პორტრეტი. მიუნხენის "ბაიერნის" ახალი სპორტული დირექტორი

AutoSharing Option
ზუსტად კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც "ბაიერნს" სპორტული კუთხით ახალი ბოსი ჰყავს - კაცი, რომელიც ფეხბურთზე უზომოდაა შეყვარებული. ეს კაცი ყველა ვარჯიშს ესწრება, ესაუბრება მწვრთნელს, ხელმძღვანელებს და ფეხბურთელებს. ის ყველას ელაპარაკება და ყველა მასზე ლაპარაკობს - ყოველთვის ასე იყო, როცა საქმე მათიას ზამერს ეხებოდა და ასეა ახლაც.

ზამერი რეკორდმაისტერის ახალი სპორტული დირექტორია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მენეჯერი, რომელიც "ბაიერნის" ხელმძღვანელობიდან ყველაზე ხშირად იქნება ყურადღების ცენტრში.

44 წლის ფუნქციონერი, რომელიც აქტიური სპორტული კარიერის დროს თითით საჩვენებელი ფეხბურთელი იყო და უკანასკნელი გერმანელი
მოთამაშეა, რომელსაც "ოქროს ბურთი" აქვს აღებული (1996), გერმანიის საფეხბურთო კავშირიდან მიუნხენურ გრანდში იმიტომ გადაიყვანეს, რომ ბავარიული გრანდი დააბრუნოს იქ, სადაც მისი ადგილია - ჯერ გერმანული ფეხბურთის, მერე კი ევროპის მწვერვალზე.

ეს ლოგიკურიც იყო, რადგან ორი წელია, "ბაიერნს" ტიტული არ მოუგია, გასულ სეზონში განცდილი ფიასკოების შემდეგ კი რეკორდმაისტერს უკვე გერმანიის მეორე კლუბად მოიხსენიებენ, რადგან ბუნდესლიგაშიც მეორე ადგილი დაიკავა, გერმანიის თასის ფინალში დამარცხდა და ვერც ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგო.

მიუნხენში არ უყვართ მეორეობა და ამიტომაც მიიყვანეს ზამერი - კაცმა, რომელმაც გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორის რანგში სამაგალითოდ იმუშავა, თავისი შესაძლებლობები ახლა "ბაიერნში" უნდა დაამტკიცოს.

ამრიგად, ზუსტად ერთი კვირა გავიდა მას მერე, რაც ზამერი რეკორდმაისტერში დაინიშნა და გაგახსენებთ, როგორ ჟღერდა მისი პირველი დაპირება: "ჩვენ გვინდა და ვალდებულები ვართ, რომ თავიდანვე წარმატებული ფეხბურთი ვითამაშოთ!"

ბაიერნში უკვე ბევრი რამ შეიცვალა
ამ ერთ კვირაში "ბაიერნში" ყველაფერი სხვანაირად ხდება, რაც, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ სწორედ ზამერის დამსახურებაა.

67 წლის მწვრთნელი იუპ ჰაინკესი მნიშვნელოვნად შეიცვალა: ვარჯიშებზე ტონს აუწია და ფეხბურთელებს ადრინდელზე აგრესიულად და ხშირად უჯავრდება, როცა ისინი შეცდომებს უშვებენ. უკვე ჰაინკესიც ზამერივით ლაპარაკობს, როცა ამბობს, ფეხბურთელებს თითოეულ მოქმედებაზე უნდა ეტყობოდეთ, რომ წარმატებები სწყურიათო.

წარმატება არის ერთადერთი რამ, რისკენაც ზამერი ისწრაფვის: "არ მაინტერესებს, შემაქებენ თუ ვეყვარები - ეს ჩემთვის არასდროს იყო მნიშვნელოვანი. ბავშვობაშიც ძალიან მონდომებული და მიზანმიმართული ვიყავი," - აცხადებს მათიასი.

ფეხბურთელი ზამერი დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა, მოიგო ჩემპიონთა ლიგაც, ხოლო გერმანიის ნაკრებში კი 1996 წელს ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

ზამერი ყოველთვის შეუდრეკელი და საკუთარი თავის მიმართაც კი დაუნდობელი იყო - ამიტომაც შეარქვეს "მოტცკი", რაც, მათიასის თქმით, კომპლიმენტია.

"ზამერის წინააღმდეგ შანსი არ გაქვთ!" - სკანდირებდა ხოლმე "დორტმუნდის" სამხრეთი ტრიბუნა საშინაო მატჩების დროს.

მათიასი გასახდელში ყველაზე ძლევამოსილ და გავლენიან ფეხბურთელებს ეჩხუბებოდა - "ბორუსიაში" ანდრეას მიოლერს შეუტია, გერმანიის ნაკრებში კი თვით შტეფან ეფენბერგს ეჩხუბა.

მათიასი საკუთარი თავის შესახებ: "მირჩევნია, არასიმპათიური გამარჯვებული ვიყო, ვიდრე სიმპათიური დამარცხებული! კითხვა ყოველთვის ასე უნდა დაისვას: გვინდა თუ არა წარმატების მიღწევა? გამარჯვებისთვის ბრძოლაში ყველა ხერხი გამართლებულია".

ის ემოციური ფეხბურთელი იყო და ფუნქციონერის რანგშიც ემოციურია. დიტერ ჰიონესი ამბობს, კაცი დავბერდი და არასდროს მინახავს ისეთი მოტივირებული ფეხბურთელი, როგორიც ზამერი იყოო.

ძალაუფლების მოყვარული მოტცკი
მათიასმა კარიერა 2000 წელს, 30 წლის ასაკში დაასრულა. მუხლის მძიმე ტრავმამ აიძულა, ბუცები ლურსმანზე ნაადრევად ჩამოეკიდებინა და სხვათა შორის, სირბილი დღემდე აკრძალული აქვს.

ზამერი კარიერის დასრულებისთანავე "დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი გახდა, 2002 წელს "ბორუსიას" გერმანიის ჩემპიონატი მოაგებინა და ბუნდესლიგის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი მწვრთნელი გახდა.

მოგვიანებით "შტუტგარტშიც" იმუშავა, მაგრამ მიხვდა, რომ მწვრთნელობა არ არის ის, რაზეც კარიერის დასრულების შემდეგ ოცნებობდა.

მწვრთნელის რანგში მათიასი თავს ვერ გრძნობს ისე კომფორტულად, როგორც უნდა, რადგან მეტი ძალაუფლება სურს. ფეხბურთელობის დროს მათიასი ყოველთვის შეფი იყო და შეფობა სურდა კარიერის მერეც.

2006-ში მათიასი გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტულ დირექტორად დანიშნეს და ბავშვთა ფეხბურთიც ჩააბარეს. მიზანი ბუნდესგუნდის სამწვრთნელო შტაბთან ერთად ახალი თაობისა და გუნდის ფორმირება გახლდათ.

მათიასმა ბავშვთა ფეხბურთის განვითარების კონცეფცია ჩამოაყალიბა და ყველა მწვრთნელს (გარდა ეროვნული ნაკრებისა) ტექნიკაზე, ტაქტიკაზე, კადრებსა და კონდიციაზე მუშაობის გეგმა დაუდგინა. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ გერმანიის 17-წლამდელთა, 19-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრები გუნდები ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

დაპირისპირება იოახიმ ლიოვთან
2008 წლამდე მათიასი მჭიდროდ თანამშრომლობდა გერმანიის ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბთანაც, მაგრამ ყოველთვის იგრძნობოდა, რომ ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვთან და ნაკრების მენეჯერ ოლივერ ბირჰოფთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა - მათ ზამერის მკაცრი ტონი და მიდგომა არასდროს მოსწონდათ.

2008 წელს კი დენთის კასრი აფეთქდა: ზამერმა ვერ დამალა უკმაყოფილება და განრისხება იმის გამო, რომ ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ბირჰოფმა და ლიოვმა ბერლინში ფეხბურთელები და ფანები ერთად აზეიმეს.

ზამერის აზრით, წაგებული ფინალის შემდეგ ზეიმი უდიდესი სირცხვილი იყო...

ამბობდნენ, ზამერისა და ლიოვის დაპირისპირებას ეს უკანასკნელი შეეწირებაო, მაგრამ ასე არ მოხდა - საფეხბურთო კავშირის შეფებმა ლიოვს ხელი ვერ ახლეს და ცხადია, ვერც ზამერი დააოკეს. ბოლოს კი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათიასი ეროვნული გუნდისთვის უნდა ჩამოეშორებინათ.

ამრიგად, 2008 წლის შემდეგ ბუნდესგუნდმა მუშაობა მათიასის გარეშე განაგრძო, ზამერი კი სხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდების შეფად დარჩა.

ბაიერნი, ახალი გამოწვევა
"ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი მიხვდა, რომ ზედიზედ ორი სეზონის ჩაგდების შემდეგ, რაც რეკორდმაისტერისთვის კატასტროფის ტოლფასია, გუნდში ისეთი კაცი სჭირდებოდა, როგორიც ზამერია და მათიასისგან პირველივე დარეკვისას თანხმობა მიიღო - მას იქ ურჩევნია მუშაობა, სადაც ბოლომდე ენდობიან და სრულ კარტ-ბლანშს სთავაზობენ.

მათიასი "ბაიერნში" ძველებურ შემართებას დააბრუნებსო, ამბობს ფრანც ბეკენბაუერი. "ბოლოს და ბოლოს, "ბაიერნის" ფეხბურთელებისგან სხვადასხვა სულელურ ალიბს აღარ მოვისმენთ, რადგან ზამერი ამას არ დაუშვებს," - ეს კი ლოთარ მათეუსის სიტყვებია.

ამრიგად, არიენ რობენს და კომპანიას სულ სხვანაირად მოუწევთ შრომა, რადგან ზამერს არ უყვარს ეგოისტი ან გაზულუქებული ფეხბურთელები. მას ლიდერები სჭირდება და რაც მთავარია, ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული