უპირველესი და უმთავრესი ფაქტი ის არის, რომ მიუნხენის "ბაიერნს" მომავალ სეზონშიც იუპ ჰაინკესი უთავკაცებს, მაგრამ ცხადია ისიც, რომ ეს 67 წლის "დონ იუპის" მორიგ მიუნხენურ კარიერაში ბოლო სეზონი იქნება.
"ბაიერნის" ხელმძღვანელებს და, ზოგადად, გერმანელებს საქმის ბოლო მომენტამდე მიყვანა და ცაიტ ნოტსა თუ ფორს მაჟორში მუშაობა არ სჩვევიათ, რაც კიდევ ერთ ფაქტს წარმოქმნის: რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები ახლავე ეძებენ იმ მწვრთნელს, რომელსაც გუნდი
ამ დღეებში ყველა გერმანული და ესპანური გაზეთი წერს იმის შესახებ, რომ "ბარსელონადან" წასული ხოსეპ გვარდიოლა "ბაიერნში" დანიშვნის უმთავრესი კანდიდატია, რაც ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ ბავარიული გრანდის შეფები 41 წლის პეპზე, როგორც მინიმუმ, სერიოზულად ფიქრობენ - ესეც კიდევ ერთი ფაქტი.
ბევრი ფიცი-მტკიცი არც იმას სჭირდება, რომ გვარდიოლა ნაღდად არის იმ ფორმატისა და დონის მწვრთნელი, რომ რეკორდმაისტერი ჩააბარონ.
თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე (ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად დადასტურებამდე) ჯერ, სავარაუდოდ, ძალიან ადრეა, რადგან გვარდიოლამ ყველას გასაგონად თქვა, დიდხანს უნდა დავისვენოო და ამავე ზაფხულიდან რომელიმე კლუბის გაწვრთნა კატეგორიულად გამორიცხა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პეპი ერთი წელი დაისვენებს.
გვარდიოლა ხუთშაბათს თელ ავივში გახლდათ, სადაც თავისი ძმაკაცის, ხუან მანუელ სერატის კონცერტს დაესწრო. ათი დღის წინ კი ბარსელონაში გამართულ საქველმოქმედო ტურნირში (შიდსით ინფიცირებულთა დასახმარებლად) მიიღო მონაწილეობა. მოკლედ, პეპს ბევრი თავისუფალი დრო აქვს და ცხოვრებით ტკბება.
პეპს ჯერ არაფერი აინტერესებს
მის მომავალ სამსახურზე კი სხვები ფიქრობენ და ზრუნავენ. მათ შორისაა "ბაიერნიც", რომელსაც ახალი მწვრთნელი 2013 წლის ზაფხულიდან დასჭირდება.
რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა თქვა, გაისად, სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი გვეყოლებაო და ერთი წლით ადრე ნათქვამი სიტყვა "სავარაუდოდ" შეგვიძლია,"100-პროცენტიანად" მივიჩნიოთ - უბრალოდ, ულიმ თავი დაიზღვია იმ შემთხვევისთვის, თუ "ბაიერნისთვის" შესაფერის სპეციალისტს ვერ დაითანხმებს.
"კიკერის" ცნობით, ფაქტია ისიც, რომ "ბაიერნის" ბოსები გვარდიოლაზე მართლაც სერიოზულად ფიქრობენ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი მადრიდში, ესპანეთის თასის ფინალის დროს პეპის ძმასა და მრჩეველ პერე გვარდიოლას შეხვდა, მაგრამ "კიკერის" ინფორმაციით, მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა - კრისტიანმა და პერემ, უბრალოდ, ტელეფონის ნომრები გაცვალეს.
"კიკერმა" ისიც გამოარკვია, რომ გვარდიოლას ერთ-ერთ მრჩეველ ხოსე მარია ორობიტგს, რომელიც პეპს იმ დროიდან აძლევს რჩევებს, როცა ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ 17 წლის იყო, მისთვის უკითხავს, რას აპირებო. ცხადია, "კიკერისთვის" ცნობილი გახდა გვარდიოლას პასუხიც: "არცერთ კლუბთან მოლაპარაკებები არ დამიწყია. ამისთვის ჯერ მზად არ ვარ".
ორობიტგის თქმით, პეპმა ჯერ ისიც კი არ იცის, რას იზამს მომავალი წლის დასაწყისში. იგი ადასტურებს, რომ გვარდიოლას გადაბირების სურვილი უკვე ექვსმა გრანდმა გამოთქვა, მაგრამ გვარდიოლამ კონკრეტული მოლაპარაკებების გამართვა არცერთთან ისურვა.
"ჩემი ვარაუდით, გვარდიოლა მოლაპარაკებებისთვის მზად მხოლოდ 2013 წლის თებერვალში ან მარტში იქნება. მანამდე კი კარგად დაისვენებს.
მეტიც, პეპმა კლუბებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი ამიკრძალა და მითხრა, არ მინდა, რომ თუნაც უბრალო შეხვედრამ სპეკულაციები გამოიწვიოსო, მაგრამ ეს ძალიან ძნელია, რადგან კლუბების ხელმძღვანელებს ძალაუნებურად ვხვდები ხან სად და ხან სად. შესაბამისად, ჭორებიც ვრცელდება ხოლმე," - უთხრა ორობიტგმა "კიკერს".
მარტინესის ტრანსფერი იჩარხება
საქმე ისაა, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, "ბაიერნი" 2013 წლის მარტამდე ვერ მოითმენს. მიუხედავად იმისა, რომ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებს გვარდიოლა ძალიან მოსწონთ და მის დანიშვნაზე ოცნებობენ, მინიმუმ, წლის ბოლომდე მოისურვებენ ყველაფრის გარკვევას.
"კიკერი" წერს, რომ ჰიონესმა ნერლინგერს მისია "პეპ გვარდიოლა" დააკისრა და კრისტიანსაც კონკრეტული გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა დაითანხმოს "ბარსას" ყოფილი დამრიგებელი. ხსენებული გამოცემა იმასაც გვაუწყებს, რომ ჰიონესმა და ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ნერლინგერს ხავი მარტინესის და ედინ ჯეკოს მიუნხენურ კლუბში გადაყვანაც დაავალეს და ნერლინგერი ამ ტრანსფერებზეც მუშაობს.
გადაიხდის ბაიერნი 40 მილიონს?
თუ "ბაიერნი" ბილბაოს "ატლეტიკის" უნიჭიერესი უკანახაზელის გადაბირებას მოახერხებს, დიდია იმის შანსი, რომ ეს უკანასკნელი ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული ახალწვეული გახდეს, რადგან ბასკები მარტინესს 40 მილიონ ევროდ აფასებენ.
სხვათა შორის, ამჟამინდელი რეკორდიც "ბაიერნს" ეკუთვნის - რეკორდმაისტერმა 2009 წელს "შტუტგარტს" მარიო გომესის სანაცვლოდ 35 მილიონი გადაუხადა.
ახლა კი, მიუნხენერ თაგესცაითუნგი წერს, რომ რეკორდმაისტერი მზადაა, "ბილბაოს" 23 წლის ხავი მარტინესის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ხსენებული გამოცემის მტკიცებით, ბავარიელებმა "ბილბაოს" და ფეხბურთელს უკვე კონკრეტული წინადადებებითაც მიმართეს. ესპანურ მედიაში ვკითხულობთ, რომ "ბაიერნი" მზადაა, მარტინესს ხუთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს და წელიწადში 7 მილიონი უხადოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლა 2013 წლიდან მიუნხენის "ბაიერნს" გაწვრთნის?