ზოგადად, არიენმა ამ სეზონში ისე ვერ "იფრინა", როგორც, მაგალითად, შარშან. ფინიშის სწორზე კი საფეხბურთო ცხოვრება სულაც უკიდურესად დაეძაბა: ჯერ გერმანიის ჩემპიონატის უმთავრეს მატჩში, დორტმუნდის "ბორუსიასთან" თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა და იმავე შეხვედრის ბოლო წუთებზე ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა, რის გამოც ექსპერტებმა სწორედ ჰოლანდიელი დაადანაშაულეს იმაში, რომ მიუნხენური გრანდი გერმანიის ჩემპიონი ვერ გახდა; მერე კი, მადრიდის "რეალთან" პირველი ნახევარფინალური შეხვედრის შესვენებაზე ფრანკ რიბერისთან იჩხუბა, რის გამოც რეკორდმაისტერთან
ახლა "რობენის საპნის ოპერა" დასრულებული ჩანს, "ბაიერნთან" კონტრაქტი გაფორმებულია, თავად არიენი კი ჯერ გერმანიის თასის ფინალის, მერე ჩემპიონთა ლიგის ფინალის და, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის მოლოდინშია.
28 წლის გარემარბმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს საინტერესო ინტერვიუ მისცა.
- ჰერ რობენ, გერმანიის თასის ფინალის წინ "ბაიერნში" როგორი განწყობაა?
- ვარჯიშზე იგრძნობა, რომ ყველანი მონდომებულები ვართ. "კიოლნთან" ბოლო ტურის მატჩში ისე არ ვიბრძოდით, როგორც გვჩვევია, რადგან უკვე ფინალზე ვფიქრობდით. თუმცა კარგია, რომ კიოლნში მაინც მოვიგეთ და სეზონი გამარჯვებით დავასრულეთ.
- "ბაიერნს" დორტმუნდის "ბორუსიასთან" ზედიზედ ოთხი თამაში აქვს წაგებული და ეს რეკორდმაისტერისთვის უკვე ძალიან სამარცხვინო ფაქტია. რა მოხდება, მეხუთედაც რომ დამარცხდეთ?
- გამორიცხული არაა, რომ ისევ წავაგოთ, რადგან დორტმუნდელებს მართლა ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ - სხვა შემთხვევაში ზედიზედ ოთხჯერ ვერ დაგვამარცხებდნენ. "ბორუსია" გერმანიის ღირსეული ჩემპიონია და ახლა დუბლის შესრულება უნდა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ "ბაიერნი" აღარ შერცხვეს.
- თქვენ ყურადღების ცენტრში იქნებით...
- მე უკვე დავივიწყე ის, რომ ერთი თვის წინ "დორტმუნდთან" პენალტი ვერ გავიტანე. ყოველთვის წინ ვიხედები და მომდევნო თამაშზე ვფიქრობ - თუ ეს გაინტერესებთ, წნეხის ქვეშ არ ვიქნები მოქცეული.
- რა შანსი აქვს "ბაიერნს" თასის ფინალში?
- მართალია, გერმანიის ჩემპიონები ვერ გავხდით, მაგრამ სამაგიეროდ, "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდახრილები არ უნდა ვიყოთ. თასის ფინალს თავდაჯერებულები ვხვდებით. "ბაიერნიც" და "დორტმუნდიც" საუკეთესო გერმანული კლუბებია და იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგი თამაში გამოვა.
- "დორტმუნდის" კარში პენალტი რომ დაინიშნოს, დაარტყამთ?
- აუცილებლად! თუ დორტმუნდში ვერ გავიტანე, მადრიდში ხომ დავამტკიცე, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ? მომავალშიც ასე მოვიქცევი.
- შაბათს ისევ შეხვდებით ნევენ სუბოტიჩს, რომელმაც იმ შეხვედრაში გაცუდებული პენალტის შემდეგ ნიშნის მოგებით შემოგიტიათ...
- ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ეს თამაში უნდა მოვიგოთ და დორტმუნდელებს ჩვენი სიძლიერე ფეხბურთითა და ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგით უნდა დავუმტკიცოთ. ასე რომ, სუბოტიჩთან ჩხუბს არ ვაპირებ.
- "დორტმუნდთან" დუელი თქვენთვის და თქვენი თანაგუნდელებისთვის უკვე განსაკუთრებული მოტივაციაა?
- ამ მატჩისთვის ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ, მაგრამ არა იმიტომ, რომ "დორტმუნდს" ვეთამაშებით; არამედ იმის გამო, რომ გერმანიის თასის ფინალის მოგება გვინდა. "ბაიერნს" ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში მოტივაცია არასდროს აკლია ხოლმე. ორი წლის წინ, თასის ფინალში, "ვერდერი" დავამარცხეთ და პირადად მე ბერლინი კარგად მაქვს დაცდილი. თანაც, გასულ უქმეებზე "ჰერტას" კონკურენტ "კიოლნს" მოვუგეთ და იმედი მაქვს, რომ "დორტმუნდის" წინააღმდეგ ბერლინელი ფანებიც გვიქომაგებენ.
- ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ გერმანიის თასის ფინალზე კონცენტრირება რთულია...
- შესაძლოა, ამაში იყოს სიმართლის მარცვალი, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე არ ვფიქრობთ. ცხადია, "ჩელსისთან" მატჩს საბოლოო ჯამში უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ბერლინის ფინალს და ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გერმანიის თასს "დორტმუნდს" ვაჩუქებთ. არჩევანზე რომ მიდგეს საქმე, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის თასს ავირჩევდი, მაგრამ ჩვენთვის გერმანიის თასიც მნიშვნელოვანია.
- ჩელსისთან სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩზე რას ფიქრობთ?
- ყველა ამბობს, ფავორიტი "ბაიერნიაო" და რეალურად ასეცაა, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ. "ჩელსის" ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რომლის დამარცხება ადვილი არ იქნება.
- ლუის გუსტავო, დავიდ ალაბა და ჰოლგერ ბადშტუბერი დისკვალიფიცირებულები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნს" "ჩელსისთან" სერიოზულ საკადრო პრობლემებთან მოუწევს გამკლავება...
- გული მწყდება, რადგან სამივეს ძალიან უნდოდა ფინალში თამაში. კარგი მხოლოდ ის არის, რომ ამის გამო გერმანიის თასის ფინალში ბოლომდე დაიხარჯებიან. რუმენიგეს აზრს გავიზიარებ და ვიტყვი: მთავარი ის იყო, რომ ფინალში გავედით - იქ კი რამეს მოვახერხებთ!
- "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვით, ჩემპიონთა ლიგას თუ მოვიგებ და ზაფხულში ევროპის ჩემპიონიც გავხდები, კარიერის დამთავრება მომინდებაო...
- რა თქმა უნდა, ვიხუმრე! ისე, ასეთი რამ ორი წლის წინაც ვთქვი და მართალია, მაშინ ორივე ფინალი (ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს ჩემპიონი) წავაგე, მაგრამ ეს მაშინაც ხუმრობა იყო.
- როგორც იქნა, "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტი გააფორმეთ...
- და ეს პირველი შემთხვევაა ჩემს კარიერაში! ადრე, კონტრაქტის მიწურულს გუნდებს ყოველთვის ვტოვებდი ხოლმე და "ბაიერნი" პირველია, ვისთანაც ხელშეკრულება გავაგრძელე. ვფიქრობ, ეს ყველაფერზე ნათლად მეტყველებს.
- "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა თომას შტრუნცმა თქვა, რობენმა ახალი კონტრაქტი იმიტომ გააფორმა, რომ სხვა გზა არ ჰქონდაო...
- მაგ ტიპს არ ვიცნობ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემზე მეტი იცის. ფაქტი ერთია: მიხარია, რომ "ბაიერნთან" ახალ ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. რა მნიშვნელობა აქვს, მქონდა თუ არა შემოთავაზებები სხვა კლუბებიდან? თუ შტრუნცმა ზუსტად იცის, ვინ რას მთავაზობდა, მაშინ ეს კაცი უდიდესი კომპლიმენტის ღირსი ყოფილა! მაგრამ არა მგონია, რომ იცოდეს...
- 28 წლის ხართ და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აქტიურ სპორტულ კარიერას მიუნხენში დაასრულებთ?
- მთავარია, გუნდში თავს კარგად ვგრძნობდე და ორგანიზმი მომყვებოდეს. როცა ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას ვეღარ მივიღებ, ბუცებს მაშინვე ლურსმანზე დავკიდებ. იმედი მაქვს, ეს უახლოესი რამდენიმე წლის მანძილზე არ მოხდება. ფაქტია, რომ დღეს კარიერის დასრულებაზე ნაღდად არ ვფიქრობ. რაც შეეხება ბოლომდე "ბაიერნში" დარჩენას - მე ვიტყოდი: რატომაც არა?!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"