ლევერკუზენის "ბაიერის" გენერალურმა მენეჯერმა ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერმა "კიოლნერ ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 21 წლის გარემარბ ანდრე შიურლეში, მინიმუმ, 20 მილიონ ევროს იხდიდა.
"დიახ, "ჩელსის" ხელმძღვანელებმა კონკრეტული წინადადებით მოგვმართეს და მზად იყვნენ, ანდრეს სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაეხადათ.
ვფიქრობ, მოლაპარაკებების გაგრძელების შემთხვევაში 25 მილიონსაც კი გადაიხდიდნენ, მაგრამ ჩვენ უარი შევუთვალეთ, რადგან შიურლე ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.
ცხადია, აზრი
"ბაიერის" ბოსმა ისიც დაადასტურა, რომ "ტვენტეს" 21 წლის გოლეადორის, ლუუკ დე იონგის გადაბირებაზე ფიქრობს:
"მას დიდი ხანია ვაკვირდებით და ძალიან მოგვწონს. შედგება თუ არა ტრანსფერი, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული."
ჰოლცჰოიზერთან ერთად, თემას ლევერკუზენელთა სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერიც გამოეხმაურა:
"შიურლეს გაყიდვა ჩვენს გუნდს ნამდვილად შეასუსტებდა და თანაც, ეს ფანებსაც არ მოეწონებოდათ," - აღნიშნა 52 წლის "რუხმა მგელმა".
ჰოლცჰოიზერმა კი "კიოლნერ ექსპრესს" ისიც დაუდასტურა, რომ "ლევერკუზენს" "რეალის" ახალგაზრდა ტალანტის, დანიელ კარხავალის გადაბირება უნდა, რაზეც "ლელო" რამდენიმე დღის წინაც წერდა. "კარხავალი ძალიან საინტერესო ფეხბურთელია.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით ერთ-ერთი უნიჭიერესი მარჯვენა მცველია, რომელიც შეტევაშიც ძალიან ეფექტურად ერთვება ხოლმე," - ამბობს ჰოლცჰოიზერი. ესპანური "მარკა" წერს, 20 წლის კარხავალის "ბაიერში" გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია და გერმანელები "რეალს" 5 მილიონ ევროს ჩაუთვლიანო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"