დიეგოს და ფელიქს მაგათს სალაპარაკო აქვთ!

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, წინ კი მორიგი საკლუბო სეზონი გველის, რომლისთვისაც კლუბები მზადებას ნელ-ნელა იწყებენ.

გერმანელები, ამ მხრივ, როგორც ყოველთვის, პირველები არიან: 2 ივლისს ახალი სეზონისთვის მზადებას "ვოლფსბურგი" შეუდგა. პირველ ვარჯიშზე ყურადღების ცენტრში მადრიდის "ატლეტიკოდან" დაბრუნებული ბრაზილიელი გამთამაშებელი დიეგო გახლდათ, რომელმაც ესპანურ კლუბში ერთი სეზონი განათხოვრების წესით გაატარა.

27 წლის ფლეიმეიკერი შარშან "ვოლფსბურგიდან" ფელიქს მაგათთან უთანხმოების გამო წავიდა და მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "დესპოტი ფელიქსი" დიეგოს დაბრუნებას დაუშვებდა, მაგრამ "მგლების" მწვრთნელ-მენეჯერმა აზრი შეიცვალა და ბრაზილიელი მიიღო.

თუმცა უცნობია, დარჩება თუ არა
დიეგო "ვოლფსბურგში". ფაქტი ის არის, რომ მას ძალიან ბევრი მთხოვნელი ჰყავს, რადგან გასული სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა და "ატლეტიკოსთან" ერთად ევროპალიგა მოიგო.

"ჯერჯერობით საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მომავალ სეზონს "ვოლფსბურგში" გავატარებ," - განუცხადა ბრაზილიელმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ და ბარემ აქვე შეგახსენებთ, რომ დიეგოს "ვოლფებთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული.

"ფელიქს მაგათს ტელეფონით ვესაუბრე და მან მითხრა, აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეო. ახლა კი, როცა აქ ვარ, ალბათ, პირადად გამესაუბრება და ეს საუბარი ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს," - უთხრა ბრაზილიელმა "კიკერს".

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, დიეგოს გადაბირებით ბრაზილიური "ფლამენგო" და მოსკოვის "ლოკომოტივი" დაინტერესდნენ, რის შესახებაც მაგათმა მას უკვე აცნობა და ისიც უთხრა, მე შენი გაყიდვა არ მინდაო.

ფაქტია, რომ მაგათს დიეგოს გასხვისება მყარად აღარ აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ძველი უთანხმოებები ფელიქსს არასდროს ავიწყდება და თუ რომელიმე კლუბი კარგი წინადადებით მიმართავს, ცხადია, რომ ბრაზილიელს იოლად შეელევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული