არის კონტრაქტი: არიენ რობენი მიუნხენის "ბაიერნში" რჩება!

AutoSharing Option
ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, "ბაიერნის" ჰოლანდიელმა გარემარბმა არიენ რობენმა საბოლოოდ მაინც მიუნხენურ გრანდში დარჩენა გადაწყვიტა.

რობენმა რეკორდმაისტერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2015 წლამდე აქვს. შეგახსენებთ, რომ მისი ძველი ხელშეკრულება 2013 წლის ივნისში იწურებოდა.

რობენთან ახალი კონტრაქტის გაფორმება რამდენიმე კვირის წინ ყველას ფორმალობა ეგონა და ასეც იყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "რეალთან" პირველი მატჩის შესვენებაზე არიენი ფრანკ რიბერის ეჩხუბა, რამაც 28 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი იძულებული გახადა, "ბაიერნში" დარჩენაზე კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო.

ახლა კი რობენმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - არიენი, რომელიც
"ბაიერნში" 2009 წლის აგვისტოდან თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი ფეხბურთელია, მიუნხენში 2015 წლამდე რჩება.

"ყოველთვის ვამბობდი, მიუნხენში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ-მეთქი. "ბაიერნი" ჩემი ოჯახივითაა - სულ სამი შვილი მყავს, რომელთაგან ორი აქ, მიუნხენში დაიბადა. ცოლ-შვილთან ერთად აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, - უთხრა რობენმა "კიკერს" და დასძინა, - გაუგებრობა წარსულს ჩაბარდა. გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია და "ბაიერნის", ამ ოჯახის სიყვარულმა წყენა გადაწონა. ძალიან მაგარი გუნდი გვყავს და მინდა, ამ გუნდის ნაწილად დავრჩე".

"მიხარია, რომ რობენთან შეთანხმებას მივაღწიეთ. არიენი "ბაიერნისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომლის დაკარგვა არ გვინდოდა", - ეს რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია.

არიენ რობენს მიუნხენური გრანდის ფორმით ბუნდესლიგაში 61 მატჩი აქვს ჩატარებული და 39 გოლი გაიტანა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული