მადრიდის "რეალისა" და თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი ჰამით ალთინთოპი კარიერას სტამბულის "გალათასარაიში" გააგრძელებს - ეს ინფორმაცია 13 ივლისს ოფიციალურად დადასტურდა. ტრანსფერის შესახებ "რეალმა" და "გალათასარაიმ" გვამცნეს.
ამრიგად, 29 წლის ჰამითმა "რეალში" მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და უმეტესად სათადარიგოთა სკამს ხეხავდა.
თურქეთის ჩემპიონის ხელმძღვანელებმა ტყუპისცალს კონტრაქტი 2016 წლამდე გაუფორმეს. ჩვენი თურქი კოლეგების ცნობით, "გალათასარაიმ" "რეალს" ჰამითის სანაცვლოდ 3.5 მილიონი ევრო გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული სეზონის
დასრულებისთანავე გაირკვა, ჰამით ალთინთოფი ჟოზე მოურინიოს გეგმებში რომ აღარ ჯდებოდა. გერმანიაში, კერძოდ კი გელზენკირხენში დაბადებულმა და გაზრდილმა თურქმა "სამეფო გუნდის" ფორმა პრიმერადივიზიონის მხოლოდ ხუთ შეხვედრაში მოირგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"