ზღვარგადასული ეიფორია დორტმუნდში

AutoSharing Option
გერმანიის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი დორტმუნდის "ბორუსია" ახალი სეზონისთვის მზადებას დღეს იწყებს - რა თქმა უნდა, იმ რვა ფეხბურთელის გარეშე, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს.

სეზონური აბონემენტების გაყიდვების რაოდენობით, დორტმუნდელებმა შარშან და შარშანწინაც რეკორდები დაამყარეს. ახლა კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეიფორია ყოველგვარ ჩარჩოს გასცდა. თავად განსაჯეთ, "ბორუსიას" მომავალი სეზონისთვის 90 000 (!) აბონემენტის გაყიდვა შეეძლო.

პოლონეთის ნაკრების დორტმუნდელი ფეხბურთელები იაკუბ ბლაშჩიკოვსკი, რობერტ ლევანდოვსკი და ლუკაშ პიჟჩეკი კიდევ ორ კვირას დაისვენებენ, ხოლო გერმანიის ნაკრების წევრები მარიო გიოტცე, მატს ჰუმელსი, ილქაი
გიუნდოგანი, მარსელ შმელცერი და მარკო როისი, რომელიც "ბორუსიამ" "გლადბახიდან" გადაიბირა, შვებულებიდან მხოლოდ 22 ივლისს დაბრუნდებიან.

დორტმუნდული კლუბისადმი ფანების ინტერესი კი კვლავ უდიდესია. აბონემენტების შარშანდელ მფლობელთა 97.2-მა პროცენტმა მთელი სეზონის ბილეთი ისევ შეიძინა (სულ 52 000).

"ვესტფალენშტადიონი" 80 720 ქომაგს იტევს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებს უნდათ, რომ მატჩებისთვის ჩვეულებრივი ბილეთებიც იყიდებოდეს. ასე რომ არ ყოფილიყო, "ბორუსია" ყველა ადგილზე აბონემენტს გაყიდდა...

თავად განსაჯეთ: ამ დროისთვის BVB-ს 52 000 აბონემენტი აქვს გაყიდული და გასაყიდი მხოლოდ 2 000 აბონემენტიღა დარჩა. მოთხოვნა კი უდიდესია: დღეისათვის აბონემენტის შეძენას კიდევ 37 000 ფანი ითხოვს! გამოდის, რომ გერმანიის ჩემპიონებს თავისუფლად შეეძლოთ 90 000 აბონემენტის გაყიდვა.

ეს ყველაფერი იმასაც ნიშნავს, რომ "დორტმუნდმა" მხოლოდ ბილეთების გაყიდვით ამ ზაფხულს უკვე 20 მილიონი ევრო იშოვნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღემდე განხორციელებული ტრანსფერების ბალანსი გაწონასწორებულია, რადგან დორტმუნდელებმა კაგავას, ბარიოსის, შტიპერმანის, ბოიდისა და აიზფელდის გაყიდვებით თითქმის ზუსტად იმდენი გამოიმუშავეს (25.7 მილიონი ევრო), რამდენიც როისის, ბიტენკურის, შიბერისა და კირხის ტრანსფერებში დახარჯეს.

10 ნომერი გიოტცეს!
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ევროპის ჩემპიონატზე მარიო გიოტცეს არ ენდო (მხოლოდ 11 წუთი საბერძნეთთან), დორტმუნდელთა თავკაცი იურგენ კლოპი კი 20 წლის შემტევ ნახევარმცველს ასპროცენტიან ნდობას უცხადებს და მეტიც: კლოპის გადაწყვეტილებით, მომდევნო სეზონში მარიო 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გადაწყვეტილების მიზეზი, პირველ რიგში, ის არის, რომ კლოპს ამით გიოტცესთვის მოტივაციის გაზრდა სურს და ცხადია ისიც, რომ კაგავას წასვლის შემდეგ იურგენი თავისი ვუნდერკინდის ადგილს გამთამაშებლის პოზიციაზე ხედავს. "მარიომ მეათე ნომერი დაიმსახურა," - ეს "ბორუსიას" სპორტული დირექტორის, მიხაელ ცორკის სიტყვებია.

"ათნომრიანი ფორმით ბავშვობაში ვთამაშობდი და ცხადია, ძალიან მიხარია, რომ ბუნდესლიგაშიც "ათიანი" ვიქნები.

ეს ჩემი საყვარელი და საოცნებო ნომერია,"
- უთხრა გიოტცემ "ბილდს" და იქვე დასძინა, ძალიან კარგად მესმის, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა, რადგან მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების უმრავლესობა "ათიანები" იყვნენო.

"დორტმუნდის" უახლეს ისტორიაში ეს საპატიო ნომერი ტომაშ როსიცკის, უფრო ადრე კი გენიალურ ანდრეას მიოლერს ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში გიოტცე 11-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, რომელსაც ახლა "გლადბახიდან" შეძენილი როისი მიიღებს. ნომრების კუთხით "დორტმუნდში" სხვა ცვლილებებიცაა: ილქაი გიუნდოგანი გასულ სეზონში 21-ე ნომერი გახლდათ, ახლა კი 8 აიღო; სვენ ბენდერი 23-ე ნომრით თამაშობდა, ახლა კი 6-იანი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული