იურგენ კლოპი ოტმარ ჰიტცფელდს მიბაძავს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსია" ზედიზედ ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და წინა სეზონში გერმანიის თასიც მოიგო, რაც ბრწყინვალე წარმატებაა, მაგრამ დორტმუნდელებს გულში დიდ ხინჯად აქვთ ჩარჩენილი ის, რომ ჩემპიონთა ლიგაში სასტიკად შერცხვნენ - შეგახსენებთ, BVB ჯგუფში ჩარჩა.

იმისათვის, რომ მომავალ სეზონში ასეთი რამ აღარ განმეორდეს, დორტმუნდელთა თავკაცი იურგენ კლოპი ძირითად შემადგენლობაში ხშირ როტაციაზე და ძალების შეძლებისდაგვარად თანაბრად გადანაწილებაზე ფიქრობს.

საფეხბურთო გერმანიაში "როტაციის მეფედ" ოტმარ ჰიტცფელდი მიიჩნევა (ახლა შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელია), რომელმაც ასეთი მიდგომით გერმანულ კლუბებს ("დორტმუნდი", "ბაიერნი") 7-ჯერ მოაგებინა ბუნდესლიგა, 3-ჯერ თასი და
2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.

"შარშან და შარშანწინ მოკლე სათადარიგოთა სკამი გვქონდა. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენი ამბიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩემპიონთა ლიგაში განცდილმა ფიასკომ კი მიმახვედრა, რომ უფრო მეტი მაღალი კლასის ფეხბურთელი გვჭირდებოდა.

როცა ერთი ფორმაში არ იქნება, ან ტრავმა ექნება, ანაც დისკვალიფიკაცია, იგი მეორემ ღირსეულად უნდა შეცვალოს და ა.შ. ჩვენ უკვე შევძელით ღირსეული ალტერნატივების გადმობირება და ახალ სეზონში ხარისხიანი როტაციის შესაძლებლობა მომეცემა,"
- აცხადებს კლოპი.

მაგალითი: ნახევარდაცვაში იურგენს მართლაც იმდენი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, რომ ორ გუნდს ეყოფოდა: მარიო გიოტცე (20 წლის), მარკო როისი (23), სვენ ბენდერი (23), იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (26), ილქაი გიუნდოგანი (21), ივან პერიშიჩი (23), კევინ გროსკროიტცი (23), მორიტც ლაიტნერი (19), ლეონარდო ბიტენკური (18) და სებასტიან კელი (32).

კლოპი ამაყობს: "როცა ერთ კვირაში ორი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, შანსი ყველას მიეცემა და მჯერა, რომ ბიჭები იმედებს არ გამიცრუებენ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული