მიუნხენის "ბაიერნს" მათიას ზამერი მიხედავს!

AutoSharing Option
2 ივლისს მიუნხენის "ბაიერნმა" ყველასათვის მოულოდნელი განცხადება გაავრცელა: კრისტიან ნერლინგერი ბავარიული გრანდის სპორტული დირექტორი აღარ არის და უკვე ცნობილია, ვინ შეცვლის 39 წლის ფუნქციონერს, რომელმაც რეკორდმაისტერის ობერ-შეფობის იმედები აშკარად ვერ გაამართლა - "ბაიერნს" სპორტული კუთხით მათიას ზამერი მიხედავს, რომელიც წლების მანძილზე გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორი და ბავშვთა ფეხბურთის კოორდინატორი გახლდათ და ამ თანამდებობაზე ძალიან კარგად მუშაობდა.

90-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელზე, რომელიც კარგი მწვრთნელიცაა და იმედები ფუნქციონერის რანგშიც ასი პროცენტით გაამართლა, არაერთი გერმანული კლუბი ოცნებობდა, მაგრამ 44 წლის
ზამერი "ბაიერნმა" გადაიბირა - თანაც, როგორ: მიუნხენელებმა მათიასი გერმანიის საფეხბურთო კავშირს, ფაქტობრივად, ცხვირწინ ააცალეს!

ამრიგად, ნერლინგერს, რომელიც "ბაიერნის" სპორტული დირექტორი 2009 წელს გახდა და მაშინ ამ თანამდებობაზე ული ჰიონესი შეცვალა (ეს უკანასკნელი მაშინ რეკორდმაისტერის პრეზიდენტად დაინიშნა და ამ პოსტზე ფრანც ბეკენბაუერი ჩაანაცვლა), ზამერი შეცვლის.

2 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ბავარიელებმა ნერლინგერის გაშვების მიზეზებიც გაახმაურეს.

"გასული სეზონის შეჯამებისას ნათლად გამოჩნდა, რომ "ბაიერნის" სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები სპორტულ დირექტორ კრისტიან ნერლინგერს ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ.

სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ ნერლინგერთან თანამშრომლობა შეწყდებოდა, მაგრამ ამ ამბის გახმაურება ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთვის გადავდეთ, რადგან არ გვინდოდა, რომ მომხდარს ზედმეტი მითქმა-მოთქმა გამოეწვია.

ახლა კი, როცა ზამერთან შეთანხმებას მივაღწიეთ, ევრო 2012-იც დამთავრებულია და მათიასმა გერმანიის საფეხბურთო კავშირისგან გათავისუფლების ფურცელი მიიღო, სიამოვნებით ვაცხადებთ, რომ ზამერი "ბაიერნის" სპორტულ დირექტორად ინიშნება.

ნერლინგერს მადლობას ვუხდით ამ ოთხი წლის მანძილზე გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ,"
- ნათქვამია პრეზიდენტ ჰიონესის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მათიას ზამერს აქტიური სპორტული კარიერის დროს გერმანიის ნაკრებში 51 მატჩი აქვს ჩატარებული, მანამდე კი, გდრ-ის ნაკრებში 23 შეხვედრა გამართა. 1996 წელს ზამერი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და "ოქროს ბურთი" გადასცეს.

საკლუბო კარიერა მან დრეზდენის "დინამოში" დაიწყო. მერე კი "შტუტგარტში", მილანის "ინტერში" და დორტმუნდის "ბორუსიაში" თამაშობდა.

მისი სამწვრთნელო კარიერის პირველი ეტაპი "დორტმუნდი" გახლდათ - "ბორუსიას" ზამერი 2000 წლიდან ჩაუდგა სათავეში, 2002 წელს გერმანიის ჩემპიონობა იზეიმა და ვესტფალიური კლუბი 2004 წელს დატოვა, რის შემდეგაც ერთი სეზონი "შტუტგარტის" დამრიგებლის რანგში გაატარა და მერე გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტულ დორექტორად დაინიშნა და აქამდე ამ თანამდებობაზე მუშაობდა.

იურგენ კლინსმანის გათავისუფლების შემდეგ მას გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მოიაზრებდნენ, თუმცა საფეხბურთო კავშირმა არჩევანი იოახიმ ლიოვზე შეაჩერა, რომელთანაც ზამერს არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული