იურგენ კლოპის "ბორუსია" გერმანიას აშენებს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსია" მიუნხენის "ბაიერნის" უსერიოზულეს კონკურენტად რომ ჩამოყალიბდა, ამას ბოლო ორი სეზონის შედეგებიც მოწმობს: დორტმუნდელები ზედიზედ ორჯერ გახდნენ გერმანიის ჩემპიონები და ბოლო 16 წლის განმავლობაში "ბაიერნი" ზედიზედ ორ სეზონში უტიტულოდ პირველად დატოვეს.

ახლა კი "ბორუსია" გერმანიის "ექს-მარადმწვანე ჩემპიონს" სხვა მხრივაც ჯაბნის: "დორტმუნდი" აქცენტს ახალგაზრდა გერმანელ ფეხბურთელებზე აკეთებს და დიდია იმის შანსი, რომ ახლო მომავალში "ბაიერნს" გერმანიის ნაკრების საბაზო გუნდის სტატუსიც წაართვას.

დორტმუნდელებმა მომავალი სეზონისთვის ოთხი ახალი ფეხბურთელი გადაიბირეს - რა თქმა უნდა, ოთხივე ახალგაზრდაა და რაც ყველაზე საინტერესოა, ოთხივე გერმანელია!

გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს ევროპის ჩემპიონატზე ოთხი დორტმუნდელი ჰყავდა წაყვანილი - მატს ჰუმელსი (23 წლის), მარიო გიოტცე (20), ილქაი გიუნდოგანი (21) და მარსელ შმელცერი (24). ევრო 2012-ზე იმყოფებოდა 23 წლის მარკო როისიც, რომელიც ახლახან "გლადბახიდან" "დორტმუნდში" გადავიდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ გერმანელი ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, ევროპის ჩემპიონატზე წაყვანას სხვა ისეთი დორტმუნდელებიც იმსახურებდნენ, როგორებიც არიან კევინ გროსკროიტცი და სვენ ბენდერი, თუმცა მათ მომავალი წინ აქვთ და ცხადია, რომ ადრე თუ გვიან, სრულფასოვანი ბუნდესგუნდელები გახდებიან.

როისთან ერთად, "ბორუსიამ" ახალი სეზონისთვის კიდევ სამი გერმანელი ფეხბურთელი დაიმატა - ამათგან ორი ახალგაზრდაა და ორივეს აქვს გერმანიის ნაკრებში მოხვედრის პოტენციალი.

ვგულისხმობთ "შტუტგარტიდან" 5.5 მილიონ ევროდ შეძენილ 23 წლის თავდამსხმელ იულიან შიბერს და გერმანიის ნაკრების 19-წლამდელთა ნაკრების 18 წლის წევრ ლეონარდო ბიტენკურს, რომელიც "დორტმუნდში" "კოტბუსიდან" 3 მილიონად გაიყიდა. კიდევ ერთ ახალწვეულ ოლივერ კირხს (29 წლის, 400 000 ევროდ "კაიზერსლაუტერნიდან") ბუნდესგუნდში მოხვედრის პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ ისიც გერმანელია.

ყველაზე გერმანული კლუბი
გამოდის, რომ დღევანდელი მდგომარეობით, "დორტმუნდში" გერმანიის ეროვნული გუნდის მინიმუმ შვიდი პოტენციური წევრი თამაშობს, ზოგადად კი, "ბორუსიას" ფეხბურთელების 73.3 პროცენტი გერმანელია.

ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ BVB-ს თავკაცი იურგენ კლოპი დორტმუნდში მართლაც "ბორუსია გერმანიას" აშენებს! შედარებისთვის: "თვითაღიარებულ ბაიერნ გერმანიაში" 26 ფეხბურთელიდან მხოლოდ 15-ია გერმანელი (57.7 პროცენტი).

კითხვაზე, არის თუ არა "დორტმუნდი" ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელებისთვის "ბაიერნზე" უკეთესი მისამართი, კლოპი ასე პასუხობს: "ეს ხომ თვით მიუნხენელთა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა აღიარა თავისი პირით, როცა ილქაი გიუნდოგანზე თქვა, ეგ რომ ჩვენთან გადმოსულიყო, სკამზე დამწნილდებოდაო".

ბავარიელები ბოლო დროს მხოლოდ შემდგარ ფეხბურთელებს ყიდულობენ - ისეთებს, ვისაც შესაძლებლობები მაქსიმალურად აქვს დამტკიცებული და მათ შორის უმრავლესობა უცხოელია.

რეკორდმაისტერმა ახალი სეზონისთვის "გლადბახიდან" ბრაზილიელი დანტე (28 წლის), "ვოლფსბურგიდან" ხორვატი მარიო მანჯუკიჩი (26), "ვერდერიდან" პერუელი კლაუდიო პისარო (33), ხოლო "ბაზელიდან" შვეიცარიელი ჯერდან შაჩირი (20) გადაიბირა.

ბავარიელთა ახალწვეულთა შორის გერმანელი ჯერ მხოლოდ ორია, რომელთაგან ტალანტი მხოლოდ "კიოლნიდან" ნაყიდ 18 წლის ნიჭიერ ფეხბურთელ მიტჩელ ვაიზერს უნდა ვუწოდოთ, "ჰოფენჰაიმიდან" გადმოყვანილ მეკარე ტომ შტარკეს (31) კი კარიერის საუკეთესო წლები უკან აქვს მოტოვებული და მიუნხენში მანუელ ნოიერის დაუბლიორი უნდა იყოს.

კლოპი შიბერზე დიდ იმედებს ამყარებს
"ბაიერნმა" ხარისხიანი, ჩამოყალიბებული ფეხბურთელები იყიდა. ჩვენ ისევ რისკზე მივდივართ, ოღონდ ეს რისკი კვლავ გამართლებულია.

სხვათა შორის, მეორე გუნდისთვისაც რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელი შევიძინეთ. ჩვენი კონცეფცია ხანგრძლივ ვადაზეა გათვლილი," - აცხადებს კლოპი.

იურგენის აზრით, სულ მალე ბუნდესგუნდში მისი შეგირდები უფრო და უფრო გაბატონდებიან: "მარიო გომესი, მიროსლავ კლოზე - მერე? ვინ იქნება შემდეგი? ჩემი აზრით, იულიან შიბერი მომავალი წლებისთვის ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატია.

ჩემი აზრით, იულიანს "შტუტგარტში" სულ ტყუილად არ ენდობოდნენ. ამას მაშინ მივხვდი, როცა ჩვენთან მატჩში, რომელიც 4:4 დამთავრდა, სამი გოლი გაგვიტანა. შარშან მან "ნიურნბერგში" 7 გოლის გატანა მოახერხა და მე მჯერა, რომ ფეხბურთელი, რომელიც "ნიურნბერგში" 7 გოლს გაიტანს, "დორტმუნდში" მინიმუმ 14 გოლის გატანას მოახერხებს".

ფაქტია, კლოპი "ბორუსია დორტმუნდისგან" "ბორუსია გერმანიას" ძერწავს.

პირველი მარცხი დეკემბრის შემდეგ
რეგიონალლიგის წარმომადგენელ "მეპენთან" ძლივს მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ "დორტმუნდმა" შაბათს ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და დეკემბრის მერე (2:3 "მარსელთან", ჩემპიონთა ლიგაში) პირველი მარცხი იწვნია: კლოპის შეგირდები ბელგიის ვიცე-ჩემპიონ "ბრიუგესთან" 1:3 დამარცხდნენ.

მატჩმა დიდი აურზაურის ფონზე ჩაიარა: "ბორუსიას" ბელგიაში 50-მდე ქომაგი ჩაჰყვა, რომლებმაც "ბრიუგეს" ფანებთან იჩხუბეს.

დაპირისპირების გამო მსაჯმა მატჩი შეწყვიტა და შეხვედრა 9-წუთიანი პაუზის შემდეგ გაგრძელდა. 18 წუთის შემდეგ "ბრიუგე" ლიორ რაფაელოვისა და ჯიმ ლარსენის გოლებით 2:0-ს იგებდა. პირველი ტაიმის შუაწელს ლეონარდო ბიტენკურმა სხვაობა შეამცირა, მატჩის მიწურულს კი ვიქტორ ვასკესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1 ბელგიელთა სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ "ბორუსიას" არ ჰყავდა ის ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული