თუმცა არის კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო ინტრიგაც: ვინ გახდება ბუნდესლიგა 2011/12-ის საუკეთესო ბომბარდირი - "შალკეს" ფორვარდი კლაას-იან ჰუნტელაარი თუ "ბაიერნის" გოლეადორი მარიო გომესი.
33-ე ტურში ჰუნტელაარმა "ჰერტასთან" მატჩში (4:0) დუბლი შეასრულა და რაკი გომესმა "შტუტგარტთან" (2:0) მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, ჰოლანდიელმა მიუნხენელ ვიზავის ერთი
"ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ორჯერ გავხდი, ბუნდესლიგის დარი ტურნირის გოლეადორი კი არასდროს ვყოფილვარ.
გერმანიის ჩემპიონატის ბომბარდირობას, რა თქმა უნდა, მეტი ხიბლი და ფასი აქვს," - აცხადებს ჰუნტელაარი, რომელიც შაბათს პირველი ადგილის შენარჩუნებას შეეცდება. 28 წლის ჰოლანდიელს სჯერა, რომ ბრემენის "ვერდერთან" ერთი გოლის გატანაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გომესს გადასწრების საშუალება არ მიეცეს, რადგან დარწმუნებულია, რომ მარიო გადარჩენისთვის მებრძოლ "კიოლნთან" შეხვედრაში ჰეთ-თრიკს ვერ შეასრულებს.
თუ ჰუნტელაარი ბრემენში ორ გოლს გაიტანს, ლეგენდარული შალკელი ცენტრფორვარდის, კლაუს ფიშერის რეკორდს გაიმეორებს - ამ უკანასკნელს გელზენკირხენული კლუბის ფორმით ერთ სეზონში (1975/76) ყველაზე მეტი, 29 გოლი აქვს გატანილი.
"ადრე თუ გვიან, ყველა რეკორდი უნდა დაემხოს და შესაბამისად, ჰუნტელაარს წარმატებას ვუსურვებ. ჰოლანდიელმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. მე კი ყოველთვის მიხარია, როცა "შალკეს" ფორმით ფეხბურთელებს ბევრი გოლი გააქვთ," - ეს თავად ფიშერის სიტყვებია.
ყველა ერთისათვის, ანუ ჰუნტელაარისთვის
"ბაიერნში" ასეთი რეკორდი "ნაციის ბომბარდირად" წოდებული გერდ მიულერის საკუთრებაა, რომლის საუკეთესო შედეგი ერთ სეზონში 40 გოლი იყო. გომესი ფიქრობს, რომ ლეგენდარული გერდის სუპერრეკორდის დამხობა რეალურია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ამ სეზონში.
გომესისთვის საუკეთესო ბომბარდირის წოდებაზე მნიშვნელოვანი "ბაიერნის" წარმატებებია, მაგრამ რაკი ბოლო ტურში რეკორდმაისტერს სპორტული მოტივაცია აღარ აქვს, ბომბარდირობა მარიოსთვისაც პრიორიტეტული გახდა.
"მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "კიოლნთან" მატჩში ეგოისტურად ვითამაშებ," - აცხადებს გომესი.
მარიოსგან განსხვავებით, ჰუნტელაარს თანაგუნდელები მხარდაჭერას ჰპირდებიან. რაკი სპორტული მოტივაცია "შალკესაც" აღარ აქვს (გელზენკირხენელებმა მესამე ადგილი და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდეს), საყრდენი ნახევარმცველი ჯერმეინ ჯონსი მთელი გუნდის სახელით ამბობს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კლაას-იანი საუკეთესო ბომბარდირი გახდესო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"