რა ელის რობერტ ლევანდოვსკის?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", მიუნხენის "ბაიერნი", ლონდონის "არსენალი", "ჩელსი" და ახლა მადრიდის "რეალიც" - დღე ისე არ გავა, რომ პოლონეთის ნაკრებისა და დორტმუნდის "ბორუსიას" გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ახალი სპეკულაცია არ გავრცელდეს.

23 წლის პოლონელმა გოლეადორმა ბუნდესლიგაში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატზეც კარგად თამაშობს (1 გოლი 2 თამაშში), რის გამოც, არაოფიციალური ცნობებით, მთხოვნელების დიდი რიგი დაუდგა და თანაც, საუკეთესო ევროპული გრანდები ეპატიჟებიან.

ეს მითქმა-მოთქმა "დორტმუნდის" შეფ ჰანს-იოახიმ ვატცკეს ყელში ამოუვიდა და გუშინ საგანგებო განცხადება გააკეთა: "ეს დისკუსიები უკვე ნერვებს
მიშლის! პოლონელი ჟურნალისტები რობერტის შესახებ ყოველდღე ახალ-ახალ ამბავს იგონებენ და გამოგონილიც რომ არ იყოს, სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს, რა იწერება. ლევანდოვსკის არ გავყიდით!"

რობერტის მრჩეველი მოურინიოს და კონტეს შეხვდა
არადა, გავრცელებულ ცნობებს გამოგონილის არაფერი ეტყობა: საქმე იმაშია, რომ ლევანდოვსკის მრჩეველი ჩეზარი კუხარსკი ძალიან აქტიურობს და უნდა, რომ რობერტის ტრანსფერი გაჩარხოს - პრინციპში, თავად ფეხბურთელი არ უნდა იყოს "რეალის" ან "ჩელსის" მსგავს გრანდში გადასვლის წინააღმდეგი და თანაც, კუხარსკი ტრანსფერით ხომ დიდ ფულს იშოვნის.

კვირას კუხარსკი გდანსკში იმყოფებოდა, სადაც იტალიისა და ესპანეთის მატჩის შესვენებაზე ტელეკომპანია "პოლსატის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, "რეალის" თავკაც ჟოზე მოურინიოს შევხვდიო.

"ჟოზეს პირდაპირ ვუთხარი, თუ რობერტო ევროპის ჩემპიონატზე 3-4 გოლს გაიტანს, აუცილებლად დაგირეკავ-მეთქი," - თქვა ლევანდოვსკის მრჩეველმა საქვეყნოდ. კუხარსკის თქმით, მას "იუვენტუსის" თავკაცი ანტონიო კონტეც შეხვდა - ტელეფონის ნომრები გავცვალეთ, რობერტით კონტეც დაინტერესებულიაო.

"ბორუსიას" გენერალური მენეჯერი ვატცკე კი ირწმუნება, რომ ლევანდოვსკი მომდევნო სეზონშიც დორტმუნდში იასპარეზებს. მეტიც: გერმანიის ჩემპიონსა და თასის მფლობელს თავის გოლეადორთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული