კლაუდიო პისაროს 24-ნომრიანი მაისური ნილ პეტერსენს!

AutoSharing Option
33 წლის თავდამსხმელი კლაუდიო პისარო საცხოვრებლად მიუნხენში ჯერ არ გადასულა - მისი თეთრი "ბენტლი" ჯერ კიდევ ბრემენში, პერუელი გოლეადორის სახლის წინ აყენია.

თუმცა ტრანსფერი ორი თვის წინ გადაწყდა და ცნობილია, რომ პისარო კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს, "ვერდერმა" კი იმავე "ბაიერნისგან" მისი შემცვლელი ინათხოვრა.

3 ივლისს რეკორდმაისტერის სათადარიგო თავდამსხმელმა ნილს პეტერსენმა ბრემენულ კლუბთან ერთწლიანი საარენდო ხელშეკრულება გააფორმა, რისთვისაც "ვერდერი" "ბაიერნს" ნახევარ მილიონ ევროს გადაუხდის.

ფაქტია, რომ პისარო "მუსიკოსებში" სწორედ პეტერსენმა უნდა შეცვალოს და გუშინ გაირკვა ისიც, რომ ნილსი "ვერდერში" სწორედ კლაუდიოს 24-ნომრიანი
მაისურით ითამაშებს. ახლა საინტერესო ისაა, შეეწევა თუ არა პეტერსენი "ვერდერს" გოლებით ისე, როგორც ამას პისარო წლების განმავლობაში ახერხებდა - პერუელს ბრემენელთა სასარგებლოდ 220 მატჩში ხომ 127 გოლი აქვს გატანილი.

"მინდა, რომ სეზონის ყველა შეხვედრაში ვიასპარეზო და დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელი თომას შააფი მომენდობა. ძალიან მინდა, რომ "ვერდერში" ბევრი გოლი გავიტანო, - უთხრა ბრემენში ჩასულმა პეტერსენმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს და იქვე დასძინა, - პისარო ბრწყინვალე თავდამსხმელია, მაგრამ მასთან შედარება არ მსიამოვნებს.

რაც შეეხება ნომერს: 24 შემთხვევით ავიღე! დავინახე, რომ თავისუფალი იყო და ავიღე! ნამდვილად არ გამხსენებია, რომ ამ ნომრით პისარო თამაშობდა".

აღსანიშნავია, რომ "ვერდერს" პეტერსენის შესყიდვის უპირატესი უფლების მიღება სურდა, მაგრამ "ბაიერნმა" ხელშეკრულებაში ასეთი პუნქტის ჩადება იუარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული