"ტვენტემ" დე იონგში 20 მილიონი მოითხოვა!

AutoSharing Option
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ჰოლანდიური "ტვენტეს" გოლეადორის, ლუუკ დე იონგის გადაბირება უნდა, ეს ძველი ამბავია. სიახლე ის არის, რომ "გლადბახის" სპორტული დირექტორი მაქს ებერლი ოთხშაბათს ენსხედეში იმყოფებოდა, სადაც "ტვენტეს" ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები გამართა, მაგრამ სამშობლოში ხელცარიელი დაბრუნდა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, კლუბები 21 წლის თავდამსხმელის ფასზე ვერ თანხმდებიან.

"კიკერი" ირწმუნება, რომ "ტვენტეს" მენეჯერმა ალდო ვან დერ ლაანმა ებერლს დე იონგში 15 მილიონი ევრო მოთხოვა, ამ უკანასკნელს კი მხოლოდ 10 მილიონის გადახდა უნდა.

ამასობაში, ჰოლანდიურმა გაზეთმა "ტელეგრააფმა" გაავრცელა "ტვენტეს" პრეზიდენტ იოოპ მუნსტერმანის კომენტარი, რომელიც
აცხადებს, ლუუკ დე იონგს 15 მილიონადაც კი არ დავთმობთ, ჩვენ მის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონი ევროს აღება გვინდაო.

"კარგად ვხვდებით, რომ ლუუკის "ტვენტეში" შენარჩუნება გაგვიჭირდება და მზად ვართ, ნებისმიერ მსურველს დაველაპარაკოთ, მაგრამ ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ლუუკის გადაბირების სურვილით შეპყრობილი კლუბი ამ ფეხბურთელის შესაძლებლობების შესაბამის თანხას გადაგვიხდის", - აცხადებს ვან დერ ლაანი და იქვე დასძენს, დე იონგით ძალიან ბევრი კლუბია დაინტერესებულიო, რითაც "გლადბახის" ხელმძღვანელებს მძიმე წნეხის ქვეშ აქცევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული