"დორტმუნდი" არაფერს გეგმავს!

AutoSharing Option
4 ივლისს ახალი საკლუბო სეზონისთვის მზადება გერმანიის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა, დორტმუნდის "ბორუსიამაც" დაიწყო. პირველი ვარჯიშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე BVB-ის ხელმძღვანელებმა ბუნდესლიგის 50-ე სეზონის მიზნებზე ისაუბრეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ ორჯერ გავხდით გერმანიის ჩემპიონები, წელს კი სულაც დუბლი შევასრულეთ, ჩვენი უმთავრესი მიზანი მაინც ისევ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, - განაცხადა "დორტმუნდის" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ, - საქმე იმაშია, რომ გერმანიაში ჯერ კიდევ არსებობს გუნდი, რომელსაც ჩვენზე გაცილებით დიდი ფინანსური რესურსი აქვს და ეს მიუნხენის "ბაიერნია".

შესაბამისად, გერმანიის ჩემპიონატის უპირველესი ფავორიტი
ისევ რეკორდმაისტერი იქნება, თუმცა ჩვენ კვლავ მაქსიმალურად დავიხარჯებით. დორტმუნდში უდიდესი ეიფორიაა და მინდა, რომ ვითარება ჩვენმა ფანებმაც რეალისტურად შეაფასონ".

გენერალურ მენეჯერს ჩემპიონების თავკაცი იურგენ კლოპიც ეთანხმება: "ჩვენ ყველანი ვამაყობთ იმით, რომ ზედიზედ ორჯერ გავხდით გერმანიის ჩემპიონები, მაგრამ "ბაიერნს" ჯერ კიდევ ჩვენზე გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს.

ცხადია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რეკორდმაისტერმა ტიტული ვერ წაგვართვას, მაგრამ ჩემპიონობა აუცილებელი მოთხოვნა ვერ იქნება. "ბორუსია" ჯერ კიდევ შექმნისა და ჩამოყალიბების პროცესშია," - აღნიშნა კლოპმა.

რაც შეეხება სპორტულ მხარეს: დორტმუნდელებმა გუშინ ევრო 2012-ის მონაწილე ფეხბურთელების გარეშე ივარჯიშეს. პოლონელები იაკუბ ბლაშჩიკოვსკი, რობერტ ლევანდოვსკი და ლუკაშ პიჟჩეკი "ბორუსიას" 17 ივლისს შეუერთდებიან, ხორვატი ივან პერიშიჩი გუნდთან ერთად 19 ივლისიდან იქნება, ხოლო გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები კი შვებულებიდან 22 ივლისს დაბრუნდებიან.

კლოპმა და ვატცკემ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ შინჯი კაგავას "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგების შემდეგ "ბორუსია" არცერთი ფეხბურთელის დათმობას აღარ აპირებს.

სამაგიეროდ, გამორიცხული არაა, რომ 31 აგვისტომდე "დორტმუნდი" კიდევ გაძლიერდეს. თუმცა ვატცკეს თქმით, კონკრეტული ჯერ არაფერი დაგეგმილა. შეგახსენებთ, რომ BVB-მ მომავალი სეზონისთვის დღემდე ოთხი ფეხბურთელი (როისი, ბიტენკური, შიბერი და კირხი) დაიბევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული