კლაუდიო პისარო მიუნხენის ნაცვლად გლადბახში?

AutoSharing Option
თითქმის გადაწყვეტილ ტრანსფერს ჩაშლის საფრთხე ემუქრება: დიდი შანსია, რომ "ვერდერის" 33 წლის თავდამსხმელი კლაუდიო პისარო მიუნხენის "ბაიერნში" არ გადავიდეს! მიზეზი ის არის, რომ ბავარიული გრანდის ხელმძღვანელები ფრანგ ცენტრფორვარდ ოლივიე ჟირუს ანიჭებენ უპირატესობას და თუ ამ უკანასკნელს გადაიბირებენ, "ბაიერნს" პისარო აღარ დასჭირდება.

გაზეთ "კიოლნერ ექსპრესის" ცნობით, პისაროს მიონხენგლადბახის "ბორუსიას" შეფებმა დაუმიზნეს.

ხსენებული გამოცემა იტყობინება, რომ "გლადბახი" მზადაა, პისაროს სარფიანი კონტრაქტი შესთავაზოს და ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიაც მისცეს. ეს ვეტერანი პერუელი გოლეადორისთვის მართლაც იდეალური ვარიანტია, რადგან "გლადბახი" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს,
პისარო კი სწორედ ამაზე ოცნებობდა.

ამრიგად, თუ "ბაიერნმა" "მონპელიეს" 25 წლის ფორვარდ ჟირუს ხელში ჩაგდება შეძლო, პისაროს, ალბათ, "გლადბახში" ვიხილავთ.

მარკო როისის (დორტმუნდში მიდის), რომან ნოიშტედტერისა (შალკე) და დანტეს (ბაიერნი) ტრანსფერებიდან "გლადბახი" დაახლოებით 25 მილიონ ევროს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიონხენგლადბახელებს პისაროს ხელფასის დაფინანსება შეუძლიათ.

ამასობაში კლაუდიომ ტრავმა მიიღო და დიდი შანსია, რომ შაბათს, ბუნდესლიგის ბოლო ტურში, ვერ ითამაშოს. შესაბამისად, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პისაროს "ვერდერის" ფორმით ვეღარასოდეს ვიხილავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული