საპნის ოპერა: ხავი მარტინესი და მიუნხენის "ბაიერნი"

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნი" იოლად არასდროს ნებდება ხოლმე - განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ისეთი ფეხბურთელის გადაბირებას ეხება, რომელიც რეკორდმაისტერის ყველა ხელმძღვანელს და მწვრთნელს მოსწონს. თვეზე მეტია, რაც არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ ბავარიელებს ესპანეთის ნაკრებისა და ბილბაოს "ატლეტიკის" 23 წლის ნახევარმცველის, ხავი მარტინესის ყიდვა სურთ და მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნის" ეს სურვილი ოფიციალურადაც არაერთხელ დადასტურდა, საქმე წინ ვერ მიდის.

მიზეზი, პირველ რიგში, ის არის, რომ ბასკები ახალგაზრდა ფეხბურთელში, რომელიც ოლიმპიადაზეც იასპარეზებს, ძალიან ბევრ ფულს, 40 მილიონ ევროს ითხოვენ. რეკორდმაისტერის ბოსებს სჯერათ,
რომ "ბილბაოსთან" მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში ვაჭრობა და დაკლება შესაძლებელია, მაგრამ ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ თქვა, "ატლეტიკიდან" წასვლაზე არ ვფიქრობო.

მიუხედავად ამისა, "ბაიერნის" ხელმძღვანელები ხელის ჩაქნევას არ აპირებენ - ხავი მარტინესის გვარი მიუნხენური გრანდისთვის სასურველი ფეხბურთელების სიაში ისევ პირველ პოზიციაზე წერია.

მეტსაც გეტყვით: "კიკერის" ინფორმაციით, "ბაიერნი" მხოლოდ ხავი მარტინესზე ფიქრობს სერიოზულად, ხოლო "გეგმა ბ" მიუნხენელებს არ გააჩნიათ.

"ყველამ იცის, რომ ჯერ კიდევ გვაქვს მისი ყიდვის იმედი. ჩვენი სურვილი იმდენად დიდია, რომ არ დავნებდებით და ხავი მარტინესის ხელში ჩასაგდებად ბოლომდე ვიბრძოლებთ," - ეს რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის სიტყვებია.

კარგია, რომ მიუნხენელები არ ნებდებიან - როგორც ზემოთაც ვთქვით, მათ ყურების ჩამოყრა არ სჩვევიათ - მაგრამ უნიჭიერესი ესპანელი საყრდენი ნახევარმცველის ტრანსფერს ამ ეტაპზე სამი რამ უშლის ხელს. მოდით, ერთად განვიხილოთ, რამდენად სერიოზულია ეს წინააღმდეგობები და ერთად მივიდეთ დასკვნამდე, რამდენად რეალურია მარტინესის ტრანსფერი.

პირველი წინააღმდეგობა: ხომ თქვა, დარჩენა მინდაო?!
ხავი მარტინესს "ბილბაოსთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული და ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ბილბაოდან წასვლაზე არ ვფიქრობ, "ატლეტიკში" კონტრაქტის ამოწურვამდე დავრჩებიო.

ერთი შეხედვით, ეს სერიოზული არგუმენტი და მიზეზია საიმისოდ, რომ ბავარიელებმა ესპანელზე ფიქრი შეწყვიტონ, მაგრამ რეკორდმაისტერის თავკაც ჰაინკესს მარტინესის ეს განცხადება კატასტროფად არ მიაჩნია.

"ნუთუ არ აკვირდებით, რომელ კლუბში თამაშობს მარტინესი? საუბარია ბილბაოს "ატლეტიკზე"! ვფიქრობ, მისი ეს განცხადება სხვანაირად უნდა შეფასდეს," - ამბობს დონ იუპი.

ჰაინკესი გულისხმობს იმას, რომ ხავი მარტინესს "ბილბაოდან" წასვლა ძალიანაც რომ უნდოდეს, ამას ხმამაღლა არ იტყოდა - ბასკებს არ გაანაწყენებდა.

მეორე წინააღმდეგობა: ოლიმპიადა
მარტინესმა ოლიმპიადაზე უნდა იასპარეზოს, რაც შეიძლებოდა ხელის შემშლელი ფაქტორი ყოფილიყო, რადგან ოლიმპიური თამაშები 11 აგვისტოს მთავრდება, ბავარიელებს კი არ უყვართ, როცა მათი ფეხბურთელები ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებაში სრულფასოვნად არ მონაწილეობენ ხოლმე.

ამ საკითხზე კომენტარი რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა გააკეთა - მან თქვა, რომ მარტინესის ლონდონში გამგზავრება პრობლემად არ მიაჩნია, რადგან "ბაიერნს" ესპანელთან მიმართებაში აქცენტი ხანგრძლივ გათვლაზე აქვს გაკეთებული და სულაც არაა აუცილებელი, რომ მარტინესი გუნდს ახლავე შეუერთდეს.

მესამე წინააღმდეგობა: ფასი
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბილბაოელთა მიერ მოთხოვნილი 40 მილიონი ევრო ტრანსფერის ყველაზე სერიოზული წინააღმდეგობაა. სწორედ ამაზე საუბრობს ჰაინკესიც: "მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბასკები 40 მილიონ ევროს ითხოვენ, ჩვენ კი ამდენის გადახდას ნაღდად არ ვაპირებთ".

ამას წინათ ზამერმაც თქვა, 40 მილიონი ზღაპრული თანხაა, რასაც "ბილბაოს" არცერთი გრანდი არ გადაუხდისო. სხვათა შორის, ზამერმა ისიც თქვა, ჩვენს ბილბაოელ კოლეგებს კიდევ ერთხელ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევეხმიანებით, თუ ვაჭრობაზე დაგვთანხმდებიანო.

შესაბამისად, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ახლა არც "ბაიერნი" ჩქარობს და არც "ბილბაო". მიუნხენელები აჩქარებას არც აპირებენ, მეტიც: "კიკერი" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიუნხენური კლუბის შეფებს სათადარიგო გეგმა არ აქვთ და სერიოზულად მხოლოდ მარტინესზე ფიქრობენო.

გერმანულ პრესაში, "ბაიერნთან" მიმართებაში, სხვა ცნობილი საყრდენი ნახევარმცველების გვარებმაც გაიჟღერა (მარკიზიო, დე როსი, მ'ვილა), მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, რეკორდმაისტერის ბოსები ჯერჯერობით სერიოზულად სხვა არცერთ ვარიანტზე არ ფიქრობენ.

თანაც, "ბაიერნს" ბასტიან შვაინშტაიგერის, ტონი კროოსის, ლუის გუსტავოს, ანატოლი ტომოშჩუკისა და ახალგაზრდა ემრე ჩანის სახით საკმაოდ კარგი ცენტრალური ნახევარმცველები ჰყავს.

"არა მგონია, რომ ნახევარდაცვის ცენტრში გვიჭირდეს. უბრალოდ, ხავი მარტინესი იმდენად კარგი ფეხბურთელია, რომ მისი გადმობირების შანსს ხელიდან არ გავუშვებდით," - ამბობს ზამერი.

ჩვენ კი გვგონია, რომ ხავი მარტინესისა და "ბაიერნის" ფლირტზე კიდევ არაერთხელ მოგვიწევს წერა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული