თომას ტუხელის ახალი კონტრაქტი

AutoSharing Option
"მაინცის" მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა, როგორც მოსალოდნელი იყო, კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გააგრძელა - 38 წლის სპეციალისტის ძველ ხელშეკრულებას ვადა 2013 წლის ივნისში ეწურებოდა.

მწვრთნელთან ერთად, ახალი კონტრაქტები გააფორმეს მეკარე ჰაინც მიულერმა (2014 წლამდე) და მცველებმა, ბო სვენსონმა და რადოსლავ ზაბავნიკმა (ორივემ 2013 წლამდე). შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის ბოლო ტურის წინ "მაინცი" მე-13 ადგილზეა. ხვალ ტუხელის შეგირდები მეოთხეადგილოსან "გლადბახს" მასპინძლობენ.

თომას ტუხელმა "მაინცი" 2009 წლის აგვისტოში ჩაიბარა და ყველასათვის მოულოდნელად, იმ სეზონში მეხუთე ადგილზე გაიყვანა.

თითქმის სამწლიანი მოღვაწეობის შემდეგ "მაინცის" თავკაცის
რანგში მისი მონაგარი ასე გამოიყურება; 101 მატჩი, 39 მოგება, 27 ფრე და 35 მარცხი. "შპორტ ბილდის" ინფორმაციით, ტუხელის ხელფასი წელიწადში 700 000 ევროა.

ბულარუზი შტუტგარტიდან მიდის
"შტუტგარტის" 30 წლის ჰოლანდიელი მცველი ხალიდ ბულარუზი შვაბენლანდურ კლუბთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და ბრუნო ლაბადიას გუნდს მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე, ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვებს.
ეს ინფორმაცია გუშინ "შტუტგარტის" სპორტულმა დირექტორმა ფრედი ბობიჩმა დაადასტურა.

გაირკვა, რომ შვაბებმა ბულარუზთან შეთანხმებას ამ უკანასკნელის ხელფასზე ვერ მიაღწიეს - ჰოლანდიელი VFB-ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახლდათ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "შტუტგარტს" 23 წლის ნახევარმცველი ტიმო გებჰარდტიც ტოვებს - ამ უკანასკნელს "ნიურნბერგი" ერთ მილიონ ევროდ ყიდულობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული