- ჯერ გერმანიის თასის ფინალი "დორტმუნდთან", მერე ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ჩელსისთან" - გულახდილად გვიპასუხეთ, ორივე მატჩზე ერთნაირად ფიქრობთ?
- ბოლო ღამეები ნამდვილად მშვიდად მეძინა, მაგრამ ვაღიარებ, რომ ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება უფრო მეტად მინდა.
ვფიქრობ, ამით გაუგებარს არაფერს ვამბობ და ეს ისედაც ნათელია. თუმცა გერმანიის თასმა ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა მას მერე, რაც გერმანიის ჩემპიონები ვერ გავხდით - არ გვინდა, რომ ნაციონალური ტიტულის გარეშე დავრჩეთ და ასეც
ადრე, როცა ოლივერ კანის ინტერვიუებს ვკითხულობდი, რომელიც ამბობდა, თასის ფინალში მოედანზე გასვლისას თმები ყალყზე მიდგება ხოლმეო, მეცინებოდა და "ტიტანის" არ მჯეროდა, ახლა კი ვხვდები, რას გულისხმობდა ოლი. "ბაიერნს" ძალიან უნდა გერმანიის თასის მოგება!
- იმიტომ, რომ ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე გახვედით და "დორტმუნდზე" შურისძიება უბრალოდ აუცილებელია?
- არა მარტო ამტომ. ზოგადად, მიუხედავად ვიცე-ჩემპიონობისა, საწუწუნო არაფერი გვაქვს, რადგან ახლა უფრო მეტი ქულა დავაგროვეთ, ვიდრე 2010 წელს, როცა ჩემპიონებიც გავხდით და თასიც მოვიგეთ.
- გული გტკიოდათ, როცა დორტმუნდელთა ზეიმი ნახეთ?
- რა თქმა უნდა! მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ "ბორუსიამ", განსაკუთრებით მეორე წრეში, ძალიან კარგად ითამაშა და ჩემპიონობა დაიმსახურა.
ორი წელია, დორტმუნდელები არა მარტო თვალსასეირო, არამედ წარმატებაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბორუსია" ნელ-ნელა "ბაიერნის" მუდმივი და სერიოზული კონკურენტი ხდება.
- "დორტმუნდმა" "ბაიერნს" ჩემპიონობა ზედიზედ ორჯერ წაართვა. არის თუ არა ეს თქვენთვის დამატებითი მოტივაცია თასის ფინალში?
- ფაქტია, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია. შესაბამისად, თასის ფინალში ზუსტად ისეთი შემართებით უნდა ვიბრძოლოთ, როგორც, მაგალითად, "რეალთან" ვიბრძოლეთ. "ბორუსიას" მხოლოდ ასეთი მიდგომით დავამარცხებთ.
- ფანები შიშობენ, რომ თქვენ და თქვენი თანაგუნდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალზე იფიქრებთ, რაც ბერლინის ფინალში "ბაიერნს" კონცენტრაციას დაუქვეითებს...
- ფანებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ, რადგან ჩვენ "ბაიერნი" ვართ - გუნდი, რომელსაც ყველა ტიტულის მოგება ერთნაირად უნდა.
- საქმე პენალტების სერიამდე რომ მივიდეს, დაარტყამთ?
- აუცილებლად! თუ იმ დროს მოედანზე ვიქნები, აუცილებლად დავარტყამ.
- "რეალთან" საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო "ბაიერნის" გასახდელში შემოვიდა და გამარჯვება მოგილოცათ. თქვენთვის რამე კონკრეტული ხომ არ უთქვამს?
- იმ დროს გასახდელში არ ვიყავი, ჯერ კიდევ მოედანზე გახლდით და ინტერვიუებს ვარიგებდი. ჟოზე გენიალური მწვრთნელია და ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანული არ იცის. რომ იცოდეს, დარწმუნებული ვარ, "ბაიერნს" სიამოვნებით გაწვრთნიდა. მიუხედავად ამისა, როცა მწვრთნელი დაგვჭირდება, გამიხარდება, თუ ხელმძღვანელები მოურინიოზეც იფიქრებენ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"