მისი გადაბირებით არაერთი კლუბია დაინტერესებული, ოფიციალურ მოლაპარაკებამდე კი საქმე არ მისულა.
შესაძლოა, იმიტომ, რომ ლევანდოვსკი გახანგრძლივებულ შვებულებაში იყო და საქმისთვის არ ეცალა. ახლა კი შვებულება დაუმთავრდა და 17 ივლისს "ბორუსიას" შეუერთდა.
დორტმუნდელებს პოლონელი, რა თქმა უნდა, არ ეთმობათ და არც თვითონ ფეხბურთელი აცხადებს გადაჭრით, რომ "დორტმუნდიდან" წასვლა უნდა, მაგრამ არც იმას ამბობს, აუცილებლად BVB-ში დავრჩებიო. უფრო მეტიც: პოლონელმა ინგლისურ კლუბებს აუშალა საღერღელი.
პოლონელ გოლეადორს
"პრემიერლიგაში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი, ინგლისის ჩემპიონატი ბავშვობიდან ძალიან მომწონს. იმედი მაქვს, რომ ოდესმე პრემიერლიგაში თამაშის საშუალება მომეცემა," - უთხრა ლევანდოვსკიმ ჩვენს პოლონელ კოლეგებს და ეს განცხადება ნამდვილად არ ჰგავს "დორტმუნდისთვის" ერთგულების გამოცხადებას.
მაშ ასე: ლევანდოვსკი ინგლისში თამაშზე ოცნებობს! საინტერესოა, რას ფიქრობენ "დორტმუნდის" ხელმძღვანელები: "რობერტ ლევანდოვსკის რეალობა "დორტმუნდია" და წესით, ოცნებაც "დორტმუნდი" უნდა იყოს, რადგან რობერტი აქ თავს შესანიშნავად გრძნობს. ჩვენ მის ნათქვამს პროფესიონალურად უნდა მივუდგეთ. ცხადია, აქვს იმის უფლება, რომ პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობდეს, მაგრამ ჩვენ მის გასხვისებას არ ვაპირებთ," - აცხადებს "ბორუსიას" მენეჯერი მიხაელ ცორკი.
თუმცა მაინც არაა გამორიცხული, რომ ლევანდოვსკიმ გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი ახლავე დატოვოს, რადგან "ბორუსიასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას ჯერ არ აპირებს - ყოველ შემთხვევაში, ცორკისთვის შეთავაზებაზე არც "ჰო" უთქვამს და არც "არა". შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის ფასი დაახლოებით 20 მილიონი ევროა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"