთვის სერიოზულად ემზადება "ჰერტაც" - ბერლინელები გადარჩენისთვის ბრძოლას აგრძელებენ. "ფრაიბურგთან" მარცხის შემდეგ ოტო რეჰაგელმა თქვა, დარჩენილი ოთხივე მატჩის მოგება გვჭირდება და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთო.

არის იმის შანსი, რომ "ჰერტას" გადასარჩენად 2-3 მოგებაც ეყოს, მაგრამ ფაქტია, კობიაშვილი და კომპანია "ბაი არენაზეც" სამი ქულისთვის იბრძოლებენ.

გამოიყენებს მაინცი "ბედნიერ შემთხვევას"?
"ბედნიერ შემთხვევაზე" საუბარი შესაძლოა, ბევრს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, რადგან მაინცელები მიუნხენში ჩადიან, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "ბაიერნმა" ოთხშაბათს "დორტმუნდთან" უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა და წააგო, წინ კი მადრიდის "რეალთან" კიდევ უფრო პრინციპული მატჩი (ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა სამშაბათს) ელის, რეალურია, რომ რეკორდმაისტერმა "მაინცთან" ძალები დაზოგოს.

ცხადია, "ბაიერნში" ჩემპიონობის იმედს არ კარგავენ და მიუნხენელები ახლაც მხოლოდ მოსაგებად გავლენ მოედანზე, მაგრამ როგორც მინიმუმ, "მაინცთან" მატჩის დროს უკვე "რეალზე" იფიქრებენ.

"მაინცს" ცუდად არ აქვს საქმე, მაგრამ პირველ ბუნდესლიგაში დარჩენა ჯერ არ გაუნაღდებია.

კიოლნს ახალი მწვრთნელი ჰყავს
15 აპრილს რაინის დერბია: მიონხენგლადბახის "ბორუსია" ქაოსში მყოფ "კიოლნს" მასპინძლობს. მაინცში განცდილი კრახის (0:4) შემდეგ, "კიოლნის" ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი ბოლოს და ბოლოს გააგდეს და გუნდი დროებით ისევ ფრანკ შეფერს ჩააბარეს - "თხების" გადარჩენა სწორედ ამ უკანასკელს დაევალა.

აღსანიშნავია, რომ "კიოლნი" ბოლო დროს "გლადბახს" ვერ უგებს - უკანასკნელ სამ მატჩში მიონხენგლადბახელებმა "თხებს" 12 გოლი გაუტანეს და მხოლოდ ერთი გაატანინეს. "გლადბახის" მიზანი საუკეთესო ოთხეულში ადგილის შენარჩუნება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა.

მართალია, ბოლო დროს ლუსიენ ფავრის გუნდი ვეღარ "დაფრინავს" ისე, როგორც პირველ წრეში "დაფრინავდა", მაგრამ, რაც მთავარია, ოთხეულში ადგილს ინარჩუნებს.

გაინაღდებს ფრაიბურგი?
მას მერე, რაც "ფრაიბურგის" დამრიგებლად კრისტიან შტრაიხი დაინიშნა, ბრაისგაუელებმა უდიდესი პროგრესი განიცადეს და იმდენი მოახერხეს, რომ გასავარდნი ზონიდანაც ამოვიდნენ, ახლა კი მე-13 ადგილზე არიან და საშიშ ზონას მთელი 6 ქულით უსწრებენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ "ფრაიბურგი" 14 აპრილს საკუთარ მოედანზე "ჰოფენჰაიმს" დაამარცხებს, შტრაიხის შეგირდები ელიტაში დარჩენას პრაქტიკულად გაინაღდებენ.

თუმცა "ჰოფენჰაიმი" ბოლოდროინდელი წარმატებების (წინა ტურში 4:0 "ჰამბურგთან") შედეგად მთლად უმოტივაციოდ აღარ არის: "სოფლელებს" ევროპალიგის საგზურის მოპოვების რეალური შანსი გაუჩნდათ და ცხადია, რომ "ფრაიბურგს" იოლად არაფერს დაუთმობენ.

დორტმუნდის და ბაიერნის დარჩენილი მატჩები
ბორუსია (დ)

ტური მატჩი
XXXI შალკე-ბორუსია (დ)
XXXII ბორუსია (დ)-ბორუსია (მ)
XXXIII კაიზერსლაუტერნი-ბორუსია (დ)
XXXIV ბორუსია (დ)-ფრაიბურგი

ბაიერნი
ტური მატჩი
XXXI ბაიერნი-მაინცი
XXXII ვერდერი-ბაიერნი
XXXIII ბაიერნი-შტუტგარტი
XXXIV კიოლნი-ბაიერნი


გერმანია. ბუნდესლიგა. XXXI ტური

13 აპრილი
შტუტგარტი-ვერდერი 4:1
გოლები: 0:1 როზენბერგი (25), 1:1 გენტნერი (37), 2:1 ჰარნიკი (45), 3:1 ჰარნიკი (53), 4:1 კაკაუ (89)

14 აპრილი

შალკე-ბორუსია (დ) 17:30
პირველ წრეში: 0:2
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფერმანი, ჰილდებრანდი - კოხი

სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი, ჰოლტბი - ფარფანი, რაული, დრაქსლერი - ჰუნტელაარი.
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, ს. ბენდერი - ბლაშჩიკოვსკი, კაგავა, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
არბიტრი: მანუელ გრეფე (ბერლინი)

ჰამბურგი-ჰანოვერი 17:30
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: გერერო (ჰამბურგი)
ტრავმა: მიკელი, დიკმაიერი, რაიკოვიჩი - მ. დიუფი

კაიზერსლაუტერნი-ნიურნბერგი 17:30
პირველ წრეში: 0:1
დისკვალიფიკაცია: დიკი (კაიზერსლაუტერნი)
ტრავმა: შიმუნეკი, ბორისიუკი, ტიფერტი, იორგენსენი, კუემაა, შეხტერი, ვაგნერი - ჰლუშეკი, აიგლერი, ესვაინი

ვოლფსბურგი-აუგსბურგი 17:30
პირველ წრეში: 0:2
დისკვალიფიკაცია: ფელიპე ლოპესი (ვოლფსბურგი)
ტრავმა: კრისი, ჰიტცლშპერგერი, მედოიევიჩი - დე იონგი, ბა, გოგია, იორლი

ლევერკუზენი-ჰერტა 17:30
პირველ წრეში: 3:3
დისკვალიფიკაცია: ებერტი (ჰერტა)
ტრავმა: ჩორლუკა, და კოშტა, შვააბი, ლ. ბენდერი, რენატო, სემი - ფრანცი, ჰუბნიკი, იანკერი, მიატოვიჩი, ნოიმანი, ლუსტენბერგერი

ბაიერნი-მაინცი 20:30
პირველ წრეში: 2:3
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბრენო, ვან ბუიტენი - ბელი, სვენსონი, რისსე

15 აპირლი
ბორუსია (მ)-კიოლნი 17:30
პირველ წრეში: 3:0
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარქსი - ანდრეზინიო, ჩიჰი, უთი

ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 19:30
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: ვაისი (ჰოფენჰაიმი)
ტრავმა: ბართი, პუცილა, შუსტერი, ს. ბრანდშტეტერი - იაისლე

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 30 21 6 3 67-22 69
2. ბაიერნი 30 20 3 7 69-20 63
3. შალკე 30 18 3 9 65-39 57
4. ბორუსია (მ) 30 15 8 7 43-22 53
5. შტუტგარტი 31 14 7 10 59-41 49
6. ლევერკუზენი 30 12 8 10 43-40 44
7. ჰანოვერი 30 11 11 8 39-42 44
8. ვერდერი 31 11 9 11 45-50 42
9. ჰოფენჰაიმი 30 10 10 10 38-40 40
10. ვოლფსბურგი 30 12 4 14 41-54 40
11. მაინცი 30 9 9 12 47-48 36
12. ნიურნბერგი 30 10 5 15 31-42 35
13. ფრაიბურგი 30 9 8 13 41-56 35
14. ჰამბურგი 30 7 10 13 33-55 31
15. აუგსბურგი 30 6 12 12 32-47 30
16. კიოლნი 30 8 5 17 36-63 29
17. ჰერტა 30 6 9 15 31-54 27
18. კაიზერსლაუტერნი 30 3 11 16 19-44 20

ბომბარდირები
25 - გომესი (ბაიერნი); 24 - ჰუნტელაარი (შალკე); 20 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 17 - პოდოლსკი (კიოლნი); 16 - პისარო (ვერდერი); 15 - ჰარნიკი (შტუტგარტი), როისი (ბორუსია /მ/); 14 - რაული (შალკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული