არ ვიცით, რა იქნებოდა სხვა შემთხვევაში (ეს მხოლოდ იოგის ეცოდინება), ფაქტი კი ის არის, რომ გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის უთამაშებლობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ გიოტცეს ბუნდესლიგის მეორე წრე გაუცდა.
ზამთარში დაშავებულმა მარიომ გამოჯანმრთელება მხოლოდ სეზონის მიწურულსღა მოასწრო და ევროპის ჩემპიონატს სათამაშო პრაქტიკის გარეშე
გიოტცე მოგვიანებით შეუერთდება
22 ივლისს გერმანიის ჩემპიონები ბად რაგაცისკენ აიღებენ გეზს, სადაც ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ და გიოტცე გუნდს სწორედ ამ დროისთვის შეუერთდება.
იყო საუბრები იმის შესახებ, რომ მარიო შვებულებიდან ადრე უნდა დაბრუნებულიყო, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მაინცდამაინც არ დაღლილა, მაგრამ "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა მწვრთნელ ირგენ კლოპთან შეთანხმებით გადაწყვიტა, გიოტცესთვისაც სრულფასოვანი შვებულება მიეცა - ბიჭმა ურთულესი თვეები გადაიტანა და კარგი დასვენება მხოლოდ წაადგებაო.
ივლისის მიწურულისთვის კი დასვენებულიც იქნება და მზადებას სრული დატვირთვებით შეუდგება, რადგან გიოტცე "დორტმუნდისთვის" ისედაც უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და მით უმეტეს მას მერე, რაც "ბორუსიამ" შინჯი კაგავა გაყიდა (იაპონელი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა), მარიოს როლი და მნიშვნელობა BVB-ში ფაქტობრივად გაორმაგდა.
კლოპის თქმით, მარიო "ბორუსიასთვის" ახალწვეულივითაა, რადგან დორტმუნდელებმა გასული სეზონის მეორე წრე მის გარეშე ჩაატარეს და იურგენი დარწმუნებულია იმაში, რომ გიოტცე ბუნდესლიგის პირველივე ტურებში ძველებურად ათამაშდება.
"ყველა ტესტ-მატჩში 90 წუთს არ ვათამაშებ, რადგან არ მინდა, რომ გადაიწვას. ზოგადად, რაკი მარიო ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მას უდიდესი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. მერე რა, რომ ჩამოყალიბებული ვარსკვლავია - საწყის ეტაპზე ყველა მატჩში მაქსიმალურად არ უნდა დავტვირთოთ. ექვსი თვეა, ფეხბურთი ხეირიანად არ უთამაშია და მასთან მიმართებაში სიფრთხილე გვამრთებს. პირადად მე ძალიან არ მინდა, რომ გიოტცეს ტრავმები დასჩემდეს," - აცხადებს კლოპი.
მარიოს გახარებას და მისთვის მოტივაციის მომატებას ემსახურება ის ფაქტიც, რომ კლოპმა მას ახალი სეზონისთვის ათი ნომერი შეუნახა. ამრიგად, მარიო უკვე "ათიანია", რაც მოტივაციასთან ერთად მის პასუხისმგებლობასაც ზრდის. მისი ყოფილი, მე-11 ნომრით კი დორტმუნდელთა ახალწვეული მარკო როისი ითამაშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"