ჰოლანდიელი გოლეადორი "მგლებში"!

AutoSharing Option
"ვოლფსბურგმა" ევროპალიგის საგზური ვერ მოიპოვა და კლუბის დამფინანსებელი ავტოკონცერნი "ფოლკსვაგენი" "მგლების" მწვრთნელსა და მენეჯერს ფელიქს მაგათს ძვირად ღირებული ტრანსფერების განხორციელების უფლებას აძლევს: ისევე, როგორც შარშან, მაგათი ამ ზაფხულშიც ბევრი ფულის დახარჯვას აპირებს.

58 წლის "დესპოტმა ფელიქსმა" გასულ უქმეებზე მორიგი ხმაურიანი ტრანსფერი სრულყო: "ვოლფსბურგმა" "ჰერენვენის" 22 წლის გოლეადორი, ბას დოსტი დაიბევა. "ბილდის" ცნობით, მაგათი ახალგაზრდა ჰოლანდიელში 10 მილიონ ევროს იხდის.

დოსტი ნამდვილი "საგოლე მანქანაა" - გასულ სეზონში 32 გოლი (4 პენალტით) გაიტანა და ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მეორე ადგილზე
გასულ ლუუკ დე იონგს (ტვენტე) შვიდი გოლით აჯობა.

დოსტის ტრანსფერი "ვოლფსბურგისთვის", პირველ რიგში, იმას ნიშნავს, რომ მარიო მანჯუკიჩს ცენტრფორვარდის პოზიციაზე სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა და დიდი შანსია, რომ 25 წლის ხორვატმა თავდამსხმელმა (12 გოლი გასულ სეზონში) "ვოლფსბურგი" დატოვოს. ცნობილია, რომ მაგათს ეს უკანასკნელი გულზე აღარ ეხატება.

ამას წინათ ფელიქსმა თქვა, მარიოს შეუძლია, ახალი გუნდის ეძებოს - 10 მილიონ ევროდ ნებისმიერს დავუთმობთო.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მაგათი მხოლოდ დოსტის ტრანსფერით არ შემოიფარგლება და ზაფხულში კიდევ არაერთ ახალ ფეხბურთელს გადაიბირებს. ფელიქსის მიზანი გაისად, მინიმუმ, ევროპალიგის საგზურის მოპოვებაა.

აღსანიშნავია, რომ მაგათმა შარშანაც ძალიან ბევრი ფეხბურთელი შეიძინა, გასულ სეზონში კი სულ 36 მოთამაშე გამოიყენა, რაც ბუნდესლიგის რეკორდია.

გარკვეულია, რომ "ვოლფსბურგს" 35 წლის ჰასან სალიჰამიჯიჩი, 30 წლის თომას ჰიტცლშპერგერი და 33 წლის მცველი კრისი ტოვებენ. გარდა ამისა, ზაფხულში მაგათი არაერთ ფეხბურთელს გაანათხოვრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული