ორი მარიო და ამბიციური კლაუდიო - რას უპირებს იუპ ჰაინკესი სამ კარგ თავდამსხმელს?

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნს" ახალი სეზონისთვის სამი მაღალი დონის ცენტრფორვარდი ჰყავს: მარიო გომესი (26 წლის), მარიო მანჯუკიჩი (26) და კლაუდიო პისარო (33).

ეს იმას ნიშნავს, რომ 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში, რომელსაც რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, ალბათ, არ შეცვლის, წინა ხაზზე უმძაფრესი კონკურენციაა.

ბავარიელებს წინა სეზონშიც სამი ფორვარდი ჰყავდათ, მაგრამ ივიცა ოლიჩი ("ვოლფსბურგში" გადავიდა) თითქმის სულ ტრავმირებული იყო, ნილს პეტერსენს კი ("ვერდერში" წავიდა) ძირითად შემადგენლობაში თამაშის სერიოზული პრეტენზია არ ჰქონია.

ახალწვეულები პისარო და მანჯუკიჩი კი გაცილებით (და სამართლიანად) ამბიციური თავდამსხმელები არიან, რომლებიც სკამზე
ჯდომას ასე იოლად არ შეეგუებიან. მაშ, რას და როგორ უნდა გეგმავდეს ჰაინკესი?

ჩემპიონთა ლიგის ისეთი უმნიშვნელო და ფეხბურთის ისტორიისთვის უსარგებლო მატჩი, როგორიც იყო "ბარსელონა"-ბატე, ალბათ, აღარ გახსოვთ. ეს შეხვედრა 2011 წლის დეკემბერში გაიმართა: "ბარსას" მეორე გუნდმა ბელარუსის ჩემპიონი 4:0 გაანადგურა.

ერთი დღის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩი მიუნხენის "ბაიერნმაც", ფაქტობრივად, სარეზერვო შემადგენლობით ჩაატარა და "მანჩესტერ სიტისთან" უშანსოდ, 0:2 დამარცხდა.

ეს ორი შეხვედრა და ზოგადად ის დღეები მხოლოდ "ბაიერნის" ხელმძღვანელებისთვის გამოდგა მნიშვნელოვანი, რადგან ული ჰიონესი და კარლ-ჰაინც რუმენიგე მიხვდნენ, რომ რეკორდმაისტერის ყოფილი მწვრთნელი ლუის ვან გაალი სასტიკად შეცდა, როცა კადრების შემცირება მოითხოვა და მიხვდნენ იმასაც, რომ თუ ამბიციურ გუნდს ევროსარბიელსა თუ შიდა ჩემპიონატში ხანგრძლივად სურს წარმატებულ გზაზე სიარული, ყველა პოზიციაზე მინიმუმ ორი კარგი მოთამაშე უნდა ჰყავდეს.

ბავარიელთა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა იმავე საღამოს დაიჩივლა, "ბარსამ" მეორე შემადგენლობით 4:0 მოიგო, ჩვენ კი აბსოლუტურად უშანსოდ დავმარცხდით, რაც ყველაფერზე ცხადად მეტყველებსო. "დონ იუპმა" ამით ცოტა ფეხბურთელის მოყვარული ვან გაალიც გააკრიტიკა და ხელმძღვანელებიც, რომლებმაც თავის დროზე ჰოლანდიელს დაუჯერეს.

მას მერე ბავარიელებს სხვა პრიორიტეტები აქვთ: სწორედ მაშინ დაგეგმეს გუნდის გაფართოება, რათა ტრავმებმა, დისკვალიფიკაციებმა და სხვა სუბიექტურმა თუ ობიექტურმა მიზეზებმა გუნდს გაუთვალისწინებელი ზარალი არ მიაყენოს.

სწორედ ამიტომ გადაიბირა "ბაიერნმა" "გლადბახის" მცველი დანტე, ამიტომ სურს ბილბაოელი ხავი მარტინესის ყიდვაც და ამიტომ გაიფორმა ზემოთ ხსენებული ფორვარდები - მანჯუკიჩი და პისარო.

ჰაინკესი ამბობს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში პისარო და მანჯუკიჩი რომ მყოლოდა, შეიძლება "ჩელსისთან" არ წაგვეგო, რადგან წინა ხაზის გაძლიერებას შევძლებდიო.

ბავარიელები დიდხანს ფიქრობდნენ და ელოლიავებოდნენ ბოსნიელ ედინ ჯეკოს, მაგრამ ბოლოს არჩევანი იაფ და მუშა ვარიანტზე შეაჩერეს - პრეზიდენტი ჰიონესი ხორვატ მანჯუკიჩს "ბომბს" უწოდებს და დარწმუნებულია, რომ ეს ბომბი მიუნხენში აუცილებლად აფეთქდება.

მანჯუკიჩი, ერთი მხრივ, ისეთი თავდამსხმელია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და ამავდროულად, სათადარიგოთა სკამზე ჯდომის შემთხვევაში არ გაბრაზდება ისე, როგორც ჯეკო გაბრაზდებოდა.

პირველი მაინც გომესია, თუმცა...
ჰაინკესი თავდასხმაში შექმნილ კონკურენციას ასე აღწერს:

"თავდასხმისთვის რომელიმე ძვირად ღირებული სუპერვარსკვლავი რომ გვეყიდა, მაშინვე დაიწყებოდა დისკუსიები, ვინ უნდა ითამაშოს ძირითადში - გომესმა თუ ამ "მისტერ იქსმაო".

მანჯუკიჩის შემთხვევაში კი ასეთი დისკუსია არ დაწყებულა, რაც ძალიან კარგია. თუმცა ხორვატ მარიოს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მატჩში შეუძლია გომესის ღირსეულად შეცვლა.

იგივე ეხება გამოცდილ და გამობრძმედილ პისაროსაც, რომელსაც ასევე არ ეპიტნავება სკამზე ჯდომა და გომესსა და მანჯუკიჩს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს."

"დონ იუპის" ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნის" წინა ხაზის იერარქიაში პირველი ცენტრფორვარდი ისევ გომესია, მაგრამ ახლა უკვე გაცილებით სერიოზული კონკურენტები ჰყავს. თავად განსაჯეთ: გომესმა, მანჯუკიჩმა და პისარომ ბუნდესლიგის გასულ სეზონში ერთად 56 გოლის გატანა მოახერხეს!

ანუ, თუ ერთი (გომესი) ფორმიდან ამოვარდა ან უიღბლობა დასჩემდა, მიუნხენელები მის აზრზე მოსვლას კი აღარ დაელოდებიან და ამის გამო ქულებს დაკარგავენ, არამედ მეორეს ათამაშებენ, რომელსაც მესამის სახით ასევე ღირსეული შემცვლელი ეყოლება და ა.შ.

"ბაიერნის" დარ გრანდში სასტარტოში თამაშის გარანტიას ვერავინ მოგცემს და კონკურენციას უნდა შეეგუო. თუმცა რეკორდმაისტერი მთელი სეზონის განმავლობაში იმდენ თამაშს ატარებს ხოლმე, რომ ყველას მიეცემა შანსი. მე მჯერა, რომ მანჯუკიჩი "ბაიერნში" თავის თავს იპოვნის და იმედებს გაამართლებს," - ეს მანჯუკიჩის თანამემამულე ივიცა ოლიჩის სიტყვებია, რომელმაც "ბაიერნი" თავის თავზე გამოსცადა და ახალი სეზონიდან "ვოლფსბურგისთვის" შეუტევს.

ჰაინკესმა ტაქტიკის შეცვლა და ორფორვარდიან სქემაზე გადასვლა არ გამორიცხა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ "დონ იუპმა" ტაქტიკა შეცვალოს. გამოდის, რომ შეხვედრების აბსოლუტურ უმეტესობაში "ბაიერნი" მხოლოდ ერთი ცენტფორვარდით ითამაშებს და ეს ერთი ბედნიერი ან გომესი იქნება, ან მანჯუკიჩი და ანაც პისარო.

ვინ როგორ ივარგა გასულ სეზონში
ბაიერნის თავდამსხმელების სტატისტიკა ბუნდესლიგა 2011/12-დან
ფეხბურთელი გომესი პისარო მანჯუკიჩი
გოლი 26 18 12
მარჯვენა ფეხით 14 11 5
მარცხენა ფეხით 7 2 0
თავით 5 5 7
პენალტით 4 2 1
საგოლე პასი 3 10 10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ორი ფორვარდით ითამაშებს მაგრამ გომეს მაინც სკამზე მოუწევს ჯდომა
England
14:27 12-07-2012
0

სიახლეები პოპულარული